ხელოვნება

RMG და კულტურის სამინისტრო საყდრისზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან

13 ივნისი, 2014 • • 1457
RMG და კულტურის სამინისტრო საყდრისზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა “მწვანე ალტერნატივას” საჩივარი კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა კულტურის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება, რომლითაც საყდრსის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა.


მოსამართლის გადაწყვეტილებით საყდრისს კულტურული მემკვიდორების ძეგლის სტატუსი პროცედურული დარღვევებით მოესხნა და სამინისტრომ აღიშნული საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს. 


საქმეში მესამე მხარეს კომპანია RMG Gold-ი წარმოადგენს.


 

“კომპანია RMG არ ეთანხმება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ”, – აცხადებს კომპანია. 

'მწვანე მუშტის' მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა თემურ ჩიხრაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისა და სამოტივაციო ნაწილის გაანალიზების შემდეგ ჩამოყალიბდება, რა პოზიციას დაიჭერს სამინისტრო. 


“ჯერ არ ჩაგვბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება და ამიტომ დარწმუნებით არაფრის თქმა შემიძლია. განვიხილავთ, თუ რა მსჯელობას დაეყრდნო მოსამართლე ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. შემდეგ მივიღებთ სათანადო გადაწუვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არ გავასაჩივრებთ”, – ამბობს ჩიხრაძე.

 

თემურ ჩიხრაძე ამბობს, რომ  არ ეთანხმება სასამართლოს არგუმენტს იმ საკითხში, რომ საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა დროებით შექმნილ კომისიას, არამედ სამინისტროში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადასაწყვეტია:

 

“ამ კონკრეტულ საკითხში მოსამართლეს ვერ დავეთანხმები. თუმცა საინტერესოა, კიდევ რა საკითხებზე მსჯელობს მოსამართლე”. 

 

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო არ გაასაჩივრებს სასამართლოდ გადაწყვეტილებას, როგორი ფორმით განიხილვას სამინისტრო საყდრისის საკითხს მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროში ცვლილებები განხორციელდა, თემურ ჩიხრაძე პასუხობს:


“კულტურული მემკვიდროების დაცვის საბჭო, რომელიც არსებობდა იმ ფორმით, აღარ არსებობს. ეს არის შვიდი ადამიანისგან შემდგარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო და თუ დადგა ასეთი საკითხი, განიხილავს ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.”


თემურ ჩიხრაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო ჯერ დაკომპლექტებული არ არის. 

 

საყდრისის მაღარო მდებარეობს საყდრისში, RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე. კომპანიამ 2013 წლის თებერვალში მიმართა მაშინდელ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს, რომ საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, რადგან იგი უძველეს ოქროს მაღაროს არ წარმოადგენდა, ხოლო, მეორე მხრივ, კომპანიას წიაღისეულის მოპოვებაში ხელი ეშლებოდა. კულტურის სამინისტრომ და სააგენტომ საყდრისში RMG-ის წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა, რადგან ოქროს მაღაროს არსებობას “მითი” უწოდა. 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კულტურის მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისს საყდრისის კულტურული მემკვიდრების ძეგლს სტატუსი მოუხსნა დროებითი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. სასამართლომ 13 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი არა დროებით კომისიას, არამედ სამინისტროში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უნდა განეხილა. 

 

სასამართლო დავის პარალელურად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მოქალაქეების ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი მართავენ აქციებს, როგორც საყდრისში, ასევე სხვადასხვა უწყების შენობასთან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მოივია გერმანელი და ბულგარელი ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს საყდრისში 5 ათასი წლის წინადელი მაღაროს არსებობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი