ხელოვნება

ჯანლუკა მარჩანოს წასვლაზე თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებები

4 თებერვალი, 2015 • • 1703
ჯანლუკა მარჩანოს წასვლაზე თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებები

დავით კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ჯანლუკა მარჩანოსთან, სანამ ის დატოვებდა თანამდებობას, საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, მან ორკესტრთან ერთად მარჩანოს ყველა შეკითხვას პასუხი გასცა რის შემდეგაც მარჩანომ თქვა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა ორი დღის შემდეგ მაინც განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ.

 

კინწურაშვლი ამბობს, რომ ჯანლუკა მარჩანოს ოპერის მთავარი მოწვეული დირიჟორის კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მარჩანოს სურვილით ერთი თვით გაფორმდა და რომლის ვადაც 2015 წლის 31 იანვარს ამოიწურა. 

 

“მე მას შევთავაზე თეატრში მოწვეული მთავარი დირიჟორის პოსტი, რომელიც მას ჰქონდა, მხოლოდ მას ვერ ექნებოდა შესაბამისი ანაზღაურება, რადგან საქართველოში არ იმყოფება დიდი ხნის განმავლობაში დროის უქონლობის გამო. იგი მოღვაწეობს უცხოეთშიც და მაქსიმუმ სამი თვე იყოს მხოლოდ საქართველოში”, – განაცხადა კინწურაშვლმა.

 

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ იძულებული გახდა საშტატო ერთეულიდან ამოეღო მთავარი დირიჟორის თანამდებობა, რადგან თეატრს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი მთავარი დირიჟორი, ხოლო მარჩანოს მოუცლელობა ორკესტრის წინსვლაზე უარყოფითად აისახებოდა.

 

ამის გარდა, კინწურაშვილი საუბრობს ფინანსურ მხარეზეც. მისი თქმით, მარჩანო თითო სპექტაკლის დირიჟორობისთვის 4 ათას ევროს ითხოვდა, რისი გაღების საშუალებაც თეატრს არ გააჩნდა. კინწურაშვილის განმარტებით, ოპერა მარჩანოს წელიწადში 10-15 სპექტაკლის დირიჟორობას სთავაზობდა.

 

“მთავარი დირიჟორთან ხდება სტრატეგიული საკითხების შეთანხმება, შემდეგ ორკესტრის აღზრდაზე, მის განვითარებაზე არის პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ეს ვერ ხდებოდა მისი დროის უქონლობის გამო. ჩვენ შევთანხმდით მოწვეული დირიჟორის სტატუსზე, რომელსაც თვით ჯანლუკა მარჩანო აწერს ხელს. თეატრს ვერ ეყოლებოდა ორი მთავარი დირიჟორი, მე იძულებული გავხდი, რომ ამომეღო მთავარი დირიჟორი საშტატო ერთეულიდან და გამხდარიყო მოწვეული მთავარი დირიჟორი”, – განაცხადა კინწურაშვილმა.

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ დავით კინწურაშვილი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი ითავსებს თეატრში დირიჟორის თანამდებობას.

 

“სამხატვრო ხელმძღვანელი, როგორც წესი, ყოველთვის არის სამხატვრო ხელმძღვანელი და ასევე იყო მთავარი დირიჟორი. მე არ ვირიცხები როგორც მთავარი დირიჟორი და ასევე ვეწევი სადირიჟორო საქმიანობას”, – განაცხადა კინწურაშვლმა.

 

იგი სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირიჟორის სარგოს, ჯამში, 5200 ლარს იღებს ხელფასის სახით. კინწურაშვილი ამბობს, რომ თბილისის ოპერის თეატრი არჩევს იმ კანდიდატურას, თუ ვინ დაიკავებს ოპერის მოწვეული მთავარი დირიჟორის თანამდებობას. მცირეხნიანი კონტრაქტები გაფორმდება მოწვეულ მთავარ დირიჟორებთან.

 

2 თებერვალს ჯანლუკა მარჩანომ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ დატოვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რადგან თეატრში არის “სტაგნაცია”. ჯანლუკა მარჩანო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი 2010 წლიდან იყო.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი