კინოხელოვნება

“სიმინდის კუნძული”კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს [ვიდეო]

7 ივლისი, 2014 • • 2205
“სიმინდის კუნძული”კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს [ვიდეო]

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო წელს პირველად მოხვდა ოფიციალურ რჩეულთა შორის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.

„სიმინდის კუნძულის“ მსოფლიო პრემიერა 9 ივლისს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება და კონკურსში მონაწილე სხვა 11 ფილმთან ერთად ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის, „ბროლის გლობუსისთვის“ იბრძოლებს.  

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ოვაშვილმა მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას იმისთვის, რომ კულტურის სამინისტრო ფინანსურად დაეხმარა ფილმს, რომლის გადაღება ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო შეჩერებული იყო. 

გიორგი ოვაშვილის ფილმი სიმინდის კუნძული
გიორგი ოვაშვილის ფილმი სიმინდის კუნძული

„იმის მუხედავად, რომ უამრავი თანაპროდუსერია ამ ფილმში, ფილმი მოითხოვდა ძალიან უზარმაზარ რესურსებს“, – ამბობს გიორგი ოვაშვილი.

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ წარმატება უსურვა ოვაშვილის ფილმს და იმედი გამოთქვა, რომ ფილმი „სიმინდის კურძული“ კინოფესტივალიდან პრიზით დაბრუნდება:

„სულ რამდენიმე დღეში ძალიან კარგი ცნობა მოგვივა ჩეხეთიდან, კარლოვი ვარიდან, სადაც ჩატარდება რიგით 49-ე კინოფესტივალი. მთავარი პრიზი, რომლისთვისაც იბრძოლებს ჩვენი ფილმი, მე არ ვიტყვი -გიორგის ფილმი, არის „სიმინდის კუნძული“.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გიორგი ოვაშვილს ფილმისთვის „გაღმა ნაპირი“. ოდიშარიას თქმით, „გაღმა ნაპირის“ აფხაზური ვერსიაც დამუშავდება, რათა ფილმი აფხაზურენოვანი აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე ამბობს, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე საქართველო „საკმაოდ მსუყედაა წარმოდგენილი“.

„სიმინდის კუნძული” სრულიად სხვანაირი და ახლებული ხედვაა, განსხვავებული ქართული ახალი ტალღის ფილმებისაგან. გიორგი, როგორც ყოველთვის, ლიდერი არის, თავისი სათქმელი სხვანაირად მოაქვს. ეს არის ფილოსოფიური დრამა ძალიან საინტერესო ხედვით“, – ამბობს ნანა ჯანელიძე.

კინოფესტივალში ასევე მონაწილეობს ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“, რომელიც ნაჩვენები იქნება ფესტივალის სექციაში „Europe Now“. ეს განყოფილება ახალგაზრდა ევროპელი რეჟისორების  საუკეთესო ფილმების ათეულს წარმოაჩენს.

ლევან კოღუაშვილი ასევე იქნება ჟიურის წევრი სექციაში “East of the West”, რომელშიც 2011 წელს ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მარილივით თეთრი“ იყო წარმოდგენილი. სექცია „East of the West-Competiton“ წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, თურქეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მხატვრულ ფილმებს.

სექციაში „Work in Progress“ მონაწილეობს რუსუდან პირველის პროექტი “ძილის გაკვეთილები”. ფილმი ამჟამად პოსტპროდუქციის პროცესშია. ნანა ჯანელიძის თქმით, ფილმს უკვე აქვს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება, რომელიც არ ფარავს ფილმისთვის საჭირო სრულ თანხას. სექციაში მონაწილეობა რეჟისორს საშუალებას აძლევს, რომ პოტენციური დონორები მოიზიდოს.

9 ივლისს, გიორგი ოვაშვილის ფილმის პრემიერის შემდეგ ქართული მხარე წვეულებას გამართავს, სადაც როგორც ქართული, ასევე უცხოური კინოინდუსტრიის წამომადგენლები მოიყრიან თავს.

კარლოვი ვარის ფესტივალი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ კინოპლატფორმას წარმოადგენს. ფესტივალი სათავეს 1946 წლიდან იღებს და უკვე 49 წელია სხვადასხვა კატეგორიაში საუკთესო ფილმებს ავლენს.   

წელს ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით მელ გიბსონი ეწვევა, რომელსაც კინოში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის ჯილდო გადაეცემა. ფესტივალს ასევე დაესწრება გამოჩენილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი, რომელიც უკვე მესამედ წარდგება რეჟისორის ამპლუაში და მის ახალ ფილმს „Obsessive Rhythms“ წარმოადგენს.

ფესტივალის ერთ-ერთი სპეციალური სტუმარი იქნება ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ლაურა დერნიც, რომელიც კინოფესტივალის სტუმრებს დევიდ ლინჩის ფილმს „Wild at heart“ გაახსენებს.

 

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი

ყოველწლიურად კარლოვი ვარის ფესტივალს 850-მდე დისტრიბუტორი, გაყიდვების მენეჯერი თუ პროდიუსერი ესწრება, 700-მდე ჟურნალისტი სპეციალურად ამ ღონისძიების  გასაშუქებლად ჩადის ჩეხეთში, ასობით რეჟისორი, მსახიობი თუ პროდიუსერი პირადად წარადგენს საკუთარ ნამუშევარს დამსწრე საზოგადოების წინაშე, ყოველწლიურად იყიდება 120 ათასამდე ბილეთი. 

კარლოვი ვარის 49-ე კინოფეესტივალი 4 ივლისს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება. მთავარი საკონკურსო სექციის გარდა, ფესტივალი მოიცავს კიდევ ორ საკონკურსო სექციას -„Forum of Independence-Competiotion“ (დამოუკიდებლობის ფორუმი-კონკურსი) “Documentary Films – Competition” (დოკუმენტური ფილმების კონკურსი).

მასალების გადაბეჭდვის წესი