კინოხელოვნება

ქართული ფილმები როტერდამის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

26 იანვარი, 2010 • • 2035
ქართული ფილმები როტერდამის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“, რომლის საპრემიერო ჩვენება შარშან დეკემბერში თბილისის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. 
სექციაში „ნათელი მომავალი“ (Bright Future) ჩართულია რუსუდან პირველის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სუსა“. ორი წლის წინ „სუსამ“ პროექტის განვითარებისთვის როტერდამის ფესტივალის ჰუბერტ ბალსის ფონდის გრანტი მიიღო. ამ ფილმის შექმნის პროცესს ხანგძლივი ისტორია აქვს. თავდაპირველად მისი რეჟისორი გიორგი ჩალაური უნდა ყოფილიყო, რომელიც „სუსას“ სცენარის ავტორია, თუმცა, მოგვიანებით, ჩალაური რუსუდან პირველმა შეცვალა. 
პროგრამაში SPECTRUM წარმოდგენილია საქართველოს თემაზე გადაღებული ორი ფილმი: ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას დოკუმენტური ნამუშევარი „რუსულის გაკვეთილები“ (რუსეთი) და ინეკე სმიტსის მხატვრული ფილმი „ყაზბეგელი მფრინავი“ (ნიდერლანდები). პირველი 2008 წლის აგვისტოს ომს და ქართულ-რუსულ ომს ეძღვნება, ხოლო მეორე – 1945 წელს ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე ქართველების აჯანყების ისტორიულ მოვლენას. 
ფესტივალის კოპროდუქციის ბაზარზე შერჩეული 33 წარსადგენი  პროექტიდან ერთი ქართულია: ზაზა რუსაძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „ჩემი საბნის ნაკეცი“. 
როტერამში წარმოდგენილი ქართული ფილმებისა და პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრია. 
ქართველი რეჟისორების ფილმები ნიდერლანდების ყველაზე მაშტაბურ ფესტივალზე წარსულშიც უჩვენებიათ:
1979 წელი – ალექსანდრე რეხვიაშვილის „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“
1987 წელი – სერგო ფარაჯანოვის „ამბავისურამის ციხისა“ (პრიზი საუკეთესო ინოვაციური ფილმისთვის)
1994 წელი – ოთარ იოსელიანის დოკუმენტური ნამუშევარი „საქართველო“
თუმცა არც ერთი ჩამოთვლილთაგანი საკონკურსო პროგრამაში არ იღებდა მონაწილეობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი