ხელოვნება

რატი რატიანის “შიშველი მეფე”

8 აგვისტო, 2011 • • 3183
რატი რატიანის “შიშველი მეფე”
„ჩემი სახელია ნინო სურამელაშვილი, რომელიც დაბადებიდან არ მომწონს“ – მისი თხრობის მანერა არ არის მსუბუქი. მის პროზაზე საუბრისას აღნიშნავენ აზრის გამოხატვის სიმკვეთრეს, რომელიც არ არის გამიზნულად ეპატაჟური, მაგრამ შეუძლია გაოგნება გამოიწვიოს. 
გაოგნება არ გამოუხატავთ სტუდენტებს, რომლებიც ილიას უნივერსიტეტში კრებულის „შიშველი მეფე“ ავტორთან, რატი რატიანთან (იგივე ნინო სურამელაშვილი) სასაუბროდ და მისი ნაწარმოებების მოსასმენად შეიკრიბნენ. 
„შიშველი მეფე“ ახალგაზრდა ავტორის პირველი წიგნია. ის შარშან, წლის მიწურულს სერიაში „ლოგოტიპი“ გამომცემლობა „ლოგოს პრესმა“ დაბეჭდა. „ლოგოტიპი“ „ლოგოს პრესის“ ახალი სერიაა, რომელიც მხოლოდ თანამედროვე ქართველი მწერლების ლიტერატურულ ნაწარმოებების გამოცემას აპირებს და თანაც სპონსორების შუამდგომლობით. ვილნიუსის წიგნის ბაზრობაზე ამ წიგნით და ირაკლი ჩარკვიანის რომანით „მშვიდი ცურვა“ ლიტვური გამომცემლობაც დაინტერესდა. ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე თარგმანისთვის ფინანსებს მოიპოვებს, „შიშველ მეფეს“ ლიტვაშიც წაიკითხავენ.  
 
რატი რატიანის წიგნი დოკუმენტური პროზის მინჯაზე იმყოფება. თემატური თვალსაზრისით მოთხრობებს ურბანულ ლიტერატურას მიაკუთვნებენ. თუმცა, ავტორი მისი შემოქმედების ჟანრობრივ დიფერენციაციაზე არ ზრუნავს. ის უფრო კითხვის პროცესში მკითხველის და ავტორის ურთიერთდამოკიდებულებაზე ფიქრობს და ავტორისა და მკითხველის რაოდენობის ურთიერთოპროპორციულობაზე საუბრობს. 
წიგნი შვიდ მოთხრობას აერთიანებს. ყველა მათგანი საკმაოდ მოზრდილია. რაც მოთხრობების სტრუქტურულ წყობასთან ერთად საგრძნობს ხდის ავტორის პოტენციალს სხვა ლიტერატურულ ჟანრშიც სცადოს ბედი, კერძოდ კი რომანში. რატი რატიანი დინჯად ყვება ურბანულ სივრცეებში და სხვა ადამიანების ცხოვრებაში მოხეტიალე პერსონაჟების ისტორიებს. მასთან მოქმედების განვითარების ფიზიკურ ადგილებსაც საკუთარი ფიზიონომია და ხასიათი აქვთ. 
შეიძლება მკითხველი, რომელიც მწერალს ისტორიის განვითარების ხვეულებში თავის დაკარგვას სთხოვს, რატი რატიანის მოთხრობებით არ აღფრთოვანდეს. მაგრამ ის უთუოდ იგრძნობს ავტორის უნარს ადვილად საცნობი რეალობის მხატვრული ატმოსფერო შექმნას და დროგამოშვებით უკიდურესად ემოციური ინტენსივობით დატვირთოს იგი.  
„შიშველ მეფეში“ ვერ იპოვით ლამაზ წინადადებებს, ნაზი ფანტელების ქროლვით გამოწვეულ ტკბობას ან სხვა ფსევდოპოეტურ წიაღსვლებს, რითიც მწერლობაზე პრეტენზიის მქონე ქართველი ახალგაზრდები ძალიან ხშირად სცოდავენ. აქ არც კარგების და კეთილების გამიზნული გინებაა, ნაწარმოებისთვის ვითომდა რეალისტურობის ელფერის შესაძენად. 
„ყოველთვის მაწუხებდა ის ამბავი, რომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვწერ ყველაფერს. ეს რაღაც დოზით ფანტაზიის ნაკლებობაა. მინდა, რომ ამბები მოვიგონო. მაგრამ უცნაურია, რომ რეალობა გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე გამონაგონი“ – ამბობს რატი რატიანი. მისი ძლიერი მხარე სწორედ რეალობის ინტერპრეტაციაა და არა იმ მითთან ჭიდილი, რომლის მიხედვითაც მწერლობა მეზღაპრეობა, ამბების ხლართვაა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი