ხელოვნება

ჯაზ-ფესტივალის “ნათელი დღე”: როი ეიერსის დაბრუნება [ვიდეო]

28 ოქტომბერი, 2014 • • 1667
ჯაზ-ფესტივალის “ნათელი დღე”: როი ეიერსის დაბრუნება [ვიდეო]

კონცერტი შეპარდის კვარტეტმა გახსნა. ბრიტანელმა მუსიკოსმა მსმენელს ერთსაათიანი პროგრამა შესთავაზა. ჯაზის მოყვარულებმა ჯგუფის გამოსვლა დადებითად შეაფასეს, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა საქსაფონისტმა ვერ შეძლო ისეთი ემოციების გამოწვავეა, როგორიც როი ეიერსის ბენდმა.

 

ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შაპარდმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე ჯაზის განვითარებაზე. მუსიკოსმა 350-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა, რომელიც აზიის, აფრიკის და ჩრდილოეთ ამერიკის უნიკალური ჰანგებით ხასიათდება.

 

კითხვაზე, როგორ მოხერხდა ამდენი ბენდის ჩამოყვანა და რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია კომპანიას ჯაზფესტივალის ორგანიზებისას, “ისთერნ პრომოუშენის” დირექტორი, გიორგი კერესელიძე გვპასუხობს:


“ისთერნ პრომოუშენს” მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა მუსიკოსთან აქვს კავშირი. ერთადერთი პრობლემაა ვადები და ტურები, რომელიც თანმხვედრია იმ ყველა პირობის, რომელიც ჩვენი მხრიდანაც არის და მუსიკოსების მხრიდანაც. მოხარულები ვართ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი დაემთხვა და როის ჩამოყვანა მოხერხდა თბილისში.”

 

როი ეიერსი – მუსიკის სიყვარული გენეტიკურად

კონცერტის მეორე ნახევარი, მელომანთა შეფასებით, ნამდვილი “ნათელი დღე” იყო. მუსიკოსის გამოჩენას აუდიტორიის ოვაციები მოჰყვა და მალევე სცენასთან საცეკვაო ადგილი მოეწყო. მსმენელთა უმრავლესობა ამერიკელ  მუსიკოსს დაჟინებით თხოვდა მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციის “Everybody Loves the Sunshine”-ის შესრულებას, რომელიც ბენდმა მალევე შეასრულა.

ეიერსი: მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა კიდევ ერთხელ ჩამოვალ. 26/01/2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ეიერსი: მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა კიდევ ერთხელ ჩამოვალ. 26/01/2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

“ნეო-სოულის მამად” წოდებული როი ეიერსი საქართველოში ათი წლის შემდეგ, სწორედ თბილისის მე-17 ჯაზფესტივალის ეგიდით ჩამოვიდა. მუსიკოსი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კონცერტით ძალიან ნასიამოვნები დარჩა. ეიერსმა აუდიტორია დადებითად შეაფასა და საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა:

 

“ძალიან ვისიამოვნე კონცერტით, ის იყო ძალიან სასიამოვნო. მსმენელი იყო შთამბეჭდავი. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა კიდევ ერთხელ ჩამოვალ. აქ 10 წლის წინ ვიყავი, მაგრამ ამჯერად, იმედია, მალე ჩამოვალ. მართლა შესანიშნავად გავატარე დრო. მსმენელი ძალიან კარგად დაგვხვდა და სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ჩამოვიდე”.

 

მელომანები მიიჩნევენ, რომ როი ედვარდ ეიერსს მუსიკის სიყვარული გენეტიკურად გადაეცა. მისი დედა, რაბი, სკოლაში მუსიკის მასწავლებელი იყო, მამა, როი, კი – ტრომბონისტი. ეიერსმა პიანინოზე დაკვრა 5 წლის ასაკში დაიწყო. 60-იანი წლებისთვის უკვე წარმატებული ჯაზვიბრაფონისტი იყო, მაგრამ მან მალე შეიცვალა მიმდინარეობა და 70-80-იანი წლებში თავისი ბენდის მოღვაწეობა R&B-ის მიმართულებით წაიყვანა.

 

ათწლიანი ლოდინის შემდეგ ჯაზის მოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ, “ნეო-სოულის მამად” წოდებული რეი ეიერსის შესრულება ცოცხლად მოესმინათ. მელომანების ამ კატეგორიას მიეკუთვნება სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილიც, რომელიც მადლობას უხდის ფესტივალის ორგანიზატორებს ეიერსის თბილისში ჩამოყვანისთვის:

 

“ძალიან ნასიამოვნები და გაბრუებული ვარ. შესანიშნავი საღამო იყო. ჰიპ-ჰოპის დიდი მოყვარული ვარ, ფანკის, და როი ეიერსი ჩემთვის ნამდვილი ლეგენდაა. მართლა ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი როი ეიერსის ცოცხალ შესრულებას. ჩემთვის საოცარი დღე იყო და დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მოახერხეს და როი ეიერსისნაირი პერსონაჟი ჩამოიყვანეს ჩვენთან. ბევრი შეიძლება ვერ აფასებს სათანადოდ ამ ადამიანის გენიას, მაგრამ ჩემთვის იგი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია და მართლა ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ამ კონცერტზე.”

 

კონცერტის დასრულების შემდეგ “თბილისი ივენთ ჰოლის” ფოიეში მუსიკოსებმა ჯაზის მოყვარულებთან ერთად სამახსოვრო ფოტები გადაიღეს და მსურველებს ავტოგრაფებიც დაურიგეს. ბენდის კიდევ ერთმა ვოკალისტმა,  ჯონ პრესლიმ, კონცერტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მელომანს როი ეიერსის ალბომი გადასცა საჩუქრად.

 

ჯაზფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში 30 ოქტომბრამდე გრძელდება ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით “All That Jazz”; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს ფოტოგამოფენას მასპინძლობს. ფოტოგრაფი თავად იმყოფება საქართველოში და ამჯერად თბილისის მე-17 ჯაზფესტივალის შესახებ ამზადებს ფოტოარქივს.

 

ფოტოგრაფი ქრისტიან როზე სპეციალიზებულია მუსიკაში და 1965 წლიდან თანამშრომლობს ჟურნალებთან, რომლებიც მუსიკაზე წერენ. მის ფოტოობიექტივში მოხვდნენ ცნობილი მუსიკოსები: ნინა სიმონე, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჩარლი მინგუსი, ელა ფიცჯერალდი, ჯეიმს ბრაუნი.


როგორც ფოტოგრაფმა განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მისი საქმიანობა მუსიკის სიყვარულით დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება. როზე ამბობს, რომ ეს მისთვის იყო შანსი, შეხვედროდა ცოცხალ ლეგენდებს, ჰქონოდა მათთან ურთიერთობა და ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალად.


თბილისის ჯაზ-ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS მხარდაჭერით მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორია “ისთერნ პრომოუშენსი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი