ხელოვნება

მხატვარი სოციალური ქსელის ეპოქაში სახელოსნოსა და დიპლომის გარეშე

6 სექტემბერი, 2015 • • 4196
მხატვარი სოციალური ქსელის ეპოქაში სახელოსნოსა და დიპლომის გარეშე

“ესეც შენ დახატე?” – ფურცელს ეცა ერთ-ერთი ქალი. ამასაც ვიყიდიო. ასე გავყიდეთ ნახატები და გამზირს ფეხით ჩამოვუყევით. იმ დღეს ბევრი ვილაპარაკეთ მის მომავალ გეგმებზე, მის საყვარელ შემოდგომაზე და ინგლისის ნისლიან ამინდებზე.

 

ქრისტინა ბოტკოველი დღეს ნენსი ვოლანდის სახელითაა ცნობილი. ფსევდონიმი საკუთარ თავს შემთხვევით მოუფიქრა. საყვარელი სიმღერისა (Nancy Boy) და საყვარელი წიგნის პერსონაჟის, მიხეილ ბულგაკოვის ვოლანდის სახელები გააერთიანა და ინტერნეტსივრცეში ახალი იდენტობით გამოჩნდა.

 

(c) Nancy Woland
(c) Nancy Woland

ნენსიმ ხატვა პატარა ასაკიდან დაიწყო. ხატვის ძირითადი ტექნიკა ბაბუამ ასწავლა, შემდეგ სკოლაში ცოტა ხანს კიდევ სწავლობდა, თუმცა, მისი ოჯახის აზრით, პროფესიონალი მხატვრის კარიერის არჩევა ერთგვარ რისკებთან იყო დაკავშირებული. უფროსების რჩევით გადაწყვიტა უმაღლეს სასწავლებელში რაიმე უფრო პრაქტიკული და გამოსადეგი პროფესია შეერჩია. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ჯერ ბიზნესის, შემდეგ კი სამართლის ფაკულტეტებზე სწავლობდა.

 

“ჩემი ნახატები იყო ჩემი საჩუქრები – დავხატავდი ჭიქებს და ვჩუქნიდი დედას და მამას დაბადების დღეზე. მაგრამ მერე, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, მირჩიეს და გამაფრთხილეს, რომ არ მექნებოდა არანაირი პერსპექტივა ცხოვრებაში, თუ მხატვრის კარიერას ავირჩევდი და რამე პრაქტიკული უნდა შემერჩია. 16 წლის ბავშვს ნამდვილად არ შემეძლო არჩევანის გაკეთება, პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მცოდნოდა, ზუსტად რა მინდოდა. ჰოდა, ავდექი და ილიაში ჩავაბარე მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. სახელი ისე კარგად ჟღერდა, რომ ვიფიქრე რაღაც კარგი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, სწავლის პროცესში საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე.”

 

მოგვიანებით, როდესაც მუშაობა დაიწყო, უკვე საკუთარი თანხით შეეძლო დაეფარა სწავლის გადასახადი და რადგან მშობლებზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული, გადაწყვიტა არჩევანიც თავად გაეკეთებინა. სამხატვრო აკადემიაში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად.

 

”და აი, დადგა ის დრო, როცა შემეძლო მობილობით გადავსულიყავი აკადემიაში და სწავლის საფასური ჩემი ხარჯებით დამეფარა. მივედი, დავხატე რაღაც, მიმიღეს. ზუსტად იქ დამხვდა ნამდვილი ჯოჯოხეთი. პირველად, მეგობარს, რომელიც იქ სწავლობდა, რომ ვუთხარი უნდა გადმოვიდე-მეთქი, უბრალოდ, ერთი შეკითხვა დამისვა:  “რატოო, დალევა გიყვარს?” არა-მეთქი, ხატვა მიყვარს. კინო-ტელემხატვრობის ფაკულტეტი ავირჩიე და გადავბარგდი. შევდგი თუ არა ფეხი აუდიტორიაში, ვხედავ, გამორბის ლექტორი ჭიქით ხელში – “ჰაა, დალევ?” არასერიოზულად უდგებოდნენ საქმეს. ესეც რომ არ იყოს, წვიმა როცა მოდიოდა, ჩვენც გვაწვიმდა,” – ამბობს ნენსი.

(c) Nancy Woland
(c) Nancy Woland

სწავლის პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც ნენსი ელოდა. ძირითადად, მოთხოვნების შესრულება და უკვე ნასწავლის რამდენჯერმე გამეორება უხდებოდა. ნელ-ნელა აკადემიაში სიარულის ენთუზიაზმიც დაკარგა. ლექტორებთან ურთიერთობა ძირითადად მათი მითითებების ზუსტად შესრულებით შემოიფარგლებოდა. როგორც ნენსი ამბობს, მას ხელოვანად ჩამოყალიბებაში კი არა, დადგენილ ჩარჩოებში აქცევდნენ.

 

”ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ვმუშაობ და იქ ვამბობ, რომ ლექციაზე უნდა წამოვიდე; მოვდივარ ლექციაზე და არაფერი მხვდება… 6 წელი მანამდე, სანამ ჩავაბარებდი ფუნჯი ხელში არ მჭერია. მივედი სასწავლებლად და ისევ იმავეს მაკეთებინებდნენ, რასაც სკოლაში ხატვის მასწავლებელი მავალებდა. დაუსრულებლად ხომ არ შეიძლება წინ დაგიდგან დოქი და მიუდონ გვერდით ბროწეული და გითხრან გადახატეო? ჰოდა, ამიტომ-მეთქი, აბა, კარგად მეყოლეთ. არ მინდოდა, რომ აკადემიის ჩვეულებრივ სტუდენტს დავმსგავსებოდი. სწავლის პროცესში ინდივიდუალიზმის შენარჩუნების საშუალებას არ გაძლევენ, უნდა გადაგიყვანონ თავის სტილზე და ტექნიკაზე.”

 

თუმცა სწავლისათვის თავის დანებება მისი ოჯახისათვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა. რამდენიმე ფაკულტეტის გამოცვლის შემდეგ დიპლომის აღება მაინც სავალდებულოდ მიიჩნეოდა. მაგრამ როგორც ნენსი ამბობს, ამჟამად მისი ოჯახი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. 

 

”მთელ ოჯახთან მქონდა ომი დიპლომის გამო – რატომღაც ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება დიპლომი და გონებაში ჩაბეჭდილი აქვთ უფროსი თაობის ადამიანებს, რომ მთავარია რაღაც გინდოდეს და იქაც გამოგივა, სადაც არ გასწავლიან, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე. მთელ ჩემს არსებას და ნერვებს იწირავდა ეს ძალით გაკეთებული საქმე. მივსულვარ სახლში და გულით მიტირია იმის გამო, რომ ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთების არანაირი სურვილი არ გამაჩნდა. დღეს უკვე ყველა ჩემს წარმატებულ ნაბიჯს ჩემთან ერთად აღნიშნავენ” – ამბობს ნენსი.

(c) Nancy Woland
(c) Nancy Woland

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აკადემიის სტუდენტი იყო, ნენსიმ მეგობართან ერთად მაისურების მოხატვა დაიწყო. შეკვეთებს ინტერნეტით იღებდა. ხატავდა ყველაფერს, რასაც სთხოვდნენ. ხშირად იმასაც, რაც თვითონ სრულიად არ მოსწონდა. საქმე კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა.

 

“ბოლოს ვიფიქრე, მერჩივნა ჩემი ნახატები გადამეტანა მაისურებზე და ის გამეყიდა, ვიდრე დამეხატა ძალით რაღაცები, რაც არ მომწონდა და არ მაინტერესებდა.”

 

ამის შემდეგ ნენსიმ გადაწყვიტა, რომ საკუთარ ორიგინალ იდეებზე ემუშავა და შეექმნა რამდენიმე ნახატი. დრო იყო, საქმეს, რომლის კეთებაც გულით უნდოდა, უფრო სერიოზულად მოჰკიდებოდა.

 

”ჰოდა, ერთხელაც დავჯექი, ვიყიდე ტილო, იქიდან გამომდინარე, რომ არ გამაჩნია არაფერი სახელოსნოსმაგვარი – დავაფინე დაბლა რაღაცები, რომ იატაკი არ დამესვარა საღებავებით და ასე ნელ-ნელა დავიწყე ხატვა. დამიგროვდა რამდენიმე ნახატი, მაგრამ ფეისბუქში არ ვდებდი. არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდათ, თითქოს მრცხვენოდა და არავის ვანახებდი.”

 

2012 წელს, ოქტომბერში ერთ-ერთმა ბარმა თბილისში გადაწყვიტა, რომ საკუთარი სივრცე დაეთმო ნებისმიერისთვის, ვისაც მოუნდებოდა თავისი ნახატების ან ფოტოების გამოფენა.

 

”ჩავიტანე ჩემი 4 ნახატი ჩემს დაბადების დღეზე და გამოვფინე. რამდენიმე დღეში მომწერეს ბარის გვერდიდან, რომ შენი ნახატის ყიდვა უნდათ და რა ღირსო. საერთოდ არ ვიცოდი რამდენი შეიძლებოდა, რომ მეთქვა. მეგობარი მყავს, ვინც ერკვევა მსგავს საკითხებში და იმან დამარიგა, 500 ლარზე ნაკლები არ უთხრაო. რა თქმა უნდა, მაგხელა ფასს ვერ ვეტყოდი და აი, ასე პირველი ნახატი გავყიდე 100 ლარად. იმის მერე ისე მოხდა, რომ თვეში 1 ნახატს ვყიდიდი ხოლმე. მაგრამ დღესაც არ მჯერა, როგორ ვყიდი. ამან მომცა დიდი სტიმული და მერე უკვე გვერდიც გავხსენი ფეისბუქში და ვაჩვენე ხალხს ჩემი ნახატები.”

 

ნენსი ვოლანდის პირველი პერსონალური გამოფენა 2015 წლის პირველ მარტს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიხსნა. როგორც თავად ამბობს, გამოფენის გაკეთების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო და სივრცეც შემთხვევით დაუთმეს მეგობრის დახმარებით.

 

“მეგონა, რომ სხვის გამოფენაზე ვიყავი, სრულ გაუგებრობაში ამოვყავი თავი, მოდიოდა ხალხი, ათვალიერებდა ჩემს ნახატებს, ტელევიზია ინტერვიუს მთხოვდა. გაოცებული ვიყავი.”

 

(c) Nancy Woland
(c) Nancy Woland

 

დღეს უკვე საკმაოდ ბევრი მოწონება დააგროვა სოციალურ ქსელში. აქტიურად ხატავს, ბეჭდავს საკუთარი ნახატების პრინტებს, რადგან ეს კომერციულად უფრო მომგებიანია, Flea Market-ის ხშირი სტუმარია და society6-ის დახმარებითაც სხვადასხვა ქვეყნიდან იწერენ მის ნამუშევრებს. უკვე აქვს სავიზიტო ბარათი – ფერები, რომელსაც ის ხატვისას იყენებს, მისი მთვარე და ადამიანების სილუეტები

 

”society6.com ძალიან საინტერესო პორტალია. იქ შეიძლება ჩემი ნახატით კედლის ფარდაგი 70$-ად შეიძინოთ, საიდანაც საიტი მე მხოლოდ 12$-ს გადმომირიცხავს. მაგრამ ამაზე არ ვდარდობ. ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს ჩემს ნახატებს ამ გვერდის დახმარებით.”

 

როგორც ნენსი ამბობს, უკვე გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მის ტექნიკას მიბაძონ. ხშირად უგზავნიან საკუთარ ნახატებს და სთხოვენ რჩევებს; მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მის ნახატებს ითვისებენ ან უნებართვოდ იყენებენ – აკეთებენ პრინტებს ან სამკაულებს.

 

”ერთხელ Flea Market-ზე შევამჩნიეთ მე და ჩემმა მეგობარმა ერთი გოგონა. თავისი ხელნაკეთი ყელსაბამები ჰქონდა მოტანილი, რომელზეც ჩემი ნახატებიდან დეტალები იყო გადატანილი. მოგვიანებით მივწერე და ვკითხე, უნებართვოდ რატომ გამოიყენე-მეთქი. საოცარი პასუხი მივიღე – მადლობელი უნდა იყო, რომ გამოვიყენეო. ასეა, საავტორო უფლებების შესახებ ცოტა თუ სმენიათ. მე ვცდილობდი, მაშინ როდესაც მაისურებს ვხატავდი, მეპოვა ხოლმე ინტერნეტში ორიგინალი ნახატის ავტორი და მეთქვა, რომ მისი ნახატის გამოყენებას ვაპირებდი. ეს უბრალოდ ხელოვანის პატივისცემაა, რაც არც ისე ბევრს ესმის,” – ამბობს მხატვარი.

 

დროთა განმავლობაში ნენსი ნახატებისათვის ფასების შერჩევას მიეჩვია, მაგრამ ფასით ყოველთვის კმაყოფილი არ რჩება მყიდველი.

 

”სიმართლე რომ გითხრათ, ფასების გამო წუწუნებენ არა ის ადამიანები, ვისაც უნდა, რომ ჩემი ნახატი ჰქონდეს, არამედ ჩემი კოლეგები. ვინ არის ეს ნენსი? განა რას ხატავს ასეთს, რომ ამხელა ფასებს ადებს? არ მინდა, რომ ვთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი აზრი მიჩნდება ხოლმე – ალბათ შურთ, რომ შეზღუდულ პირობებშიც კი რაღაცნაირად შედარებით რეალიზებულ მხატვრად ვთვლი თავს. მე რაღაც გამომივიდა, რაც შეიძლება სხვას არ გამოსდის.”

 

ნენსი საქართველოში დიდხანს ყოფნას არ აპირებს. უნდა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში წავიდეს და ჯერ კარგად ისწავლოს. როგორც ნენსი ამბობს, სიამოვნებით იცხოვრებდა გერმანიაში.

 

”რაღაც ისე ხდება, რომ გერმანელებს განსაკუთებით მოვწონვარ. ბევრმა გერმანელმა გამოიწერა უკვე ჩემი ნახატი. მე მგონი, რაღაცას ნიშნავს. ეს ისე ხუმრობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, გერმანიაში წასვლის სურვილი მართლა მაქვს და მინდა, რომ იქ ვისწავლო. ჯერ მე მინდა, რომ როგორც პიროვნება, ისე ვიყო ბედნიერი და მერე უკვე კარიერულ წინსვლაზე ვიფიქრებ.”

 

თანამედროვე ტექნოლოგიების დროში ახალგაზრდა მხატვრისათვის უფრო ადვილია, რომ საზოგადოებას თავი გააცნოს. დღეს ნენსი სოციალური ქსელისა და ინტერნეტის დახმარებით ყიდის თავის ნახატებს, თუმცა თავისი საქმის კომერციალიზაცია ცოტა აწუხებს.

 

”ვთვლი, რომ იმ სიმშვიდეს, რასაც მე განვიცდი ხატვის დროს, მერე ყველა ის ადამიანი გრძნობს, რომელიც ჩემი ნახატის წინ 1 წუთს მაინც გაატარებს. არ მინდა, რომ იძულებული ვიყო გავყიდო ჩემი ნახატები. მინდა, რომ ვხატო და ყველას ვეპატიჟებოდე ჩემი შინაგანი სამყაროს გასაცნობად.” 

ნენსი ვოლანდი შემდეგი გამოფენის გაკეთებას უკვე ოქტომბერში გეგმავს და ამიტომ ამჟამად აქტიურად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, პირველი ეტაპი დასრულებულია და ახლა ახალი გეგმებით კარიერაში უფრო დიდი ნაბიჯების გადადმა სურს.

(c) Nancy Woland
(c) Nancy Woland

მასალების გადაბეჭდვის წესი