ხელოვნება

ზვიად რატიანის ახალი პოეტური კრებული

1 თებერვალი, 2010 • • 2032
ზვიად რატიანის ახალი პოეტური კრებული
ლიტერატურული კაფე ”ქარავანი” გამომცემლობა დიოგენესთან ერთად დღეს, 1 თებერვალს საღამოს 7 საათზე ზვიად რატიანის ლექსების ახალი კრებულის პრეზენტაციას უმასპინძლებს. 
პოეტურ კრებულში სახელწოდებით ”ნეგატივი” ოთხი წიგნია გაერთიანებულ: ორი აქამდე გამოცემული – ”გზები და დღეები”, ”ჯიბის ჰაერი” და ორიც ჯერ დაუბეჭდავი: ”ბოლოსწინა ლექსები”, ”ღია და ფარული მიძღვნები”. 
”ნეგატივი” ზვიად რატიანის რჩეულ ლექსებს გააერთიანებს. თუმცა, პოეტს ეს სიტყვა არ უყვარს, ისევე როგორც არ უყვარს საკუთარი წიგნის პრეზენტაციები, რადიოში ლექსების კითხვა, ძველი კრებულები და ძალიან ბედნიერი იქნებოდა პირველი ორი წიგნი საერთოდ რომ არ გამოეცა (”გამომიგონე” და ”ჩურჩულის გაკვეთილი”). რამდენიმე თვის წინ რადიო ”ფორტუნასთვის” მიცემულ ინტერვიუში ზვიად რატიანი ამბობს ”ჩვენ ხომ გვეჩვენება, რომ ახალი იდეები და სათქმელი გვაწუხებს. ახლაც მაქვს ილუზია, რომ როცა გამოვცემ გადავდებ იმას, რაც აქამდე იყო. მერე რაღაც აბსოლუტურად სხვა მინდა გავაკეთო. თუმცა, ვიცი რომ მერეც იგივე გამოვა ან თუ შეიცვლება, ნელ-ნელა და შეუმჩნევლად”. 
პოეტი მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწევა. ნათარგმნი აქვს რაინერ მარია რილკეს, თომას სთერნზ ელიოტის, პაულ ცელანის და სხვა პოეტების ლექსები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი