კინოხელოვნება

“ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე” – სპეციალური პროგრამა ბუსანის კინოფესტივალზე

6 ოქტომბერი, 2014 • • 2365
“ქართველი ქალი კინორეჟისორების  სიძლიერე” –  სპეციალური პროგრამა ბუსანის კინოფესტივალზე

ქალი კინორეჟისორების 12 განსხვავებული ფილმი, საქართველოს პირველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ნამუშევრიდან „ახალი ქართული ტალღის“ თაობის წარმომადგენლებამდე. სპეციალური პროგრამა ეძღვნება საქართველოს და ქართველ ქალ რეჟისორებს.

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ქართული ფილმები ბუსანის ფესტივალზე პირველად მონაწილეობს. ამ წლის სპეციალური პროგრამა მოიცავს 12 ფილმს, მათ შორის პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის მიერ 1930 წელს გადაღებულ ფილმს „მაღალმთიანი რაჭის ისტორია“.

 

იმის გარდა, რომ ნუცა ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორია, იგი ქალი რეჟისორების სამი თაობის სათავეში დგას. მისი ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის მიერ გადაღებული ფილმი „დღეს ღამე უთენებია“ წარმოდგენილი იყო კანის საერთაშორისო  კინოფესტივალზე;  მისი შვილიშვილი – სალომე ალექსი-მესხიშვილი პროდიუსერი და რეჟისორია. 

 

ბუსანის წლევანდელი კინოფესტივალის მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ერთი ქართული ოჯახის სამი წარმომადგენლისა და სხვა ქართველი ქალი რეჟისორების ფილმები. ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ 12 ფილმში ასახულია საქართველოს სოციალური პრობლემები, წინააღმდეგობა, დისკრიმინაცია და კონფლიქტი.

 

პროგრამაში წარმოდგენილი ფილმებია:

 

  • „ბუბა“ (ნუცა ღოღობერიძე)
  • „ბახმარო“ (სალომე ჯაში)
  • „პატარძლები“ (თინათინ ყაჯრიშვილი)
  • „ძმა“ (თეონა გრენადე-მღვდელაძე, ტიერი გრენადე)
  • „დღეს ღამე უთენებია“ (ლანა ღოღობერიძე)
  • „ფელიჩიტა“ (სალომე ალექსი-მესხიშვილი)
  • „გრძელი ნათელი დღეები“ (ნანა ექვთიმიშვილი, საიმონ გროსი)
  • „გაიღიმეთ!“ (რუსუდან ჭყონია)
  • „მარილივით თეთრი“ (ქეთი მაჭავარიანი)
  • „სუსა“ (რუსუდან პირველი)
  • „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ (თინათინ გურჩიანი)
  • “იავნანა” (ნანა ჯანელიძე)

 

სამხრეთ კორეაში ბუსანის ფესტივალს დაესწრებიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე, ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, ასევე რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, თინა გურჩიანი, ნანა ექვთიმიშვილი. 

 

სექციაში World Cinema ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“. ინდუსტრიული  კუთხით,  ნანა ექვთიმიშვილის პროექტი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მონაწილეობას მიიღებს აზიის პროექტების ბაზარზე – Asia Project Market.

 

ფესტივალის გალა პრემიერაზე ნაჩვენები იქნება მოჰსენ  მაჰმალბაფის ფილმი „პრეზიდენტი“, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ბრიტანულ კოპროდუქციას. ფილმის აზიურ პრემიერას დაესწრება მთავარი როლის შემსრულებელი მიშა გომიაშვილი.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი