კინოხელოვნება

ბერლინალე – გაზაფხული კინოს სამყაროში

7 თებერვალი, 2015 • • 1636
ბერლინალე – გაზაფხული კინოს სამყაროში

უზარმაზარი ისტორიის მქონე ფესტივალის მასშტაბები წლიდან-წლამდე  იზრდება. სტუმრების, პრესის წარმომადგენლებისა და რიგითი მაყურებლების რიგები სულ უფრო გრძელდება და ფართოვდება. ეს, ერთის მხრივ, ძალიან კარგი ფაქტი, მეორეს მხრივ, მყუდროებადაკარგულ და მასებზე გათვლილი ფესტივალის შეგრძნებას პირველივე დღესვე გიჩენს. თუმცა, სანამ ბერლინალე დაიწყება, მას უკვე გრძნობ მსოფლიოს ყველა კუთხეში, მაგრამ განსაკუთრებით მაინც გერმანიაში. როცა რადიოში ახალი ამბებს ბერლინალეთი იწყებენ და ერთი ტონით მაინც ცვლიან მუდმივად მყარად და ერთფეროვნად გაწონასწორებულ ხმებს. როცა S-Bahn-ით გადაადგილებისას, ვაგონში შენს წინ მჯდომი ქალბატონები სწორედ ბერლინალეზე საუბრობენ და სადგურიდან გამოხვალ თუ არა წითელი დათვი აფიშაზე, ხელის დაქნევის სურვილს შენც გიჩენს. რამდენიმე დღით ადრე მთელ ქალაქში ბერლინალეს სურნელი ტრიალებს და საოცრად გიმძაფრებს სურვილს, კინოსამყაროში დამდგარ გაზაფხულს შენც ფეხი აუწყო.

65-ე ბერლინალეს გახსნა, 5 თებერვალი, ბერლინი
65-ე ბერლინალეს გახსნა, 5 თებერვალი, ბერლინი

 

5 თებერვალს, წითელ ხალიჩაზე, ვარსკვლავთცვენის დროს,  ჟურნალისტების პირველი კითხვა მსახიობების მიმართ ის იყო, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ასეთ ყინვაში. თუმცა, ბელინში ხომ ამინდს 10 დღის განმავლობაში კინო ქმნის, თვითონ ეს ადამიანები, რომლებიც შემდეგ დღეებში მაყურებელს ეკრანზე უბრუნდებიან. ასე, რომ სხვაგან თუ არა პოტსდამერპლაცზე იმდენი ვარსკვლავია ერთად თავმოყრილი, აქ მაინც არ ცივა.

65-ე ბერლინალეს გახსნა, 5 თებერვალი, ბერლინი
65-ე ბერლინალეს გახსნა, 5 თებერვალი, ბერლინი

 

წლევანდელი საერთაშორისო ჟიურიც ასევე ვარსკვლავებით არის გადაჭედილი: გერმანელი მსახიობი დანიელ ბრული, სამხრეთ კორეელი რეჟისორი პონ ცჟუან ჰო, ამერიკელი პროდიუსერი მარტა დე ლაურენტისი, ფრანგი ვარსკვლავი ოდრი ტატუ, პერუელი რეჟისორი კლაუდია ლიოსა, ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი მეთიუ უაინერი 14 თებერვალს ოქროს დათვის მფლობელ ფილმს გამოავლენენ.

65-ე ბერლინალეს გახსნა, 5 თებერვალი, ბერლინი
65-ე ბერლინალეს გახსნა, 5 თებერვალი, ბერლინი

 

მანამდე კი, ფესტივალის პირველი დღე უზარმაზარი რიგებითა და გაწბილებული აკრედიტებული სტუმრებით დაიწყო, რადგან  ფილმებზე მათთვის კუთვნილი ბილეთები პირველი წუთებიდანაც აღარ არსებობდა. წლევანდელი ფესტივალი რომ განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა, ნათელია. თუმცა, მაყურებელთა ასეთმა ინტერესმა აკრედიტებულებს სასურველი ფილმის ნახვის შანსი დაუკარგა.

 

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ დღეებში და როგორ ამინდის შექმნიან კინოს ოსტატები თებერვლის ბერლინში.

ბერლინალე
ბერლინალე

მასალების გადაბეჭდვის წესი