ხელოვნება

“ჩემი ბავშვობის სახლთან” – მანანა მენაბდე 20 მაისს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

5 მაისი, 2015 • • 3307
“ჩემი ბავშვობის სახლთან” – მანანა მენაბდე 20 მაისს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

 

კონცერტი სახელწოდებით “ჩემი ბავშვობის სახლთან” 20 მაისს, 20 საათზე რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. მანანა მენაბდის თქმით, იგი აპირებს, რომ ძველი და ახალი სიმღერები შეასრულოს, მათ შორის “თეთრი ვარდები”, “სტვენს ბულბული”, “ჩუმ ბაღნარში”.

 

მომღერალი კიდევ სამი ახალი სიმღერის შესრულებას აპირებს, თუმცა სიმღერებს კონცერტამდე არ გაამხელს. მანანა მენაბდის თქმით, ორი ახალი სიმღერა კარლო ჯავახიშვილის ლექსზე თავად დაწერა, ერთი სიმღერა კი მერაბ ანდრონიკაშვილის მიერაა დაწერილი.

 

მანანა მენაბდე კონცერტზე შეასრულებს სიმღერას ფილმიდან “დღეს ღამე უთენებია”, რომელსაც მარიამ ალექსიძის დადგმული ქორეოგრაფია გააფორმებს. კონცერტზე კი მის მიერ შესრულებული ქართული ასოების კოლაჟებს გამოიყენებს.

 

მომღერალი აუდიტორიას ასევე ჰპირდება, რომ კონცერტზე აჩვენებენ კლიპს, თუ რა თემაზე, ესეც მხოლოდ კონცერტზე გახდება ცნობილი.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია“ და მოწვეული მუსიკოსები. რეპეტიციები ხვალიდან, 6 მაისიდან დაიწყება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც აკეთებს სიმღერების არანჟირებას კონცერტისთვის.

 

“ნიკა არის ჩემი კოლეგა, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მასთან თავს. საოცრად კარგი მუსიკოსია, მისი გემოვნების მჯერა და საერთოდ ერთად ვათანხმებთ ყოველთვის არანჟირებებთან დაკავშირებით. ვერ გამოვყოფ ჩემს თავს და ვერც ნიკას ვერ გამოვყოფ, როგორც ნიკა ვერ გამოყოფს… იმდენად ერთად ხდება ყველაფერი. ძალიან ორგანულად ერწყმის ჩვენი ნააზრევი, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს”, – ამბობს მანანა მენაბდე.

 

ნიკა ნიკვაშვილის თქმით, 20 მაისის კონცერტისთვის მუშაობდა მისთვის ორმაგი სიხარულია – ერთი მხრივ, იგი საქვემოქმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, მერე მხრივ – მანანა მენაბდესთან ერთად მუშაობის ბედნიერება აქვს. 

 

“ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ხშირად მივიღო საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობა. ეს კონცერტები განსხვავდება ჩვეულებრივი კონცერტებისგან. ხშირად მიწევს ხოლმე გამოსვლა და ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მეძლევა. ერთი მხრივ, ეს არის ჩემთვის სასიხარულო, მეორე მხრივ- ის, რომ ისევ მანანასთან ერთად სცენაზე გამოსვლის ბედნიერება მექნება”, – ამბობს ნიკა ნიკვაშვილი.

 

მანანა მენაბდე ფოტო: facebook/მანანა მენაბდე
მანანა მენაბდე ფოტო: facebook/მანანა მენაბდე

მანანა მენაბდის თქმით, დიდი ხანია საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება სურს, დიდი ხანია ემზადება ამისთვის და ელოდებოდა მხარდამჭერს,რომელიც ამ შემთხვევაში თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო აღმოჩნდა.

 

“მე თავად დისშვილი მყავს 13 წლის თეონა გარდაცვლილი ამ ავადმყოფობით, ლეიკემიით. განსაკუთრებით მონდომებული ვიყავი, რომ ეს საქველმომედო კონცერტი შემდგარიყო. ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება მარათონი და ეს თანხები წავა ბავშვების სამკურნალოდ. იმედი მაქვს, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორიც ახლაა მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, რაღაც თანხები მაინც შეგროვდება საქველმოქმედო პროექტის განსახორციელებლად. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია”, ამბობს მანანა მენაბდე.

 

თბილისის მერიაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა ისაუბრა მანანა მენაბდის კონცერტის მნიშვნელობაზე:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ, რომ ეს იქნება საქართვლოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მრავალმხრივ მინიჭიერი და განსაკუთრებული მომღერლის კონცერტი, რომელიც არაჩვეულებრივი სანახაობა იქნება მაყურებლისთვის. დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება მოთხოვნილება კონცერტზე დასწრებისა, ვიდრე ამის საშუალება იქნება”.

 

პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ART&SOCIETY”. ბილეთები უკვე იყიდება საიტზე www.biletebi.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი