ხელოვნება

ლიტერატურული ფესტივალი “ლიტ ტური” დღეს დაიწყება

11 სექტემბერი, 2014 • • 1151
ლიტერატურული ფესტივალი “ლიტ ტური” დღეს დაიწყება
ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით ტარდება, რომელშიც მწერლები, გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები და კრიტიკოსები ჩაერთვებიან, იმისათვის, რათა ქართველი მწერლები გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, ტენდენციებს და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს.
 
 
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას კავკასიელი, აზიელი, ევროპელი და ქართველი გამომცემლები, ავტორები, ლიტერატურული აგენტები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები მიიღებენ.
 
 
“ეს მულტიკულტურული, მულტიპროფესიონალური ღონისძიებები კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის განვითარებას და მის პოპულარიზაციას გლობალური მასშტაბით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის და თანამედროვე ლიტერატურის განვითარებას და პოპულარიზაციას დასავლეთში”, – ამბობენ ორგანიზატორები.
 

ლიტერატურული ფესტივალი ლიტ ტური. 11.09.2014
ლიტერატურული ფესტივალი ლიტ ტური. 11.09.2014
ფესტივალის ძირითადი ნაწილი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, ხოლო ოფიციალური გახსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 სექტემბერს, 19:30 საათზე შედგება.
 

“ლიტ ტურის” ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდეს, რაც საქართველოს მოამზადებს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, Georgian American Alloys, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქათული წიგნის ეროვნული ცენტრი, Hungarian Books and Translations Office, Literature Across Frontiers, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, არტარეა, გამომცემლობა სიესტა, მწერალთა სახლი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ლიტერატურის მუზეუმი, რადიო “შოკოლადი”, Energy Solutions და GreenNet.

მასალების გადაბეჭდვის წესი