ხელოვნება

ქართული ლიტერატურა საზღვარგარეთ

5 ივლისი, 2010 • 1910
ქართული ლიტერატურა საზღვარგარეთ

გერმანული გამომცემლობები ,,suhrkamp verlag”  და ,,matther & seitz” ქართული თანამედროვე ლიტერატურით დაინტერესდნენ. გამომცემლობების წარმომადგენლები  ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს უკვე შეხვდნენ. ასევე მოისმინეს ნაწყვეტები ზაზა ბურჭულაძისა და დათო ტურაშვილის რომანებიდან – ,,adibas” და ,,ჯინსების თაობა”, რომლებიც ავტორებმა გოეთეს ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე  წაიკითხეს.

ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 2010 წელს სამინისტრომ ქართველი და უცხოელი გამომცემლებისათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის თანახმად, უცხოურმა გამომცემლებმა ქართული ლიტერატურა სხვადასხვა ენაზე უნდა თარგმნონ, ხოლო ქართულმა  – უცხოური ქართულად.

ლიტერატურის კრიტიკოსის, ზაალ  ანდრონიკაშვილის აზრით,  ქართული ლიტერატურის განვითარებისა და აღიარების ერთადერთი საშუალება მისი პოპულარულ ენებზე თარგმნაა. ,,მიუხედავად იმისა, რომ კარგი ლიტერატურა გვაქვს, მაინც ჩაკეტილ სივრცეში ვიმყოფებით. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს სივრცე” – ამბობს კრიტიკოსი.

გერმანულ გამომცემლობებს ,,suhrkamp verlag”  და ,,matther & seitz” კონკურსისათვის განაცხადი ჯერ არ შეუტანიათ. ამჟამად ისინი ქართული თანამედროვე ლიტერატურის  გაცნობით არიან დაკავებულნი. გოეთეს ინსტიტუტის მიერ გამართულ ლიტფორუმზე ისინი ქართველ გამომცემლებს და  ავტორებს შეხვდნენ.

რახელ გრაცფელდი (Rachel Gratzfeld) ქართული ლიტერატურის აგენტია.  გერმანულ გამომცემლობებს მან ზაზა ბურჭულაძის ,,adibas”-ი და დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა” წარუდგინა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა იყო და გადაწყვეტილი ამ ეტაპზე არაფერია.   თავად ავტორები კი არ მალავენ, რომ შესაძლოა სწორედ მათი წიგნები ითარგმნოს გერმანულ ენაზე.

უცხოურ ენაზე ძალიან ცოტა თანამედროვე ქართული წიგნია ნათარგმნი. მათ შორისაა აკა მორჩილაძის ,,სანტა ესპერანსა”. ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ წინგი წარმატებულია გერმანიაში.

,,იმას, რასაც ეს ლიტერატურა გვიამბობს, გარკვეული შეჩვევა სჭირდება. ამიტომ  ვფიქრობ, შემდეგი წიგნები უფრო წარმატებულები იქნებიან”, – ამბობს ანდრონიკაშვილი.

მთრგმნელობითი კონკურსის პირობების მიხედვით, გათვალისწინებული არ არის, რა ტიპის ლიტერატურა იქნება კონკურსში პრიორიტეტული. ამ მხრივ გამომცემლები  არჩევანში თავისუფალნი არიან, თუმცა პროგრამის კოორდინატორი მედეა მეტრეველი ამბობს, რომ დაინტერესება, ძირითადად, პროზაზეა. გერმანიის გარდა, კონკურსში ჩართვას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ: საფრანგეთი, თურქეთი, ლატვია, ამერიკა.

გამომცემლობების მიერკულტურის სამინისტროში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2010 წლის 15 ნოემბერია. კონკურსში გამარჯვებულს ექსპერტთა კომისია გამოავლენს, რომელთა ვინაობაც მხოლოდ მისი  დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი.

უცხოელი გამომცემლებისთვის, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სამინისტრო მთარგმნელობითი ხარჯებს დაფარავს, ხოლო, თუკი ქართული გამომცემლობები თარგმანებს გამოსცემენ, კულტურის სამინისტრო 300-500 ეგზემპლარს ბიბლიოთეკებისათვის შეიძენს.

კონკურსის პირველი შედეგები ივლისის ბოლოს, ხოლო მეორე – დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გამოყოფს სამინისტრო კონკურსისათვის. როგორც კონკურსის კოორდინატორმა ,,ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, კონკურსისათვის კულტურის სამინისტრო თანხას 2011 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.




მასალების გადაბეჭდვის წესი