კინოხელოვნება

მოგების გადასახადი – გადავადებული აუცილებლობა კინომწარმოებლებისთვის

5 თებერვალი, 2015 • • 1734
მოგების გადასახადი – გადავადებული აუცილებლობა კინომწარმოებლებისთვის

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელიც 2015 წლიდან ამოქმედდა, კინომწარმოებლები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული კინოცენტრის თანადაფინანსებას მიიღებენ, მოგების გადასახადს, თანადაფინანსების 15%-ს ფილმის “ექსპლუატაციაში შესვლამდე”, ანუ ფილმზე მუშაობის დასრულებამდე შეეძლება.

 

კულტურის სამინისტრო განმარტავს, რომ ამ დრომდე არსებული რეგულაციით, ფილმის მწარმოებლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დაბეგვრა ჯერ კიდევ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლამდე დაექვითებოდა, რაც ხელს უშლიდა კინომწარმოებლებს მოპოვებული დაფინანსების სრულფასოვნად გამოყეებაში.

 

ვერიკო შარაბიძის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მენეჯერის განმარტებით, “ექსპლუატაციაში შესვლა გულისხმობს, რომ “ფილმს აჩვენებენ კინოცენტრში და გაკეთდება დასრულების აქტი ამ კინოფილმზე”.

 

კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რომ სამინისტროში მუშაობის დღიდან მან კინოს სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე დაიწყო მუშაობა.

 

“კინოინდუსტრიაში ვინც მუშაობს, ყველამ იცის, რომ მძიმე არის ის კანონი, რომელსაც ვუწოდებთ მოგების გადასახადს. ისედაც უმცირესი დაფინანსება მიდის კინოცენტრიდან და იმწამსვე იჭრებოდა ეს 15%”, – მიაჩნია ნანა ჯანელიძეს.

 

კულტურის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და “ხელშეწყობა არ იყოს მხოლოდ დეკლარირებულ და საუბრების დონეზე”.

 

მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება კინომწარმოებლებს საშუალებას მისცემს, რომ მოპოვებული დაფინანსება ეფექტურად გამოიყენონ.

 

პროდუსერ ვოვა კაჭარავას მიაჩნია, რომ მოგების გადასახადი კი არ უნდა გადავადებულიყო, არამედ საერთოდ უნდა გაუქმებულიყო კინომწარმოებლებისთვის.

 

“წესით და რიგით, უნდა მოხსნილიყო მოგების გადასახადი, იმიტომ, რომ სტატუსი არ აქვს. კინოცენტრი არის საგრანტო, მაგრამ სტატუსი არ აქვს გრანტის და როგორც საჩუქარი, ასე გამოდის. შესაბამისად, შემოსავალში ჯდება იმიტომ, რომ ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა არ არის მორგებული კინოზე. როგორც აგვიხსნეს, ეს მოიხსნაო და მაინც დაველოდებით, როცა ოფიციალურად დადებენ კანონმდებლობას, წავიკითხავთ ტექსტს, მერე უფრო შევძლებთ. თუ მოგების გადასახადი შენარჩუნდა, ეს ძალიან ცუდია”, – ამბობს კაჭარავა. .

 

რეჟისორი თინა გურჩიანიც მოელოდა, რომ მოგების გადასახადი გაუქმდებოდა.

 

“მე მეგონა, საერთოდ მოხსენს, ჩვენ მაგის იმედი გვქონდა, რომ საერთოდ მოიხნებოდა, კი არ გადავადდებოდა. ეს ხომ სუბსიდირებული თანხებია და 20%-ს ცალკე გადასახადს ვიხდით და ცალკე- მოგების გადასახადს. ისედაც ამ ძალიან მწირი ბიუჯეტიდან რაღაც თანხას ისევ სახელმწიფოს ვუბრუნებთ. სულ იმედი გვაქვს, რომ ის ორივე გადასახადი მოიხსნება ოდესმე,”- იმედოვნებს რეჟისორი.  

 

თინა გურჩიანი ამბობს, რომ კინოცეტრს ისედაც მცირე თანხები აქვს გამოყოფლი ფილმებისთვის და მოგების სუბსიდიის გადასახადებით დაბეგვრა კიდევ უფრო ამცირებს ფილმის ბიუჯეტს.

 

“მომავალი წლის თანხები რაც გაიცემა, იმდენად ცოტა ფულია, რომ სრულმეტრაჟიან კონკურსში მხოლოდ ორი ფილმისთვის მოვახერხეთ გაცემა და ისიც ძალიან დაბალი თანხა არის სულმეტრაჟიანი ფილმისთვის. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა იმისთვის, რომ ქართული კინო გადარჩეს.

 

რეჟისორი ამბობს, რომ თავისი დოკუმენტური ფილმის, “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” გადასაღებად სახელმწიფო დაფინანსებიდან მიღებული 40 ათასი ლარის 35% გადასახადებში დაიხარჯა.

“მოგვცეს თავის დროზე 40 ათასი დოკუმენტური ფილმისთვის და დაახლოებით 35% ჩვენ გადასახადების სახით დავაბრუნეთ. მთლიანად 40 ათასი ვერ გამოვიყენეთ. ძალიან მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში ძალიან წამგებიანი იყო”, – ამბობს თინა გურჩიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი