ხელოვნება

თბილისის ჯაზფესტივალი: ანატ კოენი და ჯორჯ მელის დაბრუნება [ვიდეო]

25 ოქტომბერი, 2014 • • 1706
თბილისის ჯაზფესტივალი: ანატ კოენი და ჯორჯ მელის დაბრუნება [ვიდეო]

ჯაზფესტივალის მეორე კონცერტი “თბილისის ივენთ ჰოლში” ანატ კოენის კვარტეტმა გახსნა. ჯაზის მოყვარულებმა ისრაელელი მუსიკოსის შერეული კომპოზიციები მოისმინეს. სხვადასხვა კომპოზიცია შეასრულა გიორგი მელიქიშვილის კვარტეტმაც, რომლის უმეტესობა თვითონ ბენდის წევრების შექმნილია.

 

პირველი კონცერტის მსგავსად, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, ადგილების გარკვეული რაოდენობა ამჯერადაც ცარიელი დარჩა. მსმენელთა უმრავლესობამ დარბაზი კონცერტის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ დატოვა. მიუხედავად ამისა, მუსიკოსებმა და ფესტივალის ორგანიზატორებმა აუდიტორია დადებითად შეაფასეს.

 

ანატ კოენს, რომელიც, მსმენელის შეფასებით, საქსაფონისა და კლარნეტის ნამდვილი ვირტუოზია, არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული კარიერის განმავლობაში. მუსიკოსის ჩამოყვანაში, “ისთერნ ფრომოუშენსთან” ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ისრაელის საელჩო საქართველოში.

 

კოენი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ბენდისთვის დიდი პატივია ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა. მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა ჯაზფესტივალის ორგანიზატორებს, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი სულ რაღაც ხუთ საათში შეუყვარდა:

 

“ჩემთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა და ქართველი მსმენელისათვის ჯაზის შესრულება; ნიუ იორკელ, პარიზელ მუსიკოსებთან ერთად დაკვრა; ჩემს ფრანგ მეგობრებთან ერთად შესრულება, ჩემს მეგობარ გიორგი მელიქიშვილთან ერთად დაკვრა… ძალიან დიდი მადლობა ყველას! თბილისში სულ 5 საათია რაც ვიმყოფები და მიყვარს აქაურობა!”

 

კონცერტის პირველი ნახევრის შემდეგ მსმენელს ანეტ კოენის ალბომისა და სხვადასხვა აქსესუარების შეძენა შეეძლო. ბენდის ლიდერმა ჯაზის მოყვარულებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. აუდიტორია მუსიკოსს განსაკუთრებული ოვაციებით დაემშვიდობა.

ანეტ კოენის კვარტეტი. 24/10/2014. თბილისის ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ანეტ კოენის კვარტეტი. 24/10/2014. თბილისის ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

GEORGE MEL – დაბრუნება 20 წლის შემდეგ

 

გიორგი მელიქიშვილი, ქართველი დრამერი, რომელიც საკუთარ თავს ხუმრობით ბენდის “დემოკრატ ლიდერს” უწოდებს, 20 წელია ნიუ იორკის [აშშ] კლუბებში უკრავს და ამ ხნის განმავლობაში ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგომის შესაძლებლობა არ მისცემია.

 

მუსიკოსმა “თბილისი ივენთ ჰოლში” შეკრებილ ჯაზის მოყვარულბს ორსაათიანი პროგრამა შესთავაზა. აუდიტორიის მხრიდან განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია “დემოკრატი ლიდერის” მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ, სახელწოდებით “mãe” (დედა), რომელიც ბრაზილიურ ჰანგებზეა შექმნილი. მელიქიშვილმა ეს კომპოზიცია დედამისს მიუძღვნა, რომელიც “თბილისი ივენთ ჰოლში” იმყოფებოდა.

 

მელიქიშვილი ამბობს, რომ ქართველი მსმენელის წინაშე ყოველთვის დიდი სიამოვნებით გამართავს კონცერტს. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ქართველ მსმენელთან ოცწლიანი განშორების შემდეგ ძალიან ღელავდა:

 

“ისეთი ენერგეტიკა მოდიოდა სცენაზე. ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვიყავი. “ისთერნ ფრომოუშენმა” ყველანაირად შეგვიწყო ხელი ყველაფერში. ოცი წლის წინ ვერ წარმომედგინა, რომ ამ პერიოდში ესეთ დონეზე შეძლებდა ვინმე ფესტივალის ორგანიზებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პირველი და არაუკანასკნელი ჩამოსვლა იყო.”

 

მელიქიშვილის კვარტეტი საქართველოში ორი დღეა იმყოფება. მუსიკოსის თქმით, მისი ბენდის წევრები საქართველოთი აღფრთოვანებული არიან და კომპლიმენტებსაც არ იშურებენ. მუსიკოსი აპირებს, რომ ქართული სცენისა და შემოქმედებითი მუსიკის გასაცნობად ორი თვე დარჩეს საქართველოში.

 

გიორგი მელიქიშვილი ასრულებს კომპოზიცია mãe-ს. 24/10/2014. თბილისი ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
გიორგი მელიქიშვილი ასრულებს კომპოზიცია mãe-ს. 24/10/2014. თბილისი ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

“ისთერნ ფრომოუშენსის” დირექტორი, გიორგი კერესელიძე იმედოვნებს, რომ ფესტივალის მომდევნო დღეებში უფრო კარგი დასწრება იქნება. მისი თქმით, ზედიზედ მეორე კონცერტი ძალიან გრძელი გამოვიდა და ქართველებს უჭირთ ხოლმე ერთ ადგილზე ჯდომა.

 

“ფაქტობრივად, თავიდან ანშლაგი იყო. ძალიან გრძელი დღე გამოვიდა, ორი კონცერტი, და ცოტა უჭირთ ხოლმე ქართველებს ძალიან დიდი ხანი ერთ ადგილზე ჯდომა. იმედია, ნელ-ნელა მიეჩვევიან. როცა ფესტივალი ნელ-ნელა კრიფავს ხოლმე, მერე უკვე თვითონაც ეშხში შედის მსმენელი და ეჩვევა; ორი-სამი საათი, მეტიც, კონცერტებს უსმენენ,” – გვითხრა კერესელიძემ.

 

ჯაზფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში პირველად იმართება ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით “All That Jazz”; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს ფოტოგამოფენას მასპინძლობს.

 

ფოტოგრაფი ქრისტიან როზე სპეციალიზებულია მუსიკაში და 1965 წლიდან თანამშრომლობს ჟურნალებთან, რომლებიც მუსიკაზე წერენ. მის ფოტოობიექტივში მოხვდნენ ცნობილი მუსიკოსები – ნინა სიმონე, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჩარლი მინგუსი, ელა ფიცჯერალდი, ჯეიმს ბრაუნი. გამოფენის კურატორები ნინო მეტრეველი და შალვა ხახანაშვილი არიან. მის ფოკუსში ჯაზი იქნება მოქცეული.

 

ფრანგი ფოტოგრაფი თავად იმყოფება საქართველოში და ამჯერად თბილისის მე-17 ჯაზფესტივალის შესახებ ამზადებს ფოტოარქივს. როგორც ფოტოგრაფმა განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მისი საქმიანობა მუსიკის სიყვარულით დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება. როზე ამბობს, რომ ეს მისთვის იყო შანსი, შეხვედროდა ცოცხალ ლეგენდებს, ჰქონოდა მათთან ურთიერთობა და ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალად.

 

თბილისის ჯაზფესტივალზე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მოწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის, ჯორჯ მელის და ანატ კოენის კვარტეტები. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალზე მონაწილეობას იღებენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებიც.

 

სტენლი კლარკი ახალგაზრდა ქართველ მუსიკოს ბექა გოჩიაშვილთან ერთად ევროტურს საქართველოში, სწორედ ჯაზფესტივალის ფარგლებში იწყებს; დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრავს პიანისტი გიორგი მიქაძე.

ჯაზფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია “ისთერნ პრომოუშენსი”. ფესტივალი 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძების პირველ სამ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი მასპინძლობს, ხოლო დანარჩენ ორს – “თბილისის ივენთ ჰოლი”. ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი