ხელოვნება

ის, რაც ჩვენ შორის დგას

29 დეკემბერი, 2008 • 2669
ის, რაც ჩვენ შორის დგას

დიტო ცინცაძე თავის ახალ ფილმში “მედიატორი” თავად თამაშობს ერთ-ერთ როლს – თუმცა, ეს ჰიჩკოკისებური ეკრანზე წამიერი გაელვება კი არა, ნამდვილი როლია, თანაც – ლამის ერთ-ერთი მთავარი როლი. ცინცაძე ფილმში გაურკვეველი ეროვნების ქილერია, რომელსაც ძალიანაც კი მონდომებია, კარიერას თავი დაანებოს და შავ-ბნელი წარსული დაივიწყოს, მაგრამ ვინ აცლის – მისტიური “შემკვეთი” (შესანიშნავი გერმანელი მსახიობი, ბურგჰარტ კლაუსნერი ქართველ მაყურებელს ცინცაძის წინა ფილმიდან “კაცი საელჩოდან” უთუოდ ემახსოვრება) მოულოდნელად გამოჩნდება და დალაგებულ ცხოვრებას აურევს. ფილმის სიუჟეტის დალაგებულად მოსაყოლად, სულ მცირე, აკა მორჩილაძე უნდა იყო: ვინ ვის კლავს, ვინ ვისი საყვარელია, სად ხდება მკვლელობა, როგორ, რატომ და ა.შ. ალბათ, შეუძლებელია, ამ ფილმის სიუჟეტი მეგობარს ისე უამბო, რომ რამდენჯერმე მაინც არ გაიჭედო და უკან მიბრუნება არ მოგიხდეს. ჰოდა, შინაარსის მოყოლას არ შევუდგები, თან თავს იმით დავიმშვიდებ, რომ მაინც ერთხელ საკუთარი თვალით ნანახი ჯობია მრავალჯერ მოყოლილს. 

მორჩილაძე ტყუილად როდი ვახსენე, ფილმის სცენარის თანაავტორი, ცინცაძესთან ერთად, სწორედ ის გახლავთ. მკითხველს, რომელიც კარგად იცნობს აკა მორჩილაძის რომანებს, უთუოდ გაახსენდება მისი დეტექტივი “სხვა” – “მედიატორის” პერსონაჟების ერთი ნაწილი ამ რომანიდან ამოიზარდა, თუმცა, ფილმი გაცილებით ჩახლართული და მრავალპერსონაჟიანი გამოდგა. პერსონაჟების ასეთი სიუხვე დიდი რისკია რეჟისორისთვის, რომელიც ფილმს საქართველოში იღებს – აბა, საიდან უნდა მოიყვანო ამდენი კარგი მსახიობი, ვინც ყოფით სცენებს ანტიკურ ტრაგედიად არ აქცევს და დამაჯერებლად ითამაშებს. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, “მედიატორში” მსახიობები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ მოახერხებს თამაშს – მეორე პლანისა და ეპიზოდურ როლებშიც კი არსად იპარება სიყალბე, ბოზი ბოზს ჰგავს, კრიმინალი კრიმინალს და ა.შ. ფილმიდან უთუოდ დაგამახსოვრდებათ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების მთელი გალერეა – სასტუმროს ადმინისტრატორი (ზაზა კოლელიშვილი), ნარკობარიგა (ზაზა ბურჭულაძე), ბორდელის დიასახლისი (ნატო მურვანიძე), მესაფლავე (ნოდარ ხუციშვილი), ახალგაზრდა კრიმინალი (დათო იაშვილი) და სხვ. ისინი ფილმის თითოეულ მცირე ეპიზოდს საყურებლად საინტერესოს ხდიან, მთავარი გმირების ისტორიებში პატარ-პატარა დეტალები შეაქვთ და ფილმის საერთო წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებენ. თამამად ვიტყვი, რომ სამსახიობო ოსტატობის ასეთი ნაკრები ახალ ქართულ კინოში ძალიან იშვიათია. ძირითადად, იმით ვკმაყოფილდებით, ფილმებში ერთი-ორი მსახიობი თუ ართმევს თავს წარმატებით დაკისრებულ ამოცანას, ”მედიატორში” კი მთელი ფეიერვერკია, კასტინგი ზედმიწევნით ზუსტი და საინტერესოა. ვისაც ფილმი უნახავს, დამეთანხმება, რომ ხუთიდან სამი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს ერთ ჩავარდნილ სცენასაც კი ვერ უპოვით. გიორგი ნაკაშიძე – პირმყრალი და ჯმუხი გამომძიებელი, გაუთავებლად რომ იგინება და ჩახლართული მკვლელობის გამოძიებას ცდილობს, ფილმის მთავარი კოლორიტია: მისი სიმკაცრის მიღმა გულუბრყვილო და სითბოს მონატრებული ბავშვი იმალება, რომელსაც მძიმე პროფესია ავალდებულებს ასეთი იყოს. გიორგი ნაკაშიძე აგერ უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ ქართულ თეატრალურ სკოლაში გამოვლილი მსახიობი კინოშიც შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს და დაშტამპული თეატრალურობა ეკრანზე არ გადაიტანოს.

მის ანტიპოდს ”მედიატორში” მერაბ ნინიძე თამაშობს –  საიდუმლოებით მოცული კრიმინალი, გამომძალველი, რომელსაც თბილისში ყოფილი მეუღლე დარჩენია. ნინიძე ნაკაშიძის პერსონაჟისგან კარდინალურად განსხვავებულ სახეს ქმნის: მინიმუმამდეა დაყვანილი ექსპრესია, თავშეკავებული და მოზომილია ემოციები, ყველაზე ტრაგიკულ სცენაშიც კი – სადაც მისი პერსონაჟი ყოფილ ცოლთან ერთად წევს და დაღუპულ შვილს იხსენებს, თან ქალთან ურთიერთობის აღდგენას უშედეგოდ ცდილობს. ფილმის სიუჟეტური ხლართები, შეიძლება, დროთა განმავლობაში დაგავიწყდეთ, მაგრამ მერაბ ნინიძის გმირის დავიწყება, ალბათ, ძნელი იქნება.

კიდევ ერთ საინტერესო სახეს ფილმში რუსი მსახიობი, ვიქტორია ისაკოვა ქმნის – იგი მეძავია, რომელიც შემთხვევით გაეხვა კრიმინალურ ისტორიაში. მსახიობი წარმატებით იცილებს თავიდან კლიშეებს, რომელსაც ასე მივეჩვიეთ ქართველი ”კინო-მეძავებისგან”, მისი პერსონაჟი ზომიერად ვულგარულია; ისაკოვა ერიდება ჰიპერბოლებს, არსად არ აჭარბებს და ფილმის საერთო განწყობაში ზედმიწევნით კარგად ჯდება. იმავეს ვერ ვიტყვით კიდევ ორ მთავარ გმირზე, რომელთაც მარიკა გიორგობიანი და იუენ ბრემნერი თამაშობენ, მათი სახეები სქემატურია და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ გაცვეთილი სამსახიობო ”ილეთებითაა” შესრულებული. თუმცა, სცენარი ისეა აგებული, რომ ერთ პერსონაჟზე დიდხანს არ ჩერდება მაყურებლის მზერა და თამაშის ნაკლოვანებები არც ისე თვალშისაცემია.

100 წუთის მანძილზე მაყურებლის წინაშე ერთი და იგივე ისტორია რამდენჯერმე თამაშდება, სხვადასხვა პერსონაჟის თვალთახედვიდან, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვიგებთ სასაფლაოზე მოკლული ბრიტანელის შესახებ, თუმცა კი, სტანდარტული, მეინსტრიმული დეტექტივისთვის ცინცაძის ფილმი მოსაწყენადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. მარტივი სათქმელი არ არის, ეს განზრახ გაწელილი დრამატურგია რაღაც იდეას ემსახურება თუ უბრალოდ, მცდარი გათვლაა. აკა მორჩილაძის პროზისთვის დამახასიათებელია აუჩქარებელი თხრობით ტკბობა, თუნდაც მის დეტექტიურ რომანებში, კვანძის გახსნა მეორადი მნიშვნელობისაა, ავტორს დეტექტიური სიუჟეტები მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ ფორმად, შაბლონებად სჭირდება და მათში სრულიად ახლებურ, განუმეორებელი ენით აღწერილ სამყაროს ქმნის. ”მედიატორის” შემთხვევაში კი მორჩილაძის სალიტერატურო ენის ეკრანზე გადმოტანა მაინცდამაინც წარმატებით ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ფილმს ყველაფერი წესრიგში აქვს – მსახიობების ნამუშევარი, ვიზუალურ-მუსიკალური მხარე და ა.შ. ფილმის სარეკლამო ბანერებზე დიდი ასოებით წაწერილი ფრაზა: ”ის, ვინც ჩვენ შორის დგას” – სიმპტომატური აღმოჩნდა. ამ ფილმსა და მაყურებელს შორის ჟანრების აღრევა დგას. თუ ეს ა პრიორი კომერციული კინოა, მაშინ ფილმი ნამდვილად სუსტი ყოფილა; აკა მორჩილაძისა და დიტო ცინცაძის დინჯი დრამატურგია ფილმს ნამდვილად ვერ ხდის მძარფსიუჟეტიანს. ”მედიატორი”, როგორც გასართობი/სანახაობრივი კინო, ალბათ, ვერაფრით დააინტერესებს დასავლეთ ევროპის და შეერთებული შტატების პუბლიკას, გარდა ეგზოტიკურგვარებიანი ნიჭიერი მსახიობებისა.  და თუ ფილმს შევხედავთ საავტორო კინოს თვალთახედვიდან, მაშინ სულ სხვა ხასიათის პრეტენზიები გაგვიჩნდება. ცინცაძის წინა 3 ფილმისგან (”გასროლის შიში”, ”რევერსი”, ”კაცი საელჩოდან”) განსხვავებით ”მედიატორს” ძალიან აკლია ირონია. სამწუხაროდ, აქა-იქ გამომკრთალი ხუმრობები მთლიანი დრამატურგიული ხაზის ”სერიოზულობას” ვერ ანეიტრალებს – სერიოზულად გადაღებული დეტექტივი კი, ზემორენახსენებ ჰიჩკოკს თუ არ ჩავთვლით, ცოტას თუ გამოსვლია. 

თუმცა, ქართული კინოს კონტექსტიდან გამომდინარე, ფილმის ეკრანებზე გამოსვლა უთუოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თითზეჩამოსათვლელ ქართულ ფილმებს შორის ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, რომ ასეთი ხარისხის ნამუშევარი ბლომად მოგვეპოვება.

იმედი ჯერ ადრეა, მაგრამ ოცნებით მაინც ვოცნებობ, რომ ოდესმე ასარჩევად გვექნება საქმე – ჩვენც, და ქართველ  რეჟისორებსაც – როცა მოუნდებათ, სერიოზულ კინოს გადაიღებენ, როცა მოუნდებათ – ნაკლებად სერიოზულს. ორივეს აქვს არსებობის უფლება. და ქართველი მაყურებლები კინოში მხოლოდ იმიტომ არ ვივლით, რომ ჩვენსა და ფილმს შორის ქართველი რეჟისორები დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი