ნეტგაზეთი | კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუცოს რეაბილიტაციას იწყებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუცოს რეაბილიტაციას იწყებს – Netgazeti
RU | GE  

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუცოს რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ მუცოს რეაბილიტაცია მიმდინარე წლიდან დაიწყება. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ მუცოს რეაბილიტაცია ძეგლის რელიეფის, მდებარეობის და არსებული გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, წლის ერთ-ერთი რთული და მასშტაბური პროექტი იქნება. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ მუცოს კომპლექსი არქიტექტორებთან ერთად მოინახულა და სამუშაო შესრულების გეგმა, გრაფიკი და მუცოს სრული აღდგენის მიზნით შესასრულებელი ეტაპები სპეციალისტებთან ერთად დაგეგმა. 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტიპოლოგიური თვალსაზრისით მუცოს ხუროთმოძღვრებაში სამი ძირითადი ნაგებობა გამოიყოფა: ციხე-სახლები, რომლებიც მთის არქიტექტურაში საყოველთაოდ გავრცელებულ გამაგრებული საცხოვრებლის მრავალფუნქციურ ტრადიციულ ტიპს განეკუთვნება; კოშკები, რომლებიც თავდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილია საზოგადოდ, და აკლდამები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია გავრცელებული და მუცოში დიდი სიმრავლითაა წარმოდგენილი. ნაგებობების მდგომარეობა სპეციალისტებმა სამ კატეგორიად დაყვეს: კატასტროფული, ავარიული და სტაბილური.

 

მუცოს ციხე-ქალაქი. 2014 წლის მაისი. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
მუცოს ციხე-ქალაქი. 2014 წლის მაისი. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

მუცოს რეაბილიტაციისთვის 2008 წელს სახელმწიფოს დაკვეთით კომპანია „არსის” საექსპედიციო ჯგუფმა საპროექტო დოკუმენტაცია შეიმუშავა. სააგენტო აცხადებს, რომ გეგმის შექმნიდან 6 წლის შემდეგ მუცოს ცალკეული კოშკების ფიზიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია. 

 

მუცო, რომელიც პირიქითა ხევსურეთის და ქვეყნის საზღვრის მცველი ურბანული კომპლექსია, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. ციხე-ქალაქი მდინარე არდოტისწყლის ხეობაში, სალკლდოვანი მთის სამხრეთის ფერდზეა გაშენებული. დასახლების ურბანული სტრუქტურა და ხუროთმოძღვრული სახე მთის ტრადიციული საზოგადოების თემურ-გვაროვნული ცხოვრების წესზე, რწმენა-წარმოდგენებზე, მეურნეობის მიმართულებებზე საუკეთესო წარმოდგენას ქმნის.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე მუცოში. 2014 წლის მაისი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე მუცოში. 2014 წლის მაისი

მუცოს დაცარიელება XIX ს-ის 80-იან წლებში დაიწყო და პროცესი XX საუკუნეშიც გაგრძელდა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1930-იან და 1950-იან წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, ხევსურეთის მოსახლეობის ინტეგრაციის მიზნით მათ ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოყვა: მეურნეობა მოიშალა, სოფლები დაიცალა, ხოლო მოვლა-პატრონობას მოკლებული შენობა-ნაგებობანი თანდათან დაზიანდა.

 

მუცო ადგილობრივი თემისგან საუკუნეზე მეტია მიტოვებულია. ამის მიუხედავად, ისტორიული დასახლება დღემდე ინარჩუნებს თავის დამახასიათებელ სახეს, ურბანულ სტრუქტურას, ციხე-სახლებისა და კოშკებისგან შემდგარი კომპლექსის მთლიანობას და სიმკვრივეს. თუმცა დანაკარგებისა და ნგრევის მატება წლიდან წლამდე ძალიან ნელა, მაგრამ არღვევს და აქვეითებს მუცოს მხატვრული ზემოქმედების ძალას, აცხადებს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტო. 

 

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა” პეტიცია მუცოს გადასარჩენად ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში შექმნა. პეტიციისხელმომწერები აცხადებდნენ, რომ კულტურის სამინისტრო მიერ გამოყოფილი 200 ათასი ლარი ძეგლის აღსადგენად საკამრისი არ იყო და უფრო მეტი თანხის გამოყოფას ითხოვდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი