ხელოვნება

ფესტივალისთვის “საჩუქარი” მთავრობამ 450 ათასი ლარი გამოყო

14 ივლისი, 2014 • • 1278
ფესტივალისთვის “საჩუქარი” მთავრობამ 450 ათასი ლარი გამოყო

ფესტივალ “საჩუქარისთვის” 450 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი ბრძანება 2014 წლის 7 ივლისს გამოსცა. ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელმა ხათნა წულაძემ გვითხრა, რომ თუმანიშვილის თეატრს, რომელიც ‘საჩუქარის” ორგანიზატორია, მთელი ყურადღება ედინბურგის ფესტივალისკენ აქვს მიქცეული. 

 

ხათუნა წულაძის თქმით, თუმანიშვილის თეატრმა ედინბურგის ფესტივალზე უნდა წარადგინოს ჯორჯ ორუელის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ცხოველების ფერმა”, რომლის რეჟისორი გაი მასტერსონია. სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა 31 ივლისს გაიმართება. 

 

წულაძის თქმით, რეპეტიციები უწყვეტად 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამის გამო ჯერ “საჩუქრის” პროგრამა არ არის ცნობილი. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ წლევანდელ ფესტივალში მონაწილობას მიიღებს “სამი და”. საერთაშორისოდ აღიარებული რეჟისორის, პროდიუსერის და სცენარისტის ანდრეი კონჩალოვსკის წარმოდგენა „სამი და“ ფესტივალს 2014 წლის 19, 20 ოქტომბერს ესტუმრება. 

 

“საჩუქარი” გაიხსნება 17 ოქტომბერს ტადაში სუზუკისა და ანი ბოგარტის კომპანიის “SITI/Saratoga International Theater Institute” ნამუშევრით “რადიო მაკბეტი”, რომლის რეჟისორი ანი ბოგარტია, სცენოგრაფი – ჯეიმს სკუეთი, დრამატურგია ჯეი ედ ერაიზა.

 

ფესტივალში ასევე წარმოდგენილი იქნება ანტონ ჩეხოვის “ბიძია ვანია”, რომელიც რიმას ტუმინასმა დადგა. სპექტაკლის დადგმისა და კოსტუმების დიზაინერი ადომას იაკოვსკისია, კომპოზიტორი – ფაუსტას ლატენასი, განათების დიზაინერი კი -მაია შავდათუაშვილი. წარმოდგენა 30 და 31 ოქტომბერს გაიმართება. 

 

ფესტივალი საჩუქარი 2013
ფესტივალი საჩუქარი 2013

ფესტივალის ისტორია 16 წლის წინ დაიწყო.  “საჩუქარი” 1997 წელს ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნის, პერტის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალების მიერ დაარსდა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკლ კანი, ანდრეი კონჩალოვსკი, ტელმა ჰოლტი.

 

“საჩუქარი” 2010 წლიდან არ ჩატარებულა. მთავრობის შეცვლის შემდეგ, 2013 წელს ფესტივალი ისევ აღდგა, რომელსაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შარშან 200 ათასი ლარი გამოეყო. 

გაიმართება მარჯანიშვილის, რუსთაველის, თუმანიშვილის თეატრებშჲ. მხარდამჭერები არიან კულტურის სამინისტრო და მერია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი