ხელოვნება

ვარძიაში ახალი ქვაბულები, მარანი და თონის ნაშთები აღმოაჩინეს

20 ივლისი, 2015 • • 2198
ვარძიაში ახალი ქვაბულები, მარანი და თონის ნაშთები აღმოაჩინეს

სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილია, რომ გამოკვეთილი ქვაბულებიდან ორი დარბაზული ტიპისაა, რომლებიც  საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდნენ. ერთ-ერთში უძველესი თონის ნაშთებიც იკვეთება.

 

სამინისტროს ცნობით, აღმოჩენილია უძველესი სათავსოები და ქვევრები, სადაც დაახლოებით ათი საუკუნის წინ ღვინოს და  მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ.

 

სამრეკლოს მიმდებარედ დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლენილი ქვაბულის კვლევისას აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი – ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბის პირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ.

 

ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ-გეგმის მომზადებას და ძეგლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სრულფასოვან წარდგენას, აცხადებს სამინისტრო.

 

ვარძიის გადარჩენისა და განვითარებისთვის პროგრამა მოიცავს კლდისა და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევასა და კონსერვაციას, ძეგლის არქეოლოგიურ კვლევასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, ვარძია არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამას ხელმძღვანელობს კლდის კვლევის, გამაგრებისა და კონსერვაციის მიმართულებით კლაუდიო მარგოტინი, კედლის მხატვრობის კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით –  დევიდა პარკი (ინგლისის კურტოს უნივერსიტეტი და ნანა კუპრაშვილი – სამხატვრო აკადემია), არქეოლოგი შოთა ირემაშვილი, ილიას უნივერსიტეტი და კომპანია „არქიტექსი“.   

 

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი 1939 წელს შეიქმნა, იმ დროიდან კომპლექსის კვლევას  სხვადასხვა პერიოდში კოტე მელითაური და გივი გაფრინდაშვილი ახორციელებდენენ, რომლებმაც ვარძიის შესწავლას მრავალი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნეს.

ვარძია
ვარძია

მასალების გადაბეჭდვის წესი