კინოხელოვნება

ჩაო, ვენეცია

15 სექტემბერი, 2015 • 2380
ჩაო, ვენეცია

თუმცა ზღვის პირას გამართულ ფესტივალებს ერთი მაცდური თვისება აქვს: როდესაც მზე ანათებს, გიჭირს არჩევანის გაკეთება. ხოლო თუ ამას ისიც დაემატა, რომ ფესტივალი ვენეციაში ტარდება, თავსატეხი გიორმაგდება – რა აირჩიო: წყალი, კინო თუ იხეტიალო ქალაქში?

 

თვითონ ვენეციაც საოცრად კინემატოგრაფიულია – ცოტა არ იყოს კლაუსტროფობიული, მაღალი კედლებით შემოსაზღვრული და დაჩრდილული ვიწრო ქუჩების ლაბირინთებიდან უეცრად სად გახვალ, არასდროს იცი – პატარ-პატარა არხებისა თუ გრან-კანალის გახსნილ სივრცეში, თუ მზით გაჩახჩახებულ და სულის მოსათქმელად ჩამომჯდარი ადამიანებით სავსე რომელიმე პიაცაზე. ამ მზიან და თითქოს მუდმივად მხიარულ ქალაქში უეცრად ტურისტულ სექტორში დასაქმებული მუშების მიტინგსაც შეიძლება გადააწყდე, რომლებიც საკონტრაქტო პირობების შექმნას მოითხოვენ. დოჟების სასახლის წინ, სადაც უამრავი საკარნავალო ნიღაბი იყიდება,  ეს მიტინგი თითქოს ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან, სინამდვილეში კი გარკვეულ კონტრაპუნქტს ქმნიდა. ცოტა მოგვიანებით გრან-კანალის კიბეებთან ჩამომჯდარს სიმღერა შემომესმა. გონდოლაზე რამდენიმე პირდაფჩენილ ტურისტს ასაკოვანი კაცი მონდომებით უმღეროდა “სანტა ლუჩიას”. გონდოლამ ჩამიარა, ბოლოს აღარც ჩანდა, მაგრამ “სანტაა ლუჩიიაა” კი ისევ ჩამესმოდა… ძალიან სევდიანად ჩამესმოდა. საღამოს ლიდოზე რომ ვბრუნდებოდი, ეს მომღერალი ისევ შემხვდა. ისევ ფეხზე იდგა გონდოლაში და მღეროდა. ამჯერად რაღაც სხვა ტრივიალურ კანცონას. არ ვიცი, შეიძლება სხვაც იყო, მე მას მივამგვანე.

 

გამახსენდა ჟიჟეკის ნათქვამი “დიდი ქალაქის ჩირაღდნების” საწყის ეპიზოდზე, როდესაც ძეგლის საზეიმო, პომპეზური გახსნის დროს მასზე შემომჯდარი და ჩაძინებული მაწანწალა ჩარლის აღმოაჩენენ – ჩარლი “აფუჭებს” გამოსახულებასო. ვენეციაში ტურისტის თვალისთვისაც შესამჩნევია საერთო ხედის ასეთი “გამაფუჭებელი” გამოსახულებები, როდესაც ულამაზესი ფასადების მიღმა უამრავ პრობლემას დაინახავ.

 

ფაქტიურად, ასეთი იყო წლევანდელი ვენეციის ფესტივალიც – გლამურულ, მაყურებლის მოსაზიდად შეფუთული ფილმების გვერდით სხვადასხვა პრობლემაზე კონცენტრირებული ფილმებით, თუმცა ჟიურიმ, რომელსაც მექსიკელი რეჟისორი ალფონსო გუარონი ხელმძღვანელობდა, ცხადია, არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. შესაძლოა, ამიტომაც დარჩა ყურადღების მიღმა ალექსანდრე სოკუროვის “ფრანკოფონია”, რომელიც კრიტიკოსთა შეფასებით ფესტივალის ბოლომდე უცვლელად ლიდერობდა.

 

ფილმს გლამურულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ არის მასში რაღაც ზეაწეულად განყენებული, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კონკრეტულ ამბავზე მოგვითხრობს – თუ როგორ გაიტანეს და გადაუმალეს ნაცისტებს ლუვრის კოლექციის დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს კოლაბორაციონისტი ფრანგი გრაფისა და გერმანელი ოფიცრის დახმარებით. “ფრანკოფონია” ლუვრის დირექციის დაკვეთით არის გადაღებული, რომლის კონკრეტულ ისტორიას რეჟისორი განზოგადებული კითხვების განსჯისთვის იყენებს – რა ურთიერთობაა ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის? რა როლი აქვს ხელოვნებას/მუზეუმს ისტორიის განვითარებაში? ფილმის დასაწყისში სოკუროვი ტოლსტოისა და ჩეხოვის “სულებს გამოუხმობს”. რა იტყოდნენ ისინი ამ კრიზისულ დროში, ცოცხლები რომ იყვნენ? ისინი დუმან, მიიძინეს სამუდამოდ. სამწუხაროდ, აღარავინ ჩანს, ვინც მათ ნაცვლად გასცემს პასუხს უამრავ კითხვაზე.

 

უდავოა, სოკუროვი დახვეწილი რეჟისორია, რაც ფილმის დოკუმენტური და გათამაშებული მასალისა თუ ავტორისეული ნარატივის ორგანულ შერწყმაში ვლინდება. მაგრამ ყოველთვის აქვს რაღაც პათეტიკური, რაც მისი ფილმებისადმი დისტანცირებულს მტოვებს. “ფრანკოფონიაში” ისმის კითხვა: “რა არის საფრანგეთი ლუვრის გარეშე?” – საიდანაც დაიწყო სწორედ ფილმთან ჩემი გაუცხოება. კითხვა, რომელიც თავის თავში ატარებს ცხოვრებისა და ხელოვნების უსაგნო შეპირისპირებას – რა უფრო მნიშვნელოვანია? ცხოვრება თავისი ჭუჭყითა და ქაოსით, თუ ხელოვნება, რომელიც ამ ჭუჭყისგან დაცილებული და ამაღლებულია? ასეთ დისპოზიციას მივყავართ მანერულ ან უსიცოცხლო ხელოვნებამდე, ან იმ ჩიხამდე, “მალევიჩის კვადრატამდე”, როგორც სრულდება ფილმი. შავად დაფარულ ეკრანს რუსეთის ჰიმნი მიჰყვება. თანდათანობით ჰიმნი ჰარმონიული მელოდიით იცვლება, კადრი კი მუქ ლურჯში გადადის. რჩება იმედი, რომ წყვდიადში ისევ დაიბადება სინათლე. ძალიან გულუბრყვილო იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ რეჟისორი ახალი ტოლსტოის ან ჩეხოვის დაბადებასა, თუ მუზეუმებში დაცულ მაღალ ხელოვნებაში ხედავს რუსეთის (თუ სამყაროს) “შავი კვადრატიდან”/კრიზისიდან გამოსავალს. ხელოვნება/ცხოვრების დისპოზიცია ასეთ გულუბრყვილო დასკვნებსაც იწვევს.

 

არგენტინელი რეჟისორი პაბლო ტრაპერო, მსახიობები: პეტრე ლანსანი და გილელმო ფრანსელა, ესწრებიან საკონკურსო ფილმ ‘კლანის’ პრემიერას ვენეციის 72-ე კინოფესტივალზე. © EPA/ANDREA MEROLA
არგენტინელი რეჟისორი პაბლო ტრაპერო, მსახიობები: პეტრე ლანსანი და გილელმო ფრანსელა, ესწრებიან საკონკურსო ფილმ ‘კლანის’ პრემიერას ვენეციის 72-ე კინოფესტივალზე. © EPA/ANDREA MEROLA

გაცილებით უხეშ, მკაცრ და სასტიკ სამყაროში შეგვახედებს პაბლო ტრაპეროს “კლანი”, რომელიც წლევანდელი ვერცხლის ლომის პრიზიორი გახდა საუკეთესო რეჟისურისთვის. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. მოქმედება 80-იანის არგენტინაში სამხედრო დიქტატურის ბოლო წლებში ხდება და ასახავს კორუფციულ გარემოს, სადაც კრიმინალურ კლანს ხელისუფლება მფარველობს. ფილმი დრამატურგიულად არაჩვეულებრივად არის აწყობილი და დინამიკურად მიჰყვება 80-იანი წლების არგენტინაში განვითარებულ გარდამტეხ მოვლენებს. ეს მოვლენები მხოლოდ ფრაგმენტულად მოგვეწოდება, მაგრამ საერთო სურათი იკვრება ერთი დიდი ოჯახის ცხოვრების  მაგალითზე. ტიპურ ტრადიცულ კათოლიკურ ოჯახში ერთი შეხედვით ჰარმონია სუფევს – მოსიყვარულე მშობლები და შვილები, რომლებსაც არ ავიწყდებათ ვახშმის მერე მამას კოცნით უსურვონ მშვიდობიანი ღამე, სადილის წინ კი აუცილებლად ამბობენ “მამაო ჩვენოს”, მაშინ როცა სახლის სარდაფში – სადაც ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ადამიანები ჰყავთ დატყვევებული – სრული ჯოჯოხეთია მოწყობილი.

 

ფილმი არის მამის კანონის წინააღმდეგ დაგვიანებულ და ტრაგიკულ ამბოხზე, იმის შეხსენებაზე, რომ თუ წინ არ აღუდექი ძალადობას, შენ უნებლიე თანამონაწილე ხდები, იმაზე, რომ ძალადობრივ გარემოში შეუძლებელია იყო ბედნიერი.

 

ტრადიციული, ჩაკეტილი გარემო და მამისგან მიღებული ტრავმები მიჰყვება ფონად ვენესუელელი რეჟისორის ლორენცო ვიგასის ფილმს “მიღმა”, რომელიც ოქროს ლომით დაჯილდოვდა. “კლანისგან” განსხვავებით ეს ფილმი უფრო კამერული და ინტიმურია, რიტმიც უფრო მშვიდი და თანაბარი აქვს. მასში შუა ხნის კაცისა და ახალგაზრდა მოხულიგნო ბიჭის რთული ურთიერთობაა ასახული. “სახელწოდება “მიღმა” არმანდოსა და მისი სურვილის ობიექტს შორის დისტანციასა და დაშორებას გამოხატავს, არმანდოს დამოკიდებულებას – “უყურო, მაგრამ არ შეეხო”. იდეა, გამეკეთებინა ფილმი კაცზე, რომელიც იბრძვის, რომ ვინმესთან დაამყაროს ემოციური კავშირი, ძალიან მიმზიდველი იყო ჩემთვის” – ასე განმარტა რეჟისორმა ფილმის ჩანაფიქრი.

 

ვენესუელელი რეჟისორი ლორენცო ვიგასი ‘ოქროს ლომით’ მას შემდეგ რაც მისმა ფილმმა ‘მიღმა’ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა © EPA/ETTORE FERRARI
ვენესუელელი რეჟისორი ლორენცო ვიგასი ‘ოქროს ლომით’ მას შემდეგ რაც მისმა ფილმმა ‘მიღმა’ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა © EPA/ETTORE FERRARI

არმანდო თავის თავში ჩაკეტილი, წყნარი, აუღელვებელი ადამიანია.  ფილმში არ ჩანს, რატომ გაწყვიტა ურთიერთობა შეძლებულ და გავლენიან მამასთან. მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არმანდოს სექსუალური ინტერესების გამო მოხდა მათ შორის კონფლიქტი, რომ ავტორიტარულმა მამამ აქცია ის ასეთ ჩაკეტილ, მორიდებულ ადამიანად… მხოლოდ ორჯერ ახსენებს გაკვრით – ერთხელ დასთან და მეორედ ბიჭთან – ვისურვებდი, რომ ის მომკვდარიყოო.

 

ფილმის ფინალი “უკანასკნელ ამოსუნთქვასთან” შორეულ ასოციაციებს იწვევს. ბიჭი მეგობარს “სურვილს უსრულებს” და მამამისს კლავს. სახლში დაბრუნებული პურის საყიდლად ჩადის. არმანდო ჩუმად უკან მიჰყვება, თუმცა არა ისე, როგორც თავიდან, როცა ქუჩაში დაინახა და უკან გაედევნა, არამედ სატელეფონო ჯიხურთან მისასვლელად, რათა პოლიციას შეატყობინოს. “ჩვენ ყველანი რაღაცებზე ვართ მიბმული, გვინდა გავწყვიტოთ, მაგრამ ხშირად ვერ ვბედავთ” – თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორმა. არმანდო რამდენადაც ეძებს ემოციურ კავშირებს, იმდენად ეშინია მისი, შორიდან უყურებს, მაგრამ ვერ ეხება. ის ვერ წყდება თავისი მარტოობის გარსს.

 

თურქი დირექტორი ემინ ალპერი ესწრება თავისი ფილმის ‘გაცოფებულის’ პრემიერას ვენეციის 72-ე კინოფესტივალზე. © EPA/ANDREA MEROLA
თურქი დირექტორი ემინ ალპერი ესწრება თავისი ფილმის ‘გაცოფებულის’ პრემიერას ვენეციის 72-ე კინოფესტივალზე. © EPA/ANDREA MEROLA

ჟიურის თავმჯდომარემ დახურვის ცერემონიალზე საგანგებოდ აღნიშნა, რომ წელს პირველად გადაეცა ოქროს ლომი ლათინურ ამერიკულ ფილმს. საერთოდ, ლათინოამერიკელები აშკარად ავანგარდში იყვნენ და თუ რამე საინტერესო იყო წლევანდელ სუსტ პროგრამაში, ძირითადად არადასავლური ქვეყნებიდან. მათ შორის ერთ-ერთი თურქი რეჟისორის ემინ ალპერის “გაცოფებული”, რომელიც ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა. ახალგაზრდა რეჟისორის წინა სადებიუტო ფილმის “მთებს მიღმა” გამოსვლისას (რომელიც ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე იყო ნაჩვენები) აღნიშნავდნენ, რომ ემინ ალპერის სახით თანამედროვე თურქული კინოს ლიდერს ნური ბილი ჯეილანს ტრადიციის გამგრძელებელი გამოუჩნდა. ახალი ფილმიც იმავე ესთეტიკას იმეორებს – სტამბულის გარეუბნების მონოქრომული, უსახური, მოუწყობელი გარემო, რუტინული ყოფის მონოტონურობა, რაც ფილმის რიტმზეც აისახება და ამ რუტინაში ჩაკარგული გმირები. კადირს ციხიდან პირობით ათავისუფლებენ, რომ ადგილობრივ პოლიციასთან ითანამშრომლოს. ეს მოსახლეობის უსაფრთხოების სახელით არის გამართლებული, მით უმეტეს, ეჭვი აქვთ, რომ გარეუბნებში ტერორისტების ჯგუფი იმალება. კადირის უმცროსი ძმა, ახალგაზრდა აჰმედი საუკეთესოა ბრიგადაში, რომელიც მაწანწალა ძაღლებს ანადგურებს. ტერორისტების წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია და ძაღლების გასანადგურებელი ყოვედღიური კამპანია ერთნაირი მონდომებით ხორციელდება. მთავარია, გაანადგურო. შიშით, რომ ისევ არ დააბრუნონ ციხეში, ზედმეტად მონდომებული და პარანოიით მოცული კადირი, ფაქტიურად,  საკუთარ ძმას დააბეზღებს, რომელიც “ტერორისტული” ჯგუფის გასანეიტრალებელი ოპერაციის შედეგად იღუპება, თავად კადირს კი ხვრეტენ. სოციალური რეალიზმის ესთეტიკა ფილმის დასარულისკენ სიურრეალისტურ კოშმარებში გადაიზრდება, რაც არა მხოლოდ კადირის პარანოიას, არამედ ზოდადად სიტუაციის აბსურდულობას გამოხატავს.

 

“ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გადააქცევს “პატარა ადამიანს” პოლიტიკური სისტემა თავისი ძალადობრივი მექანიზმის ნაწილად. მაწანწალა ძაღლებისკენ იქნება მიმართული ძალადობა თუ ტერორისტებისკენ, ეს ადამიანები მიჰყვებიან ბრძანებას – იქნება ეს მათ სიზმრებში თუ განხორციელდება ცხადში” – აღნიშნა რეჟისორმა.

 

ტერორიზმი და ძალადობრივი გარემო იყო ამოს გიტაის ფილმის “რაბინი, უკანასკნელი დღე” მთავარი თემაც. იცხაკ რაბინის მკვლელობაზე გადაღებული თითქმის სამსაათიანი ფილმის მიმართ მე პირადად მოლოდინი უფრო დიდი მქონდა, ვიდრე აღმოჩნდა. დოკუმენტურ მასალაზე აგებული ფილმი საკმაოდ პლაკატური და სწორხაზოვანია, თუმცა რეჟისორის მიზანი, ალბათ,  მაინც მაყურებლისთვის ერთი კონკრეტული შეტყობინების გაგზავნა იყო: “[მკვლელობიდან] 20 წელი გავიდა. მშვიდობის პერსპექტივა გაქრა 90-იანების ოცნებასთან ერთად ნორმალურ ცხოვრებაზე. ადამიანები, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ჩვენი პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, ისევ გარშემო არიან. ზოგი მათგანი ხელისუფლებასაც ეკეკლუცება. შეშფოთებული ვარ ისრაელის სეკულარული სოციუმის წიაღში მზარდი ძალადობრივი ებრაული რელიგიური მოძრაობების გამო. ეს არის დაავადება, რომელმაც წარმატებით შეიძლება გაანადგუროს დემოკრატიის იდეა, რომელსაც დაეფუძნა ისრაელი.”

 

ისრაელელი რეჟისორი ამოს გიტაი ესწრება თავისი ფილმის ‘რაბინი, უკანასკნელი დღე’ პრემიერას  ვენეციის 72-ე კინოფესტივალზე. © EPA/CLAUDIO ONORATI
ისრაელელი რეჟისორი ამოს გიტაი ესწრება თავისი ფილმის ‘რაბინი, უკანასკნელი დღე’ პრემიერას ვენეციის 72-ე კინოფესტივალზე. © EPA/CLAUDIO ONORATI

ამოს გიტაისთან ერთად გამოცდილი და უკვე აღიარებული რეჟისორებიდან მარკო ბელოკიო მონაწილეობდა ფესტივალის კონკურსში. “სისხლი, ჩემი სისხლი”, რომელიც ფიპრესიმ, ალბათ, მაინც ამ რეჟისორის დამსახურების გამო დააჯილდოვა, ორ სხვადასხვა ეპოქაში მომხდარ ამბავს აერთიანებს. უფრო სწორად, ფილმის მთავარი სისუსტე სწორედ ის არის, რომ ამ ამბების გაერთიანება ვერ მოხდა, მათი დაკავშირება ხელოვნურია. შუა საუკუნეების ციხე-კოშკში ჩაკირული ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელსაც ეშმაკთან გარიგებაში დებენ ბრალს, თანამედროვე იტალიასთან იმავე კოშკში გამოკეტილი ვამპირით გრძელდება. თუმცა ამ შემთხვევაში რეჟისორს არა იმდენად ვამპირის ბედი, რამდენადაც “გლობალიზაციის მარკეტინგში” ჩართული იტალიის ჩვენება უფრო აინტერესებს, სადაც ყველა თაღლითობს და ყველაფერი იყიდება. ამასობაში არც რუს ახალგამოჩეკილ მილიონერებს ივიწყებს და საბოლოოდ თანამედროვეობის გროტესკულ სახეს გვთავაზობს, რაც იტალიური კინოსთვის ერთ-ერთი საყვარელი მოტივია.

 

რაც უნდა სუსტი იყოს ფესტივალი, დასრულებისას მაინც ვსევდიანდები. თანდათან ვშორდები და ბოლოს საერთოდ იკარგება გრან-კანალის ტალღებში ვენეციის კონტურები და ჩემთვის ვიმეორებ: “ჩაო, რაგაცი” – შეძახილს, რომლითაც ხვდებოდნენ ერთმანეთს სეანსის დაწყებამდე ხმაურით შემოსული იტალიელები. აქამდე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის კანის ფესტივალი ასოცირდებოდა ხმაჩახლეჩილი გამყიდვლის დილის გამომაფხიზლებელ შეძახილთან – “ლიბერასიონ”, ახლა უკვე ვენეციის “საუნდ-ტრეკიც” მექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი