ხელოვნება

რა სარგებელს მოუტანს ევროკავშირის ახალ პროექტში ჩართულობა ქართველ ხელოვანებს

18 თებერვალი, 2015 • • 1128
რა სარგებელს მოუტანს ევროკავშირის ახალ პროექტში ჩართულობა ქართველ ხელოვანებს

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, “შემოქმედებითი ევროპა” არის ევროკავშირის 6-წლიანი პროგრამა, რომელიც 2014-2020 წლებში უნდა განხორციელდეს.

 

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდი დოლარია. პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ორგანიზაციებს შეეძლებათ და არა ინდივიდუალურ პირებს.

 

კულტურის სამინისტრო გეგმავს, ქართველ ხელოვანებთან მოაწყოს შეხვედრები, სადაც ტექნიკური დეტალების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებენ განაცხადის წარდგენას.

 

სამინისტროს განმარტებით, დაფინანსების მეშვეობით საქართველოში არსებულ, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლისა და მსმენლის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.

 

“ევროპა პირველ რიგში არის ღირებულებათა ერთობა. კულტურა კი არის ის ენა, რომელზეც თანამედროვე საზოგადეობა დიალოგს აგებს. ეს ფაქტი არის მაჩენებლი იმისა, რომ ჩვენ იმ ენაზე ვსაუბრობთ, რა ენაზეც საუბრობდნენ ევროკავშირის ქვეყნები”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

საქართველოში ევროაკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის თქმით, პროგრამის მიზანია, ხელი შეეწყოს კულტურული და აუდიოვიზუალური სექტორების განვითარებას. დიპლომატის თქმით, ევროპაში გაიზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს იქნება შესაძლებლობა ევროპამ გაიცნოს ქართული კულტურა.

 

“თქვენს არტისტებს ექნებათ ახალი სივრცე, რათა თავისი შემოქმედება წარმოაჩინონ. მჯერა, რომ ამ შესაძლებლობით შეიქმნება ახალი კონტაქტები”, – განაცხადა ელჩმა.

 

იანოშ ჰერმანმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე ეკონომიკური ზრდის კუთხითაც.

 

საქართველოს კულტურის მინისტრის თქმით, პროგრამის საწევროს შენატანი წელიწადში 74 ათასი ევროა, რომლიდანაც ნახევარ თანხას წელს ევროკავშირი დაფარავს. პროგრამას საქართველო 24 თებერვალს ოფიციალურად შეუერთდება. ბრიუსელში, ევროკომისიის შენობაში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ხელი მოეწერება შეთანხმებას.

 

პროგრამაში “შემოქმედებითი ევროპა” მონაწილეობის მიღების უფლება შეუძლიათ ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და პოტენციურ და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი