ხელოვნება

ფოტოწიგნები და მათი შექმნის პროცესი – ფოტოფესტივალის ახალი ინიციატივა

29 სექტემბერი, 2015 • • 1981
ფოტოწიგნები და მათი შექმნის პროცესი – ფოტოფესტივალის ახალი ინიციატივა

თბილისის ფოტოფესტივალი სამომავლოდ ფოტოწიგნების გამოცემას გეგმავს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ნესტან ნიჟარაძე აცხადებს, ფოტოწიგნების შემქნის ტენდენციის წასახალისებლად ერთ-ერთი ნაბიჯი თბილისში ისეთი წიგნების დიზაინერის ვიზიტი იყო, როგორიც ტომ მრაზაუსკასია.

 

“ეს არის ადამიანი, რომელიც ფურცელს უსმენს. ის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ამახვილებს გამოსახულების ხარისხზე და ფოტოგრაფის სათქმელს აცოცხლებს წიგნის საშუალებით. ჩვენ კი დღეს არ გვესმის, რას ნიშნავს ფოტოწიგნი, როგორი უნდა იყოს ის. ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. გვინდა, რომ გამოჩნდნენ ის დიზაინერები და ფოტოგრაფები, ვისაც ამ საქმის კეთების სურვილი ექნება,” – აცხადებს ნესტან ნიჟარაძე.

 

 
ტომ მრაზაუსკასი ლიტველია, თუმცა, საქმიანობიდან გამომდინარე ამჟამად ბერლინში ცხოვრება ამჯობინა. როგორც თავად ამბობს, მუშაობს ნებისმიერი სახის წიგნის დიზაინზე,  თუმცა ფოტოწიგნების შექმნა მისთვის განსაკუთრებით საყვარელი და საინტერესო პროცესია. ზოგჯერ კონცეფციაზე მუშაობას წელიწადზე მეტი დრო სჭირდება. ზოგჯერ კი იდეა ერთ ღამეში იბადება. ამჟამად ანტუან დაგატას ფოტოწიგნზე მუშაობს. საჭირო ქაღალდის მოსაძებნად ესტონეთში, ერთ პატარა ქარხანაში ჩავიდა, რომელიც ფურცელს გადამუშავებული მასალისაგან უშვებს სწორედ იმიტომ, რომ ნუშის ნაჭუჭის მასალისაგან დამზადებული ფურცლების გამოყენება სურს.

“ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტამბაში გადაგზავნილი საბოლოო ესკიზის მიხედვით აწყობილი წიგნი საერთოდ არ ყოფილა ისეთი, როგორსაც ველოდი. მუშაობის პროცესში ზუსტად არასდროს იცი, რა გაამართლებს. ამიტომაა საჭირო ბოლომდე დაიხარჯო,“- ამბობს ტომ მრაზაუკასი.

 
ფოტო წიგნების პრეზენტაცია თბილისის ფოტო ფესტივალზე. 27.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
ფოტო წიგნების პრეზენტაცია თბილისის ფოტო ფესტივალზე. 27.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

მრაზაუსკასი წიგნის დიზაინის სფეროში რამდენიმე მნიშნელოვანი პრიზის მფლობელია. განსაკუთრებული აღიარება ბოლო ნამუშევარმა მოუტანა – “ფოტოები საბუთებისათვის”. ეს არის წიგნი, რომელიც გადაკეცილია და როცა ხელში გიჭირავთ, რეალურად მის მხოლოდ ნახევარს ათვალიერებთ, როდესაც გაშლით, ფურცლების მეორე მხარე ჩნდება. წიგნი ომის შემდეგ, 1946 წელს გადაღებული პორტრეტებითაა შექმნილი. თითო ნაკეცი – თითო პორტრეტი. იმდროინდელი ფოტოგრაფები მატერიის დასაზოგად ხალხს საბუთების ფოტოებს ერთად უღებდნენ და შემდეგ ჭრიდნენ.

“ეს წიგნი ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა. ყოველთვის ფოტოწიგნებზე მუშაობა მირჩევნია, გაცილებით უფრო შემოქმედებითია და ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს.”

მრაზაუსკასის აბობს, რომ საკუთარ წიგნებში მესიჯებს არ დებს და აუდიტორია ვალდებული არ არის მის წიგნებში რაიმე გზავნილი ამოიკითხოს.

“წიგნების დიზაინი სწორედ იმიტომაა საინტერესო, რომ მისი მფლობელი შემდეგ ვალდებული არაა, იქ ზუსტად ის დაინახოს, რაზეც მე ფოტოგრაფთან ერთად ვიმუშავე. ან შეიძლება სტამბამ, რომელმაც წიგნი უხარისხო ფურცლებზე დაბეჭდა, ყველაფერი გააფუჭოს. როდესაც წიგნს გადაშლი და იქიდან საღებავის საშინელი სუნი ამოვარდება, რა თქმა უნდა, მისი დათვალიერების სურვილიც არ გიჩნდება. ამიტომაა ყველა დეტალი მნიშვნელოვანი. აუდიტორია ყველაფერს ამჩნევს,” – ამბობს ტომი.

 
ფოტო წიგნების პრეზენტაცია თბილისის ფოტო ფესტივალზე. 27.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
ფოტო წიგნების პრეზენტაცია თბილისის ფოტო ფესტივალზე. 27.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

მწერალთა სახლში გასაყიდად გამოიტანეს როგორც მრაზაუსკასის დიზაინით შექმნილი წიგნები, ასევე, რამდენიმე ქართული ფოტოწიგნიც, რომლებიც ამჟამად ეროვნული ფოტოწიგნების ბაზარზე არც ისე ბევრია. 

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მწერალთა სახლში ალექსი მაიოლის ფოტოგამოფენა გაიხსნა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. ფოტოგრაფი ომის დღეეში სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში დოკუმენტური მასალის მოსამზადებლად. 


მასალების გადაბეჭდვის წესი