ხელოვნება

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბილეთების ყიდვა 16 მაისიდან იქნება შესაძლებელი

16 მაისი, 2014 • • 1890
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბილეთების ყიდვა 16 მაისიდან იქნება შესაძლებელი

რიგით მერვე ჯაზფესტივალის კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ტენისის კორტებზე ჩატარდება. ფესტივალის ეგიდით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტების გარდა, ბენდი „MEN IN BRASS“ სამი დღის განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს, სადაც ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს ცოცხალი მუსიკის მოსმენის საშუალება ექნებათ.

 

ბილეთების ყიდვა მსურველებს 16 მაისიდან ვებგვერდზე BILETEBI.GE ექნებათ შესაძლებლობა. ხოლო  TBC ბანკის TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC  Status  ბარათებით შეძენისას სპეციალური ფასი მოქმედებს.

 

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია “ისთერნ ფრომოუშენს”, ხოლო მხარდამჭერები არიან TBC ბანკი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.  

 

ჯაზფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები არიან: KOOL AND THE GANG (USA), LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA),  MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX (AT).

ფესტივალის აფიშა:

 

24 ივლისი, 21:00 – ბათუმის ტენისის კორტები – KOOL AND THE GANG (USA)

25 ივლისი, 21:00 – ბათუმის ტენისის კორტები – LIV WARFIELD feat. The  NPG Hornz (USA)

26 ივლისი, 21:00 – ბათუმის ტენისის კორტები – BOOTSY COLLINS &The Funk Unity Band (USA)

24-26 ივლისი, 23:00 – კლუბი „Take Five” – RAMON (AT)

24-26 ივლისი, 11:00 – 20:00 – ბათუმის ბულვარი –  MEN IN BRASS  (GER)

27 ივლისი, 23:00 – კლუბი „Take Five” – Parov Stelar presents MAX THE SAX (AT)

27 ივლისი, 21:00 – ბათუმის ტენისის კორტები – MARIO BIONDI (IT)

2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

 

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბანერი, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე იყო განტავსებული. 2013 წლის 25 ივლისი.
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბანერი, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე იყო განტავსებული. 2013 წლის 25 ივლისი.

კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, Kool & The Gang-ს მსოფლიოში გაყიდული აქვს 70 მილიონზე მეტი ალბომი. მსოფლიოში ცნობილი სიმღერების („Celebration“, „Cherish“, „Jungle Boogie“, „Summer Madness“ და „Open Sesame“) წყალობით, მათ ორჯერ მოიგეს „გრემი“, შვიდჯერ – ამერიკის მუსიკალური ჯილდო, 25-ჯერ იყვნენ  არენბის ჰიტების საუკეთესო ათეულში, ხოლო ცხრაჯერ – საუკეთესო პოპ-ათეულში მოხვდნენ.

 

ჯგუფი 31 ოქროს და პლატინის ალბომის ავტორია. 1973 წელს ოქროს დისკად ქცეულმა ალბომმა „Wild & Peaceful“ ჯგუფს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა, რაც განპირობებული იყო ალბომში შესული ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა „Funky Stuff“, „Hollywood Swinging“ და „Jungle Boogie“, რომლებიც წვეულებების და გართობის ჰიმნებად იქცნენ.

 

ამ წარმატებას მოჰყვა კიდევ არაერთი ცნობილი ჰიტი – „Higher Plane“, „Summer Madness“-ის კლასიკური ვერსია (Grammy-ს მფლობელი ფილმის „როკის“ საუნდრეკი), „LPs Spirit of the Boogie“, „Love & Understanding“ და „Open Sesame“. ამ უკანასკნელის ორიგინალი მუსიკა გამოყენებული იყო ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფილმის „Saturday Night Fever“-ის საუნდტრეკად – ჯგუფს მეორე გრემი სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა.

 

R&B-სა და სოულის შემსრულებელთა შორის ლივ ვორფილდი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე მომღერალია.  იგი სცენაზე პარტნიორობას უწევდა ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებს და ჯგუფებს, როგორებიცაა „ელ გრინი“, ბი ბი კინგი, „რუთსი“ და „დეივ მეთიუსის ბენდი“. ამჟამად იგი არის პრინცის ბენდის „New Power Generation“-ის წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში „NPG Hornz“. მომღერლის ბოლო ალბომი 2014 წლის დასაწყისში გამოვიდა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი პრინცია. ჯაზფესტივალის სტუმრებს ლივ ვორფილდის მოსმენის შესაძლებლობა 25 ივლისს შეეძლებათ.

 

ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე ბუთსი ქოლინზი საზოგადოებამ 1970 წელს გაიცნო, როდესაც სცენაზე ჯეიმს ბრაუნთან, მოგვიანებით კი „Parliament-Funkadelic“-თან ერთად გამოდიოდა. ბას-გიტარის არაჩვეულებრივი ფლობის უნარისა და განსხვავებული ვოკალის მქონე ქოლინზი დღეს ფანკის ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია. 1997 წელს ბუთსი ქოლინზი „Parliament-Funkadelic“-ის 15 წევრთან ერთად მოხვდა იმ პირთა სიაში, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მუსიკის სფეროს განვითარებაში. მუსიკოსი ასევე წარმოდგენილია „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ (Rock and Roll Hall of Fame).

 

ჯაზფესტივალში მონაწილეობს იტალიელი ჯაზ-სოულვოკალისტი, მარიო ბიონდი. იგი პირველად მსმენელის წინაშე 12 წლის ასაკში ეკლესიაში წარდგა. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო სიცილიის სიმღერის ფესტივალში (Festival della Canzone Siciliana), სადაც მესამე ადგილი დაიმსახურა. მომღერალი სცენაზე პარტნიორობას უწევდა ისეთ იტალიელ კორიფეებს, როგორებიც არიან კალიფანო, ბონგუსტო და ფიორელო, ასევე, ამერიკელ ლეგენდას რეი ჩარლზს.

 

ბიონდის ჩაწერილი აქვს სიმღერები მსოფლიოში ცნობილ ჯგუფებთან „Change“, „Mario Brothers“, და „Funky Company“. ძლიერი და უნიკალური ხმის გამო მას მალევე ურჩიეს სოლოკარიერის დაწყება. ამერიკელი არ-ენ-ბი შემსრულებლების ლუ როულსის, ლაზერ ვანდროსის და დონი ჰეთევეის სიმღერებით შთაგონებული ბიონდის სადებიუტო ჩანაწერი 2006 წელს Family Affair-მა გამოუშვა. სოულის სტილში შესრულებული სიმღერა „This Is What You Are“, დაუყოვნებლივ გახდა პოპულარული მთელს იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. ერთი წლის შემდგომ ბიონდიმ ეს სიმღერა სანრემოს ფესტივალზე შეასრულა, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და „ევროპის ბილბორდ ტოპ ასეულში“ მოახვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი