ხელოვნება

“ფესვები” და Dancing Crains ვაშინგტონ ირვინგის სკოლაში

7 მაისი, 2015 • 1965
“ფესვები” და Dancing Crains ვაშინგტონ ირვინგის სკოლაში

ფესტივალი თურქეთის, კერძოდ კი Turkish Women’s League of America – Ataturk School –ის ეგიდით მიმდინარეობდა. ადრე ეს სკოლა გოგონათა ტექნიკური სკოლის ფილიალი გახლდათ, მერე კი ცნობილი ამერიკელი მწერლისა და დიპლომატის ვაშინგტონ ირვინგის სახელი (Washington Irving High School) მიენიჭა.

არა იმიტომ, რომ იქ თავად ესეისტი ცხოვრობდა, არამედ იმიტომ, რომ იქვე მის ნათესავს ბინა ჰქონდა და ირვინგი მას ხშირად სტუმრობდა. შენობის არქიტექტორი ცნობილი ამერიკელი ინჟინერი ჩარლზ სნაიდერია.

წელს ბავშვთა ფესტივალზე მიწვევა ქართულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა “ფესვები” (ქორეოგრაფები შორენა ბარბაქაძე და ჯუხრა ლომთაძე) მიიღო. “ფესვების” გარდა საცეკვაო ნომრებით ქართული კულტურის ცენტრის Dancing Crane Company (1996) ბაზაზე შექმნილი საცეკვაო სტუდიაც (ხელმძღვანელი ვიქტორ სირელსონი www.dancingcrane.org) წარსდგა.

 

‘ფესვების’ კონცერტი ვაშინგტონ ირვინგის სკოლაში. 07.05.2015

როგორც  შორენა ბარბაქაძე ამბობს, ორგანიზატორებმა “ფესვებს” შესთავაზეს, რომ სწორედ ისინი ყოფილიყვნენ ამ ფესტივალის ძირითადი წამყვანი ძალა და მართლაც ასე მოხდა.

“ყველა სხვა ქვეყნის ანსამბლს იმის უფლება მიეცა, რომ  მთლიანი პროგრამის ფარგლებში სცენაზე ორი გამოსვლით (ორ – ორი ცეკვით) წარმდგარიყო – ამბობს შორენა. – თუმცა ზოგმა ეს რაოდენობაც ვერ დაძლია. ჩვენ კი ათი ცეკვით გამოსვლის უფლება მოგვცეს. ორგანიზატორებმა მაშინვე აღნიშნეს “ფესვების” მაღალი პროფესიონალიზმი. გარდა ამისა, “ფესვებს” ფესტივალზე მონაწილეთა რაოდენობრივი შეზღუდვაც არ შეხებია. ორმოცზე მეტი მონაწილის წარდგენის უფლება არავის ჰქონდა, გარდა “ფესვებისა”, რომელმაც სცენაზე ოთხმოცდახუთი მოცეკვავე გამოიყვანა. ეს რაოდენობა აღემატებოდა სკოლის სცენის, კულისებისა და გასახდელის სიდიდესაც კი, მაგრამ ქართული ცეკვისა და ჩვენდამი განსაკუთრებული პატივისცემისა და დაინტერესების გამო ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს. “ფესვების” თითოეული ნომრის შემდეგ მაყურებელი ფეხზე დგებოდა და შეძახილებსა და აპლოდისმენტებს არ იშურებდა. ამჟამად ჩვენ ინტენსიურად ვემზადებით ჩიკაგოში ცეკვის საერთაშორისო კონცერტზე გასამგზავრებლად. იქ “ფესვები” წარსდგება როგორც  ქართული, ასევე ებრაული, ბოშური და მსოფლიოს სხვა ხალხთა ცეკვებით. იმედი მაქვს, რომ იქაც დიდ წარმატებას მივაღწევთ”, – ამბობს შორენა ბარბაქაძე.

 

'ფესვების' კონცერტი ვაშინგტონ ირვინგის სკოლაში. 07.05.2015

ქართული კულტურის ცენტრი “ფესვები” (სამხატვრო ხელმძღვანელი ვანო გოდერძიშვილი) ნიუ იორკში 2000 წელს შეიქმნა. მისი  მიზანი ამერიკაში დაბადებული ან მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილი ქართველი ბავშვებისთვის მშობლიური კულტურის შენარჩუნება გახლავთ.

ცენტრში პატარებს შეუძლიათ შეისწავლონ ქართული ტრადიციული ცეკვა, სიმღერა, ხალხური საკრავები და ქართული წერა-კითხვა. “ფესვების”  სტუდიაში დღეს 110-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება. მათ შორის ყველაზე პატარა 3 წლის გოგონაა, ხოლო ყველაზე უფროსი – 21 წლის ვაჟი.

ასაკის მიხედვით შერჩეულია ხუთი ძირითადი ჯგუფი. ხშირად ბავშვები თავისი სურვილით ესწრებიან იმ ჯგუფის რეპეტიციასაც, რომელშიც არ ირიცხებიან. გაკვეთილების სიხშირე ასეთია – კვირაში სამი დღე – პარასკევი, შაბათი და კვირა.

‘ფესვების’ კონცერტი ვაშინგტონ ირვინგის სკოლაში. 07.05.2015

თუმცა არის ინდივიდუალური გაკვეთილების შესაძლებლობაც. “ფესვები” არაერთ საქველმოქმედო აქციაში იღებს მონაწილეობას, მათ შორის, აშშ–ში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობაში. ანსამბლი მანჰეტენზე ერთა აღლუმზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას სისტემატურად გამოდის, აპირებს პირველად ამერიკაში – ნიუ იორკის ქუინსის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის გახსნაზე იცეკვოს.

ყოველწლიურად  “ფესვები” დასკვნით კონცერტს ატარებს, რომელზეც ერთი წლის ნაღვაწით წარსდგება, ხოლო მეორე წელს მაყურებელს განახლებულ პროგრამას სთავაზობს. 2015 წლის ზაფხულში კი ეს ტრადიცია დაირღვევა, რადგანაც “ფესვები” არსებობის 15 წლის თავზე საქართველოში გასტროლებზე პირველად მიემგზავრება.

‘ფესვების’ კონცერტი ვაშინგტონ ირვინგის სკოლაში. 07.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი