ხელოვნება

ბოლნისში ძვ.წ. VI ათასწლეულის ნამოსახლარზე უცნაური ფორმის არხებს მიაკვლიეს

29 სექტემბერი, 2014 • • 2629
ბოლნისში ძვ.წ. VI ათასწლეულის ნამოსახლარზე უცნაური ფორმის არხებს მიაკვლიეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განმარტებით, ნასახლარზე ქვის, ძვლისა და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამ არეალში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულში განვითარებული იყო მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ხელოსნობა.

 

არქეოლოგების ყურადღებას იპყრობს დასახლებაში აღმოჩენილი არხები, რომლებსაც, ეროვნული მუზეუმის განმარტებით, უცნაური ფორმები აქვს და მეცნიერებმა ამ ეტაპზე არ იციან მათი დანიშნულება. არუხლოს ნამოსახლარი ბოლნისის რაიონის სოფ. ხიდისთავში მდებარეობს.

 

ეროვნული მუზეუმის განმარტებით, ექსპედიციის მიზანია კავკასიის ნეოლითური კულტურის ე.ი. მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვა-განვითარების პრობლემების შესწავლა, პერიოდიზაცია-ქრონოლოგიის დაზუსტება.

 

ამავე დროს, ექსპედიცია სტუდენტთა და ახალგაზრდა არქეოლოგთა სასწავლო ცენტრს წარმოადგენს, სადაც სწავლობენ და ცოდნას იღრმავებენ როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ახალგაზრდები.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად, ექსპედიციაში მონაწილეობენ მოწვეული სპეციალისტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან. ექსპედიციას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობს დოქტორი გურამ მირცხულავა, ხოლო გერმანიის მხრიდან -გერმანიის არქეოლოგიური მუზეუმის ევრაზიის განყოფილების პირველი დირექტორი, პროფესორი სვენდ ჰანსენი.

 

არუხლოს ნამოსახლარის შესწავლა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში აღმოჩენილმა ახალმა კულტურებმა კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურების მიმართ ინტერესის ზრდა განაპირობა და 2005 წლიდან არუხლოზე გათხრები განახლდა. წინა წლებში აღმოჩენილი მასალები მყარ ნიადაგს უქმნის ახლად აღმოჩენილ მასალებსა და შენობა-ნაგებობებს, აცხადებს ეროვნული მუზეუმი.

არქეოლოგიური აღმოჩენა არუხლოში
არქეოლოგიური აღმოჩენა არუხლოში

მასალების გადაბეჭდვის წესი