კინოხელოვნება

ავატარი

10 თებერვალი, 2010 • 2963
ავატარი

21 იანვრიდან თბილისის ეკრანებზე ჯეიმს კამერონის ახალი ფილმი „ავატარი“ გადის. სეანსებზე ანშლაგია. კინოთეატრ „ამირანის“ სალაროს თანამშრომელი ამბობს, რომ მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით შემთხვევა უპრეცედენტოა.
გუშინ საღამოს ჩვენებამდე 5 წუთით ადრე გასაყიდად 7 ბილეთი იყო დარჩენილი.

რიგში მდგომი ახალგაზრდა ქალბატონი: „რეზონანსი იმდენად დიდია, რომ დავინტერესდი და ბილეთი დღეს თუ ვერ ვიშოვეთ, ხვალაც ჩავდგები რიგში“. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებლის დასწრებას თუ არ ვიგულისხმებთ, ასეთი რამე ქართულ კინოთეატრებში მართლაც არ ხდება. თუმცა, „ავატარმა“ 2009 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში მიაჯაჭვა მაყურებელი ეკრანებს და სალაროს შემოსავლით კამერონის 1997 წელს გადაღებულ რეკორდსმენ „ტიტანიკსაც“ გაუსწრო.

მაინც რა გახდა კამერონის ახალი ნამუშევრის ამხელა წარმატების მიზეზი? მხოლოდ ვიზუალური ეფექტები, რაზეც 1180 ადამიანმა იმუშავა? რეჟისორი ფილმის გადაღებაზე რამდენიმე წელიწადი ფიქრობდა და ჩანაფიქრის განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიების მოლოდინში იყო. გამოსახულება მართლაც ფანტასტიურია – არა მხოლოდ ჟანრობრივი დეფინიციით. ანიმაციის ხელოვნება უკიდურესად დახვეწილია. გრაფიკის ნიუანსირება ძალიან ზუსტი და გულმოდგინეა. არც ერთი დეტალი არ არის უყურადღებოდ დატოვებული – ისიც კი, რომელიც წამის ნახევარს იკავებს და ცალკე აღებული, თვალისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. თუკი უმაღლეს ნიშნულად პიქსარის რევოლუციურ „აფს“ ავიღებთ, მასთან შედარებით ვიზუალური მხარე, მოძრაობების ჩათვლით, ცოტათი ტლანქია, დრამატურგია ნაკლებად ღრმა, პერსონაჟების სახასიათო პორტრეტები შედარებით უხეშად გამოთლილი. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრისით „ავატარს“ თავისი უპირატესობები აქვს. გრაფიკოსები შეეცადნენ უარი ეთქვათ ბრტყელ სახეებზე, მოეშველებინათ მსახიობის თვალების აქცენტირების ტრადიციული კინემატოგრაფიული ხერხი და რელიეფურობის შესაქმნელად წერტილოვანი ამონათებებით დაეფარათ ნავის ხალხის სახეები.

 

„ავატარი“ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმია და მოქმედება 2154 წელს ხდება. პლანეტა პანდორაზე განთავსებული ექსპედიცია დაქირავებული სამხედროებისა და მეცნიერთა ჯგუფისგან შედგება. მათ სხვადასხვა მიზანი ამოძრავებთ. ძალიან ძვირადღირებლი მინერალის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ბიზნესმენები პლანეტის ადგილობრივ მოსახლეობას ავიწროვებენ და მათ არსებობას საფრთხეს უქმნიან. მეცნიერები თავის მხრივ აბორიგენებთან დაახლოებას მათი კულტურის გაცნობის მიზნით ცდილობენ. ფილმში სამეცნიერო ინტელექტის ბოროტად გამოყენების, კულტურული ძალადობის, ჰეროიკის ნოსტალგიის, ათასის წინააღმდეგ ამხედრებული ერთი გმირის, ბოროტის დასაძლევად ერთ მუჭად შეკვრის აუცილებლობის, უცხო კულტურებიდან წამოსული ადამიანების სასიყვარულო ისტორიის, სამოქალაქო ღალატის და მორალური ერთგულების თემები ერთმანეთს კვეთს. ეს ყველაფერი, ისევე როგორც თემების გაშლის გზა ისეთია, როგორიც სხვა ათას ფილმში გინახავთ, მაგრამ თემატურად არის კიდევ რაღაც, რაც კამერონის ფილმს ეშელონად გამწკრივებულ ნამუშევრებს შორის განსაკუთრებულ ნიშას აძლევს. ეს ფილმის პოლიტიკა, გნებავთ პოლიტიკურობაა. კინოკრიტიკოსების კონსერვატიულმა ფრთამ ფილმს ანტიამერიკულობა დააბრალა. იანვარში, ერთ-ერთ ჩვენებაზე მემარჯვენე კრიტიკოსებს კამერონმა უპასუხა, რომ როგორც ხელოვანმა, საჭიროება იგრძნო რაიმე ეთქვა იმის შესახებ, რაც მის გარშემო დაინახა. თუმცა, ფილმის ანტიამერიკული განწყობა უარყო.

„ავატარში“ ძვირფასი მინერალის მოპოვების მისიას ყოფილი სამხედროები ასრულებენ. მათში მაყურებელი ადვილად ამოიცნობს ალეგორიას ამერიკულ არმიაზე. კუთხე, რომლითაც რეჟისორი ამერიკის სამხედროებს აშარჟებს ძალიან მკაფიო და ცალსახაა: ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი მოლაპარაკებები ცარიელი წყლის ნაყვაა, აბორიგენების კულტურა კი მათთვის იქამდეა საინტერესო, სანამდეც ადამიანების გავლენის ქვეშ მოქცევას, დამორჩილებას შეუწყობს ხელს.
 
ავატარი სუროგატ ნავის ანუ პანდორას ადგილობრივ მოსახლეს წარმოადგენს. სიგურნი უივერის ხელმძღვანელობით მეცნიერებმა ავატარები იმისთვის შექმნეს, რომ ადამიანებმა საკუთარი ფსიქიკით უცხო პლანეტაზე მცხოვრები აბორიგენის სხეულები მართონ. თითო ადამიანს თითო ავატარი ჰყავს. ერთ-ერთია სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯეკ სული (სემ ვორთინგტონი), რომელსაც ავატარის ლურჯ სხეულში ყოფნის და ნავის ხალხის გულის მოგების მზაკვრული გეგმის განხორციელების პროცესში აბორიგენი გოგონა (ცოი სალდანა) შეუყვარდება. ის უფრო შორს მიდის და ნავის სასარგებლოდ მეგობარი დედამიწელების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე შემოსავლიანი ბლოკბასტერის ფინალური მესიჯი მემარჯვენეების აღელვების არც თუ ისე უმნიშვნელო მიზეზს იძლევა. ადამიანი უარს ამბობს ადამიანად ყოფნაზე და ახალ კულტურაში შედის, როგორც მისი სრულფასოვანი წევრი. ჯეკ სულის არ უნდა იყოს თანამონაწილე  ბოროტებისა, რომელიც დედამიწის ხალხს სხვა კულტურისთვის მოაქვს; ის გადაწყვეტს ნავის ხალხის მეხსიერების ნაწილი გახდეს – შეუერთდეს წმინდა ღვთაება ეივას – ხალხის წარსულისა და აწმყოს, ცოცხლებისა და გარდაცვლილების კოლექტიურ და ყველა ნავისთვის ხელმისაწვდომ მეხსიერებას, შეიძინოს სიცოცხლის რწმენის განსაკუთრებული უნარი, რომელიც გრაფისკოსებმა პანდორას მაცხოვრებლების ჟესტიკულაციასა და ვიზუალურ მანერებშიც ჩადეს. ერთ-ერთ ინტერვიუში თავად რეჟისორიც აცხადებს, რომ „ავატარი“ არ არის მხოლოდ სასიყვარულო ისტორია ან ფილმი უცხო რასასთან პირველი კავშირის შესახებ. სინამდვილეში ეს ასიმილაციის ამბავია, ჯეკი ერთ-ერთი მათგანი ხდება და იმ ადამიანების თვალთახედვით იწყებს ყურებას, რომლებიც მისგან კულტურულად განსხვავდებიან“.

რეკლამირებაზე წარმოების ბიუჯეტის ნახევარი ოდენობის თანხა დაიხარჯა, რაც ფილმის პოპულარობის საფუძვლიანი გარანტია უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამდენი მაყურებლის მოპოვება მაინც შეუძლებელი იქნებოდა მარტო მარკეტინგული სვლებისა და ეფექტური ვიზუალური სანახაობის შეთავაზებით. რათქმაუნდა „ავატარის“ პოპულარობას მარტივმა ნარატივმა შეუწყო ხელი და მაყურებლის ემოციურ შეგრძნებებზე თამაშმაც. მაგრამ ამ მხრივ ალბათ ყველაზე გადამწყვეტი რეჟისორის წინასწარი გათვლა იყო, რომელიც ფართე აუდიტორიაზე ორიენტირდებოდა და არამარტო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრზე შეყვარებულ მაყურებელზე. „ამ ფილმის შემქნის მთელი ჩვენი მიზანი იყო სხვა სამყაროში წაგვეყვანეთ, გვინდოდა თქვენთვის დაგვევიწყებინა, რომ კინოში ზიხართ და სათვალეს ატარებთ. ჩვენი სურვილი იყო გქონოდათ სხეულიდან გასვლის და ტრანსფორმირების განცდა. მსგავს მომენტებს ფილმებში დროდადრო აწყდებით, მაგრამ ფილმების უმეტესობა ამ მხრივ არ მუშაობს“…
 
როცა სხეულიდან გასვლას, მის დატოვებას ახსენებს, კამერონი ფაქტობრივად ექსტაზის თეორიაზე გველაპარაკება – ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის შესახებ. ფილმის დასასრულს ამ ცნების პირდაპირი, ვიზუალური ხორცშესხმა ხდება, რომელიც ძალიან, მაგრამ არა იმდენად ეფექტურია, რამდენადაც ცნებით იდეოლოგიური თამაში. ფაქტია, რომ კამერონის ახალი ავანტიურა – თვისობრივად განსხვავებულ კულტურასთან შერწყმის იდეით მაყურებლის ცდუნება – დარბაზებში მასობრივად აიტაცეს, სამგანზობილებიანი გამოსახულების დახმარებით თავით ფეხებამდე ჩაეშვნენ კინოს ატმოსფეროში და დაიჯერეს, რომ ფრენა შესაძლებელია თუკი ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი