კინოხელოვნება

თბილისის სტუდენტური რიგით მეცხრე კინოფესტივალი 2 ივნისს დაიწყება

1 ივნისი, 2015 • • 1544
თბილისის სტუდენტური რიგით მეცხრე კინოფესტივალი 2 ივნისს დაიწყება

საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, ამერიკა, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო.

 

წლევანდელი ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით: პეტერ სლანსკი – მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი, ქსიე ფეი – კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი, ნენად დიზდარევიჩი – სარაევოს კინოაკადემიის დეკანი და ვადიმ პროდანი – კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი.

 

კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი. გაიცემა ჟიურის მთავარი პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა და ოპერატორის ნამუშევარი.

 

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება მსოფლიო კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტისა და საბჭოს სახით.

 

თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი 2015
თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი 2015

1-2 ივნისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში CILECT-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ხოლო 7 ივნისამდე სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნულ კინოცენტრსა და სფეროს სხვა პროფესიონალებსა და სტუდენტებს შეხვდებიან.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა 4 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, 5 მასტერკლასი, 2 პრეზენტაცია და ფესტივალის გახსნისა და დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიები. ყველა ღონისძიება გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და მათზე დასწრება თავისუფალია.

 

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. 2007 წელს აღდგენილი ფესტივალი მრავალწლიანი ისტორიითა და განახალებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში.

 

მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის, რასაც ცხადყოფს შემოსული განაცხადებების სიმრავლე, სტუმრად ჩამოსული სტუდენტები, ჟიურის წევრები და ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფესტივალის ჯილდოს საპატიო ადგილი უჭირავს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცხოვრებაში.

 

სტუდენტური კინოს კვირეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის,  საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდება. უკვე მესამე წელია ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია ისრაელის საელჩო საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი