კინოხელოვნება

არ გაძალებ, უბრალოდ, გთხოვ…

27 იანვარი, 2010 • • 1961
არ გაძალებ, უბრალოდ, გთხოვ…
2009 წელს სალომე ჯაშმა მუშაობა დაასრულა ფილმზე „ლიდერი ყოველთვის მართალია“. ის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორია, თუმცა არც ერთ მის ნამუშევარს არ ჰქონია ისეთი დიდი გამოხმაურება, როგორიც უკანასკნელს.
„ლიდერი ყოველთვის მართალია“ ვარციხის პატრიოტთა ბანაკშია გადაღებული და ბანაკის პატრიოტული სწავლების თემას ეხება. ფილმი თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა პროექტის ფარგლებში: „1989-2009: ჟამთა ცვლა საქართველოსა და გერმანიაში“ და პირველი ჩვენებაც ნოემბერში სწორედ გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა. ჩვენებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ჯერ გოეთეს ინსტიტუტის დარბაზში, ხოლო შემდეგ ინტერნეტსივრცეში. დეკემბერში ამავე საკითხზე საჯარო დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მოეწყო, სათაურით  ”პატრიოტიზმი: ინდივიდუალური განცდიდან სახელმწიფო პოლიტიკამდე”. მომხსენებლები ლაშა ბუღაძე, სალომე ჯაში და გიორგი გაბაშვილი იყვნენ. როგორც ქართველი ჟურნალისტები ამბობენ ხოლმე, თემა არ დაძველდა და მისი სატელევიზიო პრემიერა „წითელი ზონის“ ეთერში შედგა. ფეისბუქის, ბლოგებისა და ფორუმების სივრცეში ყოველ ჩვენებას თან მომხმარებლების კომენტარების ზღვა სდევდა.
 
სალომე ჯაშისთვის ორი ტიპის დოკუმენტური ფილმი არსებობს. პირველი, საიდანაც მაყურებელი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერიტილში და მეორე – საიდანაც ის ემოციას იღებს, რომელსაც საკუთარ თავთან აიგივებს. 
„მე არ ვუყურებ ფილმების წარმოებას როგორც რეალობის ასახვას. არამედ, როგორც ერთ კონკრეტულ გარემოში  ამბის გადმოცემის კუთხეს. ჩემთვის ეს კუთხეა მნიშვნელოვანი. ეს არ არის რეალობის ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია იმ შემთხვევაში იქნებოდა თუკი ყველანი ერთ რეალობაზე შევთანხმდებოდით და შემდეგ სათითაოდ მოვახდენდით ამ რეალობის ინტერპრეტირებას. თუმცა ადამიანები, მედიიდან იქნება ეს, მხატვრობიდან თუ სხვა სფეროებიდან ხშირად ცდილობენ, რომ ერთ რეალობაზე მოხდეს ჩამოყალიბება“ – ამბობს სალომე ჯაში. 
რამდენი ისეთი დოკუმენტური ფილმი გინახავთ ბოლო დროს ტელევიზიით, რომელიც სოციალურ თემატიკაზეა გადაღებული და არა საქართელოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილ ტრადიციულ რიტუალებზე ან მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე. ის, რასაც ქართული ტელეეკრანი დღეს გვაწვდის ქვეყნის შელამაზებული, აღდგენილი ისტორია, პორტრეტული ჟანრის დოკუმენტური კინო და „ჩვენებურებია“. კამერების წინ არ ისმება კითხვა – რა პრობლემები აწუხებთ ადამიანებს, რას ფიქრობენ დღევანდელ საქართველოზე. რას განიცდიან და რას ამბობენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები სხვადასხვა საკითხზე? როგორები არიან?
სატელევიზიო მედია დუმს ან როცა არ დუმს და ხალხთან მიდის სალაპარაკოდ, ამორალურ რეპორტაჟებს აკეთებს გაუპატიურებებსა და მკვლელობების სერიაზე. რეპორტაჟებს, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო გარჩევის საქმედ იქცეოდა.  ასეთ დროს დოკუმენტური კინო, რომელიც მოახდენს რეფლექსიას იმისა, თუ რას და როგორ ხედავს კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ცხადია ის ტელევიზიის ფუნქციას ვერ შეითავსებს (და ეს არამართებულიც იქნებოდა), მაგრამ როდესაც მედია პატიოსნად არ მუშაობს, ინფორმაციის გავრცელების არამასობრივი საშუალებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური ხდება.
დოკუმენტური კინოს კეთება მეხსიერების ჩაწერას გავს, მეორე მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში – ამ მეხსიერების და რეფლექსიის სხვისთვის გაზიარებას.  ასეთი ფილმი მაყურებლის დაინტერესებას ხშირად თემის გამო იწვევს. მით უფრო, თუკი თემა მედიაში ნაკლებად შუქდება. ასე იყო პატრიოტთა ბანაკების შემთხვევაშიც, საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საზაფხულო ბანკებში, ძალიან ცალმხრივი და მწირი იყო. 
პატრიოტთა ბანაკებზე ტელევიზიები ძირითადად მაშინ ამახვილებდნენ ყურადღებას, როცა რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა. მაგალითად, როცა საქართველოს პრეზიდენტი განმუხურის ბანაკიდან გენერალ ჩაბანს მუქარას უთვლიდა, როცა მოგვიანებით, აგვისტოს ომის დროს ეს ბანაკი რუსებმა დაწვეს, როცა პატრიოტებით სავსე ავტობუსი შარშან ნაქერალას უღელდეხილზე გადაიჩეხა და 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-ზე მეტი დაშავდა… ასევე დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა 2005 წელს პატრიოტთა ბანაკების შემოღებისას პრეზიდენტ სააკაშვილის ბუჩქებთან დაკავშირებულმა ხუმრობამ გამოიწვია. მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის ხუმრობა ამორალობად ჩათვალა და გააკრიტიკა. ზოგს კი პირიქით, მოეჩვენა, რომ ქვეყნის კურსი მართლაც იცვლებოდა და თანაც დასავლეთისკენ.
სამაგიეროდ, პრეზიდენტის გამოსვლის კრიტიკის დროს და არც შემდეგ, ათდღიანი დასვენების საზაფხულო პროგრამის პატრიოტული სწავლების იდეოლოგიური ნაწილი არავის გაუპროტესტებია. არადა ყოველწლიურად პატრიოტთა ბანაკებში ათასობით მოზარდი ისვენებდა. 
2005 წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით რეჟისორმა დავით იმედაშვილმა, რომელიც ახლა მხატვრულ ფილმზე „ოცნების ქალაქი“ მუშაობს, მოკლე ფილმი გადაიღო სახელწოდებით „პატრიოტი“. „პატრიოტი“ უფრო ვიდეოკლიპს გავს, თუმცა, შეგიძლიათ ეს თავად შეაფასოთ

 
ფილმი პირველი არხის ეთერსა და ინტერნეტში გავრცელდა, გარდა ამისა, „პატრიოტს“ აქტიურად აჩვენებდნენ პატრიოტთა ბანაკებში. ფილმის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ბანაკებში ჩვენება იყო. გარდა ამისა, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავჯდომარის ყოფილი მოადგილე ირაკლი ნადირაძე ამბობს, ფილმის დამკვეთებს, უნდოდათ რომ ის დარჩენილიყო ისტორიად პატრიოტთა ბანაკების შესახებ. ფილმს იყენებდნენ ლიდერთა გადამზადების სემინარების ჩატარებისას, რათა მომავალ ლიდერებს სცოდნოდათ სად აპირებდნენ მუშაობას და რას წარმოადგენდა ბანაკი. „ეს იყო კარგი სასწავლო მასალა, ვიდეო გაკვეთილი, იმისათვის, რომ ახალგაზრდებს შექმნოდათ წარმოდგენა დაახლოებით რა ხდებოდა ბანაკში“, ამბობს ნადირაძე. 
სხვა მიზანი ჰქონდა სალომე ჯაშს, როდესაც ფილმს ასევე პატრიოტთა ბანაკებზე იღებდა. „ჩემთვის საინტერესო იყო როგორია თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და როგორი სურთ უფროსებს, რომ ისინი გაიზარდონ. მართლა საინტერესოა როგორი შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს გარემო ათეული წლების შემდეგ, როდესაც ეს ახალგაზრდობა იქნება ქვეყნის და ჩვენს გარშემო გარემოს მთავარი მამოძრავებლი ძალა“.
ისევე როგორც სალომე ჯაშის ფილმში, დავით იმედაშვილის „პატრიოტშიც“მაყურებელს შესაძლებლობა აქვს დაინახოს და გაიგოს თუ როგორია იდეოლოგია, რომლითაც პატრიოტთა ბანაკები შეიქმნა. „ასე ტკბილად არასოდეს მძინებია“, „აქ კბილის პასტასაც კი სხვა გემო აქვს“, „აქ ვარჯიშიც არ მეზარება“ – გვამცნობს ეკრანსმიღმა ხმა ახალგაზრდების გაშეშებული გამოსახულების ფონზე. ვისაც საბჭოთა დროს უცხოვრია, მისთვის ალბათ ამ ხმის თავსმოხვეული ძალადობის ფარული ტონი და სიყალბე კარგად ნაცნობი იქნება. თუმცა, არც ათასობით ახალგაზრდა და არც მათი მშობლები ამ ფაქტზე არ გაბრაზებულან. პირიქით, ბანაკებს ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ყოველ წელს უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს.
2005 წლიდან მოყოლებული 2009 წლის ჩათვლით პატრიოტთა ბანაკებში დაახლოებით 100 ათასმა ახალგაზრდამ დაისვენა. დასვენებისა და სწავლების კურსში შედის შემეცნებითი თამაშები, გასართობი ღონისძიებები. ახალგაზრდებს უტარდებათ სემინარები ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ნარკომანია, ეკოლოგია… თუმცა, არის კიდევ რაღაც, რაც არ არის შენიღბული, მაგრამ ძნელად შესამჩნევია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქვეყნის ურაპატრიოტული რიტორიკისა და ისტერიულობის ფონზე იზრდებიან: 

სალომე ჯაშს ფილმის გადაღების იდეა პატრიოტთა ბანაკების შექმნის პირველს წელს გაუჩნდა. მუშაობა შარშან გაზაფხულზე შეუდგა. მოგვიანებით, აგვისტოს ომის დროს, განმუხურის პატრიოტთა ბანაკი, სადაც რეჟისორს ფილმის გადაღების წინა სამზადისი უკვე დაწყებული ჰქონდა, დაიწვა. 2009 წელს, გოეთეს ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში სალომე ჯაში ისევ პატრიოტთა ბანაკების თემას მიუბრუნდა და გადასაღებად ვარციხის ბანაკი შეარჩია. 
რეჟისორის აზრით, ადამიანების ფილმით დაინტერესება მათმა არაინფორმირებულობამ გამოიწვია, ასევე იმან, რომ დამოუკიდებელი დოკუმენტური კინოპროდუქცია საქართველოში იშვიათად კეთდება. თუმცა, თავიდან მასაც გაუკვირდა მაყურებლების რეაქცია, მათი აღშფოთება და ის რომ ისინი არ ელოდნენ იმას, რაც ნახეს. სალომე თვლის, რომ დოკუმენტური კინო სატელევიზიო ახალ ამბებს და ბეჭდურ მედიას ვერ ჩაანაცვლებს, რადგანაც ის სულ სხვა მედიუმია, მაგრამ „რა თქმა უნდა, ის არის საშუალება გაიგო ახალი, გაიგო ვინ რას ფიქრობს“.  
როდესაც სალომე ჯაშის ფილმის „ლიდერი ყოველთვის მართალია“ ჩვენება ბიოლის ფონდში გაიმართა, ზოგიერთმა მსმენელმა რეჟისორი თემასთან დაკავშირებით წინასწარგანწყობაში დაადანაშაულა. „ჩემს ფილმებშიც ცალსახა და მწირი ინფორმაციაა. ბოლოს და ბოლოს ვთქვათ, 45 წუთია 10 დღიდან. ჩემთვის დოკუმენტური ფილმის შექმნის პროცესი დაკვრივებაა და ჩემს მიერ აღქმულის გადმოცემა. ეს უფრო ემოციური პროცესია ვიდრე პრაგმატული. ჩემი მიზანი არ არის აუცილებლად რომ ამა თუ იმ ფილმმა დიდი დისკუსია გამოიწვიოს. რა თქმა უნდა და ალბათ ბანაკების შესახებ ფილმი ერთგვარი გამონაკლისი იყო, რადგან მე ვთვლი, რომ მართლაც მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი“. 
რეჟისორს უკვირს, რომ „ლიდერი ყოველთვის მართალია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა და თვლის, რომ ეს პირველი არხისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი პროექტ „წითელი ზონის“ რედაქციის დამსახურებაა. სალომე ჯაში უკვე ორი წელია მუშაობს პროექტზე, რომლის პირობითი სათაურია “რესტორანი ბახმარო და ისინი, ვინც იქ მუშაობენ”. ქართული სატელევიზიო კომპანიებისგან განსხვავებით, ფილმით რამდენიმე უცხოური ტელეარხი დაინტერესდა და უკვე წინასწარი გაყიდვებიც აქვს. ჩოხატაურის რაიონის რესტორან „ბახმაროს“ ისტორია ფრანგულ-გერმანულმა სატელევიზიო არხმა „არტე“ უკვე ჩასვა თავის საეთერო ბადეში. 
საზოგადოებრივი  მაუწყებელი არამარტო დოკუმენტური ფილმების დისტრიბუციაზე, არამედ წარმოებაზეც უნდა ზრუნავდეს. ასე ხდება ევროპის ქვეყნებში, იაპონიაში, აშშ-სა და კანადაში. დამოუკიდებელ საპროდიუსერო კომპანიებთან და რეჟისორებთან თანამშრომლობა საზოგადოებრივი არხის მნიშვნელოვანი ფუნქციაა. თუმცა, საქართველოში, მსგავსი პრაქტიკის დანერგვა, მედიების თავისუფალ რეჟიმში მუშაობის არარსებობის ფონზე, რთულად წარმოსადგენი ფაქტია. ინფორმაციის და მისი აუდიტორიისთვის მიწოდების მრავალფეროვნება, მეტი საბაბი დისკუსისთვის და მეტი სივრცე ინტერაქციისთვის ის არის, რასაც ქართული ძლევამოსილი მედია დღეს უარყოფს, რაც ერთის მხრივ ამუხრუჭებს საზოგადოების თვალსაწიერის გაფართოებას, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანებამდე განსხვავებული ხედვის წერტილის მიახლოების მოტივაციას აძლიერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი