ხელოვნება

თბილისის მოდის კვირეულის პროგრამა: 8-11 ოქტომბერი

7 ოქტომბერი, 2015 • • 1610
თბილისის მოდის კვირეულის პროგრამა: 8-11 ოქტომბერი

ღონისძიებას ვარდების მოედანზე განლაგებული გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო” უმასპინძლებს, რომელიც გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს. 

 

TBILISI MALL კვირეულის ორ ღონისძიებას უმასპინძლებს. 7 ოქტომბერს გაიმართება TFW pre Party და MIDNIGHT SHOPPING – ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური ფასებითა და შეთავაზებებით ისარგებლონ თბილისი მოლში. 11 ოქტომბერს, ასევე, TBILISI MALL-ში, ერთ-ერთ დახურულ ავტოსადგომზე, დიზაინერ გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართება.

 

თბილისის მოდის კვირეული 18:00 საათზე MOMA-ში დაიწყება, სადაც ესტონეთის, შვედეთის დანიისა და ნორვეგიის საელჩეობთან ერთად თბილისის მოდის კვირეული წარმოადგენს მოდის ილუსტრატორების ესკიზებს ჩრდილოეთის ქვეყნებიდან. ესკიზები გაიყიდება, არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯისა” (განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად) და საქართველოს ძაღლთა ორგანიზაციის (ძაღლების თავშესაფარი) მხარდასაჭერად. გამოფენა 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

პირველ დღის განრიგში მხოლოდ ერთი ჩვენებაა – გიორგი შაღაშვილი კოლექციას კვირეულის ძირითად ლოკაციაზე, გართობისა და დასვენების ცენტრში „მეტრო” წარმოადგენს. დღის ბოლოს კვირეულის სტუმრები გადაინაცვლებენ ARTAREA-ს ტერიტორიაზე, სადაც Project ArtBeat გამართავს გამოფენასა და წვეულებას.

 

10 ოქტომბერს, 11:00-14:00 საათამდე GAU-ში გაიმართება დარია შაპოვალოვას, ადამ კაც სენდლინგისა და გემა ვილიამსის მასტერკლასები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

თბილისის მოდის კვირეული 2015
თბილისის მოდის კვირეული 2015

 

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია”). მოდის კვირეულზე პირველად წარადგენენ კოლექციებს Atelier 27, Lika 4 Lika და BULLY. კვირეულის განრიგშია ბრენდების Studio 10a, SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, ARTBEAT PROJECT, ARTAREA, Pierrot Le Fou and Full House სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თავის კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელმაც კვირეულის ამ სეზონის საიმიჯო ფოტო შექმნა.

 

ჩვენებების პარალელურად იმავე შენობაში განთავსდება შოუ რუმი, რომელიც უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე, აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველდღე 12 საათიდან 22:00 საათამდე.

 

კვირეულის ორგანიზატორთა განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, თბილისის მოდის კვირეულს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ: VOGUE (Italia, Russia, Australia), NOWFASHION, Style Arabia, W Magazine, Le21ieme, ELLE Australia, Fault Magazine, Noctis Magazine, 55 pages, Tank Magazine, SHOWstudio, All The Pretty Birds, Purple Magazine, L’Officiel & Harper’s BAZAAR Turkey, Nargis Azerbaijan, Buro24/7 და სხვა. თბილისში ჩამოვლენ ცნობილი მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, რაიან ქუფმანსი – ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფოტოგრაფი, Celebrity IT GIRL ნატალი კანტელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კი ე.წ ბაიერებს უმასპინძლებს, რომლებიც თბილისში ქართველი დიზაინერების გასაცნობად და შესაძენად ჩამოვლენ.

 

2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი”, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის” კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.

 

 თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი ქ. თბილისის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი