ხელოვნება

ქარელის რაიონში ანტიკური ხანის სამეფო სასახლე აღმოაჩინეს

22 ივლისი, 2014 • • 1962
ქარელის რაიონში ანტიკური ხანის სამეფო სასახლე აღმოაჩინეს

ეროვნული მუზეუმის ცნობით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად „დედოფლის გორაზე” სამეფო სასახლე გამოვლინდა, რომელიც ძვ.წ. II – ახ.წ. I საუკუნეებით თარიღდება. სასახლის გარდა, აღმოჩენილია დარბაზები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი, რკინის შამფურები, ბრინჯაოს სასწორი და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტი.

 

არქეოლოგების ვარაუდით, ძეგლი ახ.წ. 80 წელს, ძლიერი მიწისძვრის დროს განადგურდა. ამ დროისათვის სტრატიგრაფიულ ჭრილში გამოვლენილია ანტიკური, ადრერკინის, გვიანბრინჯაოს და ადრებრინჯაოს ხანის ფენები. იკვეთება ადრერკინის ხანის, ქვით ნაშენი გალავნის ნაშთები. სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა ოქროს ღილაკი, ქვევრის ფრაგმენტები და სხვა არტეფაქტები.

 

მუზუმის განცხადებით, ,,დედოფლის გორა” ქარელის რაიონში მდებარე ძვ.წ. IV ათასწლეულის – ახ.წ. VI საუკუნით დათარიღებული მრავალფენიანი ძეგლია, რომელსაც ეროვნული მუზეუმის პსეციალისტები და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგები სწავლობენ. 

 

კა-ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა როვა/ფოტო: ეროვნული მუზეუმი
კა-ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა როვა/ფოტო: ეროვნული მუზეუმი

ბორცვის შესწავლა გასული საუკუნის 80-იან წლებში იულონ გაგოშიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექსპედიციამ ანტიკური ხანის და ადრე შუასაუკუნეების „სასახლის” დიდი კომპლექსის ნაშთები აღმოაჩინა. მიმდინარე კვლევა 2013 წელს დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა არქეოლოგიურ ნამოსახლარზე კულტურული ფენების შესწავლას.

 

არქეოლოგიურ სამუშაოებში, რომელსაც ხელმძღვანელობენ იულონ გაგოშიძე და კა-ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა როვა, ქართველ და იტალიელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი