ხელოვნება

საიამ RMG Gold-ის წინააღმდეგ საყდრისთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

24 აპრილი, 2015 • • 1381
საიამ RMG Gold-ის წინააღმდეგ საყდრისთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

იურისტთა ასოციაციის წევრი სულხან სალაძე მის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამბობს, რომ კომპანიამ საყდრისის ბორცვზე 2014 წლის 13 დეკემებრს განახორციელა აფეთქება, თუმცა აფეთქების ნებართვა 2015 წლის 6 იანვარს მიიღო.

 

სალაძე მიიჩნევს, რომ RMG Gold-მა დაარღვია კანონი და ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 15 საათზე საქართველოს მთავარ პრკურატურაში განცხადება შეიტანა.

 

იურისტის განმარტებით, საყდრისის უძველესი მაღარო მდებარეობს წიაღისეულით მდიდარ ტერიტორიაზე, რომლის ლიცენზიას კომპანია RMG Gold ფლობს. მთელი სალიცენზიო ტერიტორია დაყოფილია უბნებად და თითოეულ უბანზე წიაღისეულის მოპოვებას ცალ-ცალკე სჭირდება ნებართვის გაცემა. 

 

იურისტის განმარტებით, სალიცენზიო ტერიტორიაზე აფეთქების ნებართვას გასცემს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. სააგენტოსგან გამოთხოვილი დოკუმენეტების მიხედვით, RMG Gold-მა 1 უბანზე, სადაც საყდრისის მაღარო მდებარეობს, ასაფეთქებლი სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვა აფეთქებიდან 24 დღის შემდეგ მიიღო. 

 

“გამოძიება გულისხმობს იმას, რომ საკითხი სრულად იყოს შესწავლილი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კომპანიას არ ჰქონდა ნებართვა. კომპანიას დეტალურად უნდა სცოდნოდა, რა პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს ნებართვის გარეშე აფეთქებას. ჰქონდა თუ არა ვინემსგან კომპანიას გარანტია, რომ მიდი, შენ ააფეთქე და ამას არც არაფერი მოჰყვება”, – ამბობს სალაძე.

 

იურისტის თქმით, კომპანიამ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი დაარღვია. კომპანია RMG Gold აცხადებს, რომ გაკვირვებას იწვევს საია-ს მიერ საკითხის ამგვარი ტენდენციური ინტერპრეტაცია, რადგან კანონის აღნიშული მუხლი იმ შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელს, თუ არქეოლოგიურ ობიექტზე  სამუშაოებს აწარმოებენ არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე ხდება განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება შეიძლება გამოიწვიოს, ან ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება.

 

RMG Gold-ის განცხადებით, საია-ს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებული განცხადებაა.

 

“ის ფაქტი, რომ 2014 წლის 13 დეკემბრისათვის კომპანიას გააჩნდა არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) ნებართვა, იმთავითვე გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობას. არქეოლოგიური ობიექტი დაშლილი (აღებული) იქნა როგორც აფეთქების, ისე სპეცტექნიკის გამოყენებით. სამრეწველო დანიშნულების ფეთქი მასალის ნებართვის გარეშე გამოყენებისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ შესახებ კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 19.12.2014წ. დადგენილების საფუძველზე აღნიშული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიება კომპანიის მიმართ გატარდა”, – აცხადებს RMG Gold.

 

კომპანია აცხადებს, რომ საია, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“ და ყაჩაღიანის თემით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ერთიან ჯგუფს, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს და მიზნად ისახავს სიცრუის ტირაჟირების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფერხებას.

პოლიცელებსა და დაცვის წევრებს საყდრისის ბორცვისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქოქნდათ. 15.12.2014
პოლიცელებსა და დაცვის წევრებს საყდრისის ბორცვისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქოქნდათ. 15.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი