ნეტგაზეთი | ბერლინალე. დღე 2 – აჩრდილების დილა ბერლინალე. დღე 2 – აჩრდილების დილა – Netgazeti
RU | GE  

ბერლინალე. დღე 2 – აჩრდილების დილა

ფესტივალის საკონსურსო პროგრამის მეორე დღე „ყმუილით“ დაიწყო, ბობ ეფშტეინის და ჯეფრი ფრიდმანის ფილმით, რომელიც ამერიკელი პოეტის, ალენ გინსბერგის პოემის, „ყმუილის“ შექმნისა და მის გარშემო ატეხილი სკანდალის ისტორიას მოგვითხრობს. ამერიკული ფილმის შემდეგ კი ამერიკიდან გამოქცეული პოლონელის, რომან პოლანსკის ბოლო ნამუშვარი აჩვენეს, რომელიც რეჟისორმა ციხიდან დასრულა. „უჩინარი მწერლის“ პრემიერას თავად ავტორი  ვერ დაესწრო. ის შვეიცარიაში, შინაპატიმრობაში იმყოფება. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნის ფილმი, სადაც 50-იან წლებში საზოგადოება ხელოვნების ნაწარმოებებს მკაცრი მორალური ცენზურის ქვეშ ატარებდა და  რომლიდანაც თავის დროზე (1978) პოლანსკი გამოიქცა, ერთმანეთის მიყოლებით უჩვენეს.

ფესტივალის საკონსურსო პროგრამის მეორე დღე „ყმუილით“ დაიწყო, ბობ ეფშტეინის და ჯეფრი ფრიდმანის ფილმით, რომელიც ამერიკელი პოეტის, ალენ გინსბერგის პოემის, „ყმუილის“ შექმნისა და მის გარშემო ატეხილი სკანდალის ისტორიას მოგვითხრობს. ამერიკული ფილმის შემდეგ კი ამერიკიდან გამოქცეული პოლონელის, რომან პოლანსკის ბოლო ნამუშვარი აჩვენეს, რომელიც რეჟისორმა ციხიდან დასრულა. „უჩინარი მწერლის“ პრემიერას თავად ავტორი  ვერ დაესწრო. ის შვეიცარიაში, შინაპატიმრობაში იმყოფება. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნის ფილმი, სადაც 50-იან წლებში საზოგადოება ხელოვნების ნაწარმოებებს მკაცრი მორალური ცენზურის ქვეშ ატარებდა და  რომლიდანაც თავის დროზე (1978) პოლანსკი გამოიქცა, ერთმანეთის მიყოლებით უჩვენეს.

კადრი ფიმიდან
კადრი ფიმიდან

ალენ გინსბერგმა თავისი პირველი ცნობილი ნაწარმოები „ყმუილი“ 1959 წელს დაწერა და იმავე წელს გამოაქვეყნა. კონსერვატორი ამერიკელები ნაწარმოებს კრიტიკულად შეხვდნენ, მაშინ როდესაც ბიტ თაობის წარმომადგენლებს შორის გინსბერგი პოემამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად აქცია. ფილმი პოემის სასამართლო პროცესს უტრიალებს, სადაც გინსბერგის ნაწარმოების საქმე განზოგადებულად განიხილება, როგორც სიტყვისა და თვითგამოხატვის თავისუფლების საკითხი.
გინსბერგს ჯეიმს ფრანკო ასრულებს. თვალშისაცემია პროტოტიპთან მისი არა გარეგნული მსგავსება და ან კარგი სამსახიობო შესრულება, არამედ პირველ რიგში საუბრის მანერა, რომელიც ალენ გინსბერგისას საოცრად გავს. ჯეიმს ფრანკო ლექსებს ავტორივით კითხულობს, მაგრამ მსახიობის კარგი მეცადიონეობით მიღებული შთაბეჭდილება მაყურებელს შეიძლება ანიმაციამ გაუფანტოს, რომელიც პოემის შინაარსს ძალიან სწორხაზოვნად მიყვება. გარდა იმისა, რომ ჩანართები ტექსტის ვულგარული ილუსტრაციაა, ცალკე ანიმაციურ ნაწარმოებად აღებულიც სუსტია და „გრძნობების რიტმულ არტიკულაციას“, რასაც ალენ გინსბერგი პოეზიას ეძახის, საერთოდ არ შეიცავს.
 
მულტიპლკაციური პერსონაჟები, შავ-თეთრი და ფერადი ჩანართებით ფილმს ვიზუალურად აჭრელებს, თუმცა მხატვრული თვალსაზრისით არ ამრავალფეროვნებს. გარდა ლექსების ნარაციის ფონად გამოყენებული ანიმაციური ჩანართებისა, ფილმის ერთ-ერთი მთავარი შინაარსობრივი სეგმენტი გინსბერგის ცხოვრების ადრეული წლებია, როდესაც პოეტისთვის სექსუალური იდენტიფიცირების საკითხი ძალიან მწვავე იყო. ფილმში ის ადამიანები ჩანან, ვინც გინსბერგს უყვარდა ან ვის მიმართ სიყვარულიც მხოლოდ მის ლექსებში რეალიზდებოდა: ჯეკ კერუაკი (ტოდ როტონდი), პიტერ ორლოვსკი (აარონ ტვეიტი).
ისევე როგორც გინსბერგის პოემა, არც ფილმი შექმნილა ჰომოსექსუალობის პოპულარიზაციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პარალელის გავლებისკენ მაყურებელს შეიძლება ამავე რეჟისორების მიერ 1995 წელს გადაღებულმა დოკუმენტურმა ნამუშევარმა („ცელულოიდის კარადა“) უბიძგოს.

ჟიურიში ფილმის პოტენციური მხადამჭერი შეიძლება რენე ზელვეგერი იყოს, რომელმაც დღეს დილით ჟიურის ყველა წევრს და ბევრ ჟურნალისტს დაასწრო ფილმის ჩვენებაზე მისვლა. მართალია, დილის სეანსი ძალიან ადრე იწყება (8:30), თუმცა არ მგონია ეს ერთადერთი მიზეზი ყოფილიყო იმისა, რომ „ყმუილზე“ კინოკრიტიკოსებმა ცოტათი იზარმაცეს და დარბაზში საკმაოდ ბევრი ცარიელი ადგილი დატოვეს.

სამაგიეროდ, ადგილები მომდევნო ფილმზე, რომან პოლანსკის „უჩინარ მწერალზე“ აღარ დარჩა. ეს ფილმის საპრემიერო ჩვენება იყო და ყველას უნდოდა გამხდარიყო პოლანსკის საკონკურსო პროგრმაში ჩართვის პოლიტიკური აქტის თანამონაწილე. მსოფლიო კინოს ისტორიაში პოლანსკი პირველი რეჟისორი არაა, რომელიც ფილმზე მუშაობას პატიმრობაში ასრულებს (გავისხენოთ თუნდაც ქურთი კინორეჟისორი ილმას გიუნეი).

სასამართლო გარჩვებში და პოლიტიკურ გაწამაწიაში მყოფი პოლანსკი იუმორის განწყობას არ კარგავს. „უჩინარი აჩრდილი“ გარკვეულწილად შაყირია ჟანრული კინოს ტრადიციებზე. საფრანგეთის მოქალაქე პოლონელი აგენტების კინოს, ფილმ ნუარის, და საგამოძიებო-დეტექტიური კინოს კოქტეილში დიდი ოსტატობით ცურავს. სხვადასხვა ეროვნების კინოკრიტიკოსების ჯგუფებისგან დაკომპლექტებული პარტერის ხან ერთ ფრთაში გაჩნდებოდა ჩოჩქოლი და ქირქილი, ხანაც მეორეში. მთლიანობაში კი ჟანრებით თამაშმა მთელი დარბაზი გაახალისა. რობერტ ჰარისის რომანის, „აჩრდილის“ ეკრანიზაცია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის (პირს ბროსნანი) ავტობიოგრაფიის დასაწერად აყვანილი მწერლის (ევან მაკგრეგორი) წიგნზე მუშაობის პროცესზე გვიამბობს. როგორც საგამოძიებო ფილმებში ხდება, სიუჟეტი სულ უფრო იხლართება და ჩიხისკენ მიყავს მთავარი პერსონაჟი. მუშაობის დროს ის დეტექტივის უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს და ნათელს მოჰფენს სიტუაციას, რომელსაც იგი საბედისწერო შედეგამდე მიჰყავს. „უჩინარ მწერალში“ ფილმ ნუარისთვის დამახასიათებელ ფატალურ ქალსაც იპოვით: ულამაზესი ოლივია უილიამსი პრემიერ-მინისტრის ცოლის როლს შესანიშნავად ასრულებს და ფატალური ქალის სქემასაც თავით ფეხებამდე ერგება.

რეჟისორი ჟანრის უტრირებას აუცილებელი ფაბულარული და ვიზუალური (ახლო ხედით გადაღებული შაბლონები – სპიდომეტრის შკალა გაქროლებულ მანქანაში, ღამის შუქზე განათებული და ქარში მოძრავი ტრაფარეტები დუქნის წარწერებით და ა.შ.) კომპონენტების სრულყოფილად დაცვის და ხაზგასმის ხარჯზე ეწევა. მაყურებლის აცეტება სწორედ ამ უტრირებით ხდება. რეჟისორი თან შაყირობს და თან არც ცინიკურ გამოხტომებს ერიდება. ცინიკურია ფილმის მკვეთრი და ძალიან ეფექტური ფინალიც, რომელმაც ტრაგიკული შინაარსის მიუხედავად მაყურებელი საბოლოოდ დააყენა ხითხითის ხასიათზე. პოლანსკი ხუმრობს ფილმის გმირებზე, ჟანრზე, შავ-ბნელ საქმეებში გახლართულ პოლიტიკოსებზე და მათ ცოლებზე, ხუმრობს მაყურებელზე, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ ტრაგედიაზე იცინის და სხვასაც უბიძგებს გაიცინოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა, ბერლინი