ხელოვნება

სტუდენტურ კინოფესტივალში 50 ნამუშევარი მიიღებს მონაწილოებას

30 აპრილი, 2014 • • 1688
სტუდენტურ კინოფესტივალში 50 ნამუშევარი მიიღებს მონაწილოებას

კინოფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანია ქართული სტუდენტური კინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მომავალი კინემატოგრაფისტების წახალისება და მათში მოტივაციის ამაღლება.

 

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიში შედიან სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლები: ბალტიის ზღვის კინოსკოლის (ესტონეთი) პროფესორი დირკ ჰოიერი, ბელგიის აუდიოვიზუალური და პერფორმაციული ხელოვნების სკოლის პროფესორი ბერტ ბეიენსი, ევრიმაჟის საბჭოს წევრი სუზანა გინდლ-ტატაროვა, რომან შირმანი – უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, შაჰარ როზენი – იერუსალიმის სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლის პროფესორი.

ჟიურის წევრების შეფასებით გამარჯვებულები გამოვლინდებიან  5 კატეგორაში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი და დასახელდება ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.

 

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები ეუფლებიან მსოფლიოს კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.

 

სტუდენტურ კინოფესტივალში მონაწილეობისთვის, კინომცოდნე ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით, პროფესიონალთა ჯგუფმა 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 50 შეარჩია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.

 

შერჩეული ფილმების ავტორების უცხოეთიდან მგზავრობის ხარჯებს ეროვნული კინოცენტრი აანაზღაურებს. ფესტივალის პროგრამაში მოხვედრილი ფილმების 24 ავტორი მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში.ისინი გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ „უწყვეტი კადრის“ უორკშოფში.

 

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

სტუდენტური კინოფესტივალი 1978 წელს კინოკავშირისა და თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის თაოსნობით დაარსდა. სტუდენტური კინოფესტივალის დაარსების ინიციატორები იყვნენ გოდერძი ჩოხელი, ტატო კოტეტიშვილი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, ანდრო ჭიაურელი, გურამ პეტრიაშვილი, დათო ჯანელიძე და სხვები.

 

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, 1990 წელს ფესტივალმა ფუნქციონირება შეწყვიტა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით 2007 წელს ისევ აღდგა კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლუირად იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი