ხელოვნება

ახალგაზრდა ქართველი კარმენი მსოფლიოს და ქართულ სცენებზე

15 თებერვალი, 2010 • 1682
ახალგაზრდა ქართველი კარმენი მსოფლიოს და ქართულ სცენებზე

ანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი

25 წლის ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი გასული წლის 7 დეკემბერს, ლა სკალას სეზონის გახსნაზე წარმატებული დებიუტის შემდეგ (მთავარი პარტია ბიზეს „კარმენში“, დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი)  ერთბაშად მოექცა საოპერო სამყაროს ყურადღების ცეტრში. იანვრის ბოლოს მან უკვე იმღერა ფენენას პარტია ჯუზეპე ვერდის „ნაბუკოში“  (პალერმო, ტეატრო მასიმო), რომელსაც იტალიური პრესა აღფრთოვანებით შეხვდა. იტალიელი კრიტიკოსების შეფასებით, აბიგაილის პარტიის შემსრულებელის, ამარილი ნიცას და ანიტა რაჭველიშვილის (ფენენა) შესრულებამ სრულიად დაჩაგრა წარმოდგენაში მონაწილე მომღერალი მამაკაცები.

17 თებერვალს კი რაჭველიშვილის დებიუტი შედგება კანადაში, სადაც  Canadian Opera Company–ის მოწვევით ისევ კარმენის პარტიას შეასრულებს ტორონტოში. კანადური პრესა ამ დებიუტს მოუთმენლად ელის, ოთხივე სპექტაკლზე ბილეთები უკვე მთლიანად გაყიდულია.

ანიტას საკონცერტო გეგმაში შედის ქართველი მსმენელისთვის ფრიად სასიამოვნო ინფორმაცია: 10 მარტს გაიმართება მისი სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. კონცერტი მისი პედაგოგის, მანანა ეგაძის ხსოვნას მიეძღვნება. ამას გარდა, მაისში ასევე იგეგმება „კარმენი“ ანიტას მონაწილეობით ბათუმში.

სხვა უახლოესი გეგმები კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გამოსვლას მოიცავს: შემოდგომაზე ბერლინის შტაატსოპერაში „კარმენი“, ვალენსიაში ოლგას პარტია ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“, და კვლავ „კარმენი“ ისევ მილანის ლა სკალაში, ამჯერად გუსტავო დუდამელის დირიჟორობით.  მომავალი წელს კი ანიტა ამსტერდამში შეასრულებს დალილას პარტიას სენ–სანსის ოპერაში „სამსონი და დალილა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი