ხელოვნება

ბათუმის მე-9 კინოფესტივალი 14-21 სექტემბერს გაიმართება

4 ივნისი, 2014 • • 2318
ბათუმის მე-9 კინოფესტივალი 14-21 სექტემბერს გაიმართება

ბათუმის კინოფესტივალი მოცავს სამ საკონკურსო სექციას: სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსს. საკონკურსო სექციის გარდა ფესტივალის დღეებში იმართება მასტერკლასები და ვორქშოფები. წლევანდელ ფესტივალზე მასტერკლასებს გაუძღვება რეჟისორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი.

კინოფესტივალის ორგაზინატორების განცხადებით, შენარჩუნდება ინდუსტრიული შეხვედრები. შარშან ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილე ქვეყნები საქართველოს გარდა იყო თურქეთი. წელს ინდუსტრიული ფორუმი მიიღებს სახელწოდებას Euro-Asian Transit, რაც გულისხმობს ორდღიანი შევხვედრების მოწყობას ინდუსტრიული პლატფორმის მონაწილე მხარეებს შორის.

ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილე მხარე იქნება სტამბულის კინოფესტივალი, რომელიც წინა წელსაც კინოფესტივალის პარტნიორი იყო. ზვიად ელიზიანის, კინოფესტივალის მენეჯერის თქმით, ისინი სხვა პარტნიორების მოძიებას განაგრძობენ.

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ელიზიანმა განმარტა, რომ ინდუსტრიული შეხვედრები ქართველ კინემატოგრაფისტებს საშუალებას აძლევს კავშირები დაამყარონ უცხოელ კოლეგებთან, რაც კოპროდუქციის განვითარებას უწყობს ხელს.

საავტოროს კინოს ფესტივალზე დაგეგმილია დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი, რომელიც ძირითადად ბათუმელი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. ელიზიანის თქმით, მასში ჩართვა თბილისელ სტუდენტებსაც შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში შეირჩევა ოთხი 4-5 წევრიანი გუნდი, რომელიც პრაქტიკული ხასიათის ცოდნას მიიღებს. 

ზვიად ელიზიანის თქმით, ეს იქნება სამეტაპიანი ტრენინგი: პირველ ეტაპზე სტუდენტები გაივლიან ტრენინგს სცენარის განვითარებაში, მეორე ეტაპზე გაეცნობიან მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისურას, ხოლო მესამე ეტაპზე – პროდუსინგის სპეციფიკას.

ზვიად ელიზიანმა განმარტა, რომ საჭიროა სტუდენტებს ჰქონდეთ წინასწარი მონახაზი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა, რომელსაც ვორქშოფის შემდეგ დახვეწენ და შეეძლებათ შემდეგ სხვადასხვა პლატფორმაზე დაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენა.

წინა წლის მსგავსად გაგრძელდება კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე. შარშან ღია კინოჩვენებს კინოფესტივალის პოლონელი პარტნიორი Outdoor Cinema მართავდა და წელსაც ისინი გაუწევენ ორგანიზებას ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებს. 

 

ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალი

კინოფესტივალის ორგანიზატორები მოელიან 40 სრულმეტრაჟიან და დოკუმენტურ და 40 მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს საკონკურსო სექციებში მონაწილეობისთვის. კონკურსის მონაწილე ფილმების წარდგენის ბოლო ვადა ივლისის ბოლოა. ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელი და ჟიურის ყველა წევრის ვინაობა.

რაც შეეხება სერგო ფარაჯანოვის 90 წლის იუბილეს, ფესტივალის ბოლო დღეებში მოეწყობა სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა იური მეჩითოვის მიერ გადაღებული ფოტოებით. რეჟოსორის ფილმების ჩვენებასთან ერთად დაგეგმილია წიგნის პრეზენტაცია „სერგო ფარაჯანოვის კინო“, რომლის ავტორია ჯიემს სტეფენი. 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის თავმჯდომარე მიხეილ კობახიძე იქნება. ჟიურის სხვა წევრები ამავე სექციაში იქნებიან ალპერ ოზქანი, მირა სტალევა, პაველ ივანოვი.

მხატვრული ფილმების ჟიურის წევრები იქნებიან ფელიქს ფალკი, ალისა სიმონ, სემ კლებანოვი, ზაზა ურუშაძე, ხოლო ჟიურის თავმჯდომარე ივლისის ბოლოს დასახელდება.

 

ზვიად ელიზიანი, ბათუმის კინოფესტივალის მენეჯერი
ზვიად ელიზიანი, ბათუმის კინოფესტივალის მენეჯერი

ფილმების ჩვენებაზე დასწრება ისევ უფასო იქნება, ამბობს ზვიად ელიზიანი. მისი თქმით, მსურველებმა სასურვლია ონლაინ დაჯავშნონ ადგილები, რადგან ბათუმში კვლავაც მცირე ადგილია ფილმების საჩვენებლად. 

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი 2006 წელს დააარსა ბათუმის შემოქმედებითმა სახლმა “არაგანი”. ფესტივალი ყოველ წელს, სექტემბრის მეორე ნახევარში იმართება ქალაქ ბათუმში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი