საყდრისის დამცველები ობიექტის მონიტორინგში ხუთი მეცნიერის ჩართვას ითხოვენ

“საყდრისის საზოგადოებრივი დაცვის კომიტეტმა” იმ ხუთი სპეციალისტის ნუსხა გაავრცელა, რომლის მოწვევას ითხოვენ საყდრისში მიმდინარე სამუშაოების მონიტორგის ჩასატარებლად. 

დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კულტუროლოგმა მარინა ცინცაბაძემ, გეოლოგმა რაულ ქირიამ, მეტალურგიის სპეციალისტმა დავით სახვაძემ და არქეოლოგმა გიორგი გოგოჭურმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ისაუბრეს კულტურის მინისტრსა და საყდრისში მიმდინარე კარვების აქციის მონაწილეებს შორის გუშინ შემდგარი შეთანხმების შესახებ. 

 

მარინე ცინცაბაძის თქმით, აქციის მონაწილეებმა კულტურის მინისტრს მიაწოდეს ხუთწევრიანი სია იმ სპეციალისტებისა, რომლებსაც ისინი ენდობიან საყდრისის მონიტორინგის საქმეში. ესენი არიან კორკის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ობრაინი, ინსბურგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გერგ გოლდენბერგი, მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორი იგნასიო მონტერო რაიესი, ტულუზის უნივერსიტეტის დოქტორი ბეატრის კოუე, სოფიის აკადემიის ასოცირებული პროფესორი ხრისტო პოპოვი. 

 

მარინა ცინცაბაძის თქმით, აღნიშნულ სპეციალისტებს მოწვევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დღეს უნდა გაუგზავნოს. მთავრობის დღვანდელ სხდომაზე. მარინა ცინაბაძე ამბობს, რომ ამ სპეციალისტებს რეკომენდაცია გერმანელმა მეცნიერებმა გაუწიეს. 

 

კომპანია RMG Gold-მა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც მან თომას შტოლნერს, საყდრისში მომუშავე გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელს შესთავაზა, რომ მონაწილეობა მიიღოს საყდრისის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას დაავალა, რომ სპეკულაციები საყდრისის თემაზე უნდა დასრულდეს და კარვების აქციამ, რომელსაც “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი” მართავს, RMG-ის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს

 

საყდრისის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტს 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, თუმცა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მას ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ხოლო 2014 წლის 13 იანვარ ს RMG-ს მიწის სამუშაოების ჩატარების ნებართვა მისცა, რადგან ამ ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დადასტურდა, განმარტა სამინისტრომ. 

 

საყდრისის ტერიტორია წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე შედის. კომპანიის მტკიცებით, საყდრისში არის ოქროს საბადო და იქ ოქროს მოპოვებითი საშუეშაოების ჩასატარებლად ემზადება. ხოლო საზოგადოების წარმომადგენელთა ის ნაწილი, რომელსაც სჯერა, რომ საყდრისში მდებარე ობიექტი ოქროს მაღაროა, იქ აქციებს მართავს და ამბობს, რომ RMG-ს იქ წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობებს არ მისცემს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი