ნეტგაზეთი | “თბილისი ქოლგა ფოტო 2014” იწყება “თბილისი ქოლგა ფოტო 2014” იწყება – Netgazeti
RU | GE  

“თბილისი ქოლგა ფოტო 2014” იწყება

1 მაისს ფოტოფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო 2014” დაიწყება და 8 მაისამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში ინდივიდუალური და ჯგუფური გამოფენები და ვორქშოფები გაიმართება. 

ფოტოფესტივალი ხვალ, 20:00 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ს ტერიტორიაზე, კოსტავას ქ. #14–ში “საერთაშორისო ფოტოკონკურს „ქოლგას“ წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენითა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნება. გახსნის ცერემონიას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, რომელიც კულტურის სამინისტროს რჩეულს, ალექსანდრე როინაშვილის პრიზს გადასცემს.

 

წელს ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს და პრემიას ფოტოხელოვან ჯემალ კასრაძეს გადასცემს. „ქოლგა თბილისი ფოტო 2014-ის“ ეგიდით ჯემალ კასრაძის რჩეული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, სახელწოდებით  “საქართველო 80-90-იან წლებში”.

 

ქოლგა თბილისი ფოტო 2014
ქოლგა თბილისი ფოტო 2014

 გამოფენის გარდა, „ქოლგა თბილისი ფოტო“ 1 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოგამოფენას. წარმოდგენილი იქნება ნათან დვირის (აშშ), კლაუდიო კამბონის (იტალია), ადამ პანჩუკის (პოლონეთი), ფაუსტო პოდავინის (იტალია), დირკ გებჰარდტის (გერმანია), დინა ოგანოვას (საქართველო), ირმა შარიქაძის (საქართველო) და თანამედროვე ქალი ფოტოგრაფების რჩეული ნამუშევრები.

 

პოლონელი არტისტების პროექტი „აღმოსავლეთ ევროპის ქუჩის ფოტოგრაფიის შესახებ “Eastreet” და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრები “ევრომაიდნის” შესახებ ფოტოფესტივალის სტუმრები იქნებიან. წელს ქოლგა „National Geographic საქართველოს“ გამოფენას „2013 წელი ფოტოებით“ უმასპინძლებს.

 

ქოლგა თბილისი ფოტო 2014/ნათან დვირის ფოტო
ქოლგა თბილისი ფოტო 2014/ნათან დვირის ფოტო

საერტაშორისო ფოტოფესტივალზე 7 უორქშოფი მოეწყობა, რომლებსაც საერთაშორისო ფოტოექსპერტები ჩაატარებენ. აღნიშნულ ღონისძიებას „ბრიტანეთის საბჭო საქართველო“ და ისრაელის საელჩო უჭერენ მხარს. უორქშოფებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დასწრება უფასოა. 

 

საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს მეცამეტედ ტარდება. წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 38-მდე  ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო, წლის საუკეთესო ფოტოები 5 000-მდე ფოტოდან შეირჩა. 

ქოლგა თბილისი ფოტო 2014/ჯემალ კასრაძის ფოტო
ქოლგა თბილისი ფოტო 2014/ჯემალ კასრაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი