ხელოვნება

რა პრიორიტეტები აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2015 წელს

9 მარტი, 2015 • • 1740
რა პრიორიტეტები აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2015 წელს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინფორმაციით, 2015 წელს სააგენტო იწყებს მუშაობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კოდექსზე.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განმარტა, რომ ერთიანი კოდექსის საჭიროება განაპირობა იმან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებობს რეგულაციები, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ საჭიროა ამ წინააღმდეგოების გამოსწორება.

 

სააგენტოს ცნობით, კანონმდებლობაზე იტალიელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობს და საქართველო ევროპის ამ ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს.

 

“ჩვენს დარგში არსებობს მრავალი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც ძირითადად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ამიტომ ერთიანი დოკუმენტის შემუშავება ნიშნავს ამ დოკუმენტების ჰარმონიზაციას ერთმანეთთან”- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ დღეს გამართული ანგარიშის პრეზენტაციაზე.

 

სააგენტომ ქართულ დამწერლობის სამივე სახეობას, ნუსხურს, ასომთავრულსა და მხედრულს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რომელსაც ასევე ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, როგორც “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას”.

 

სააგენტო გეგმავს, რომ ამის შემდეგ ქართული დამწერლობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდროების ნუსხაში წარადგინოს. ნიკა ანთიძის თქმით, იუნესკოს ნომინაციაზე მუშაობა და მოკლე ფილმის გადაღებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

 

ნიკა ანთიძემ დღეს სასტუმრო რედისონში სააგენტოს სხვა გეგმების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც 2015 წელს განხორციელდება.

 

სააგენტოს გეგმაში შედის ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო დოკუმენტის შემუშავება და ძეგლის რეაბილიტაცია, მირზა გელოვანის, ნიკო ნიკოლაძისა და დადიანების სასახლეში შემავალი ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია. ასევე, დადიანების ბოტანიკური ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

 

სააგენტოს დაპირებით, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი ნამოსახლარის ადგილას შეიქმნება ღია ცის ქვეშ მუზეუმი. ნამოსახლარზე, მეცნიერების თქმით, 300 ათასი წლის განმავლობაში, ქვის ხანიდან რომაულ პერიოდამდე, ცხოვრება არ შეწყვეტილა.

 

2015 წელს დაგეგმილ ღონისძიებეს შორის არის სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და საქართველოს გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია. სქურის ეკლესიისა და დოდოს რქის ტერიტორიაზე ახალაღმოჩენილი ტაძრის რეაბილიტაცია.

 

სააგენტო მოელის, რომ ვარძიის ძეგლზე გამოვლინდება ახალი არქეოლგოური მასალები, რადგან იქ არქეოლოგიური კვლევა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ წარმოებულა.

 

წლის ბოლოს უნდა დასრულდეს მუცოს ციხე-სოფლის მთლიანი ქვედა უბანი. სააგენტოს ცნობით, ჩაჟაშში სამუზეუმო სივრცის შექმნისა და რამდნენიმე მაჩუბის რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ 7 ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყება.

 

სააგენტოს შეფასებით, გასულ წელს 25 ძეგლზე დაიწყო აღდგენითი სამუშაები, მათ შორის ღალიის მონასტერში კვიპროსზე. 20-მდე ძეგლის საპროექტო დოკუმენტაცია მოზადდა, რომლის შემდეგაც ძეგლების რეაბილიტაციის დაწყება გახდება შესაძლებელი.

დადიანების სასახლე, ვარძია, მუცო და ნოქალაქევი
დადიანების სასახლე, ვარძია, მუცო და ნოქალაქევი

მასალების გადაბეჭდვის წესი