ხელოვნება

უკრაინული კინოს დღეები საქართველოში

27 იანვარი, 2015 • • 1132
უკრაინული კინოს დღეები საქართველოში

29 იანვარს, 19 საათზე, თბილისში, კინოთეატრ რუსთაველში (მე-2 დარბაზი) უკრაინული კინოს დღეები ოლეს სანინის „მეგზურით“ გაიხსნება. დღეები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ფეესბეს მიერ დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის – ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად იმართება.

 

“უკრაინული კინოს დღეები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით თბილისში პირველად ჩატარდება. სოლიდარობასთან ერთად, ამ დღეების მიზანია, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს თანამედროვე უკრაინული კინემატოგრაფი”, – განმარტავს კინოცენტრი.

 

ოლეგ სენცოვი უკრაინელი რეჟისორი მეიდნის აქციების აქტივისტი იყო და უკრაინის ერთიანობისთვის იღწვოდა, ეხმარებოდა უკრაინელ მეომრებს ყირიმის ანექსიის დროს. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 2014 წლის მაისში დააკავა და დღეს მოსკოვში, ლეფორტოვოს ციხის პატიმარია. სენცოვს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

სენცოვის გასათავისუფლებლად მსოფლიოს კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელდა არაერთი პეტიცია რეჟისორის გათავისუფლების მოთხოვნით, მათ შორის საქართველოშიც.

 

კინოცენტის ცნობით, სენცოვის მხარდასაჭერი უკრაინული კინოს დღეები უკრაინის 10 ქალაქში უკვე ჩატარდა. ახლა უკვე ქართველ მაყურებელს ექნება საშუალება მხარდაჭერა გამოუცხადოს პოლიტპატიმარ რეჟისორს და გაეცნოს თანამედროვე უკრაინულ ფილმებს.

 

მათ შორის: ოლეგ სენცოვის დებიუტს „მოთამაშე“, უკრაინიდან ოსკარზე წარდგენილ ოლეს სანინის ფილმს „მეგზური“, ელენა ფეტისოვას და სერჟ ავედიკიანის ქართულ-უკრაინულ კოპროდუქციას „ფარაჯანოვი“, ასევე, დოკუმენტური ფილმების კრებულს „ბაბილონი #13“ – „იარაღზე ძლიერი“, რომელიც მეიდნის მოვლენებს და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებს ასახავს.

 

ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოსახლში „ქოლგა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი