ნეტგაზეთი | ნგრევის პირას მისული სამხატვრო აკადემიის შენობა [ვიდეო] ნგრევის პირას მისული სამხატვრო აკადემიის შენობა [ვიდეო] – Netgazeti
RU | GE  

ნგრევის პირას მისული სამხატვრო აკადემიის შენობა [ვიდეო]

თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი კორპუსი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია, მისი რეაბილიტაციისთვის საჭრო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში, სავარაუდოდ, 2015 წლიდან გამოიყოფა.

აკადემიის კანცლერი კახა ტრაპაიძე ამბობს, რომ სასწავლებლის დახმარება სახელმწიფოსთვის იმდენად უნდა იყოს პრიორიტეტული, რამდენადაც, ერთი მხრივ, ამიერკავკასიაში უნიკალური კულტურული მემკვიდროების ძეგლი ნადგურდება, მეორე მხრივ, სასწავლო პროცესი ფერხდება.

თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობა, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე (#22) მდებარეობს, 1850-იანი წლების ბოლოს აშენდა. აქ 1869-1886 წლებში საარტისტო წრე მუშაობდა, ხოლო 1922 წლიდან სამხატვრო აკადემიაა განთავსებული.

 

სამხატვრო აკადემიის შენობა გრიბოედოვის ქუჩიდან
სამხატვრო აკადემიის შენობა გრიბოედოვის ქუჩიდან

ეკლექტური არქიტექტურის მქონე შენობა კლასიცისტურ, ისლამურ და ბაროკოულ სტილს აერთიანებს, ხოლო შენობის ერთ ნაწილში აღმოსავლური მინიატურების გამოყენებით ყაჯარულ სტილში მოწყობილი სარკეებიანი დარბაზებია, რომლებიც, მკვლევართა აზრით, თბილისში მომუშავე ირანელმა ოსტატებმა შექმნეს.

ამჟამად სამხატვრო აკადემიის პირველი კორპუსის შენობა მთლიანად ავარიულ მდგომრეობაშია. ფასადი თუ შიდა კედლები დაბზარულია, დაზიანებულია შენობის სახურავი და წყალი ჩადის, სართულშორისი გადახურვაც მძიმე, ავარიულ მდგომარეობაშია.

ირანული დარბაზები ამჟამად დაცლილია და, როგორც კახა ტრაპაიძე ამბობს, ამ დარბაზებში რაიმე ნივთის განთავსება ან ადამიანის ყოფნა საშიშია. კედლებიდან და ჭერიდან ბათქაშისა და სარკის ნაწილები ცვივა.

 

ყაჯარული სტილის დარბაზის ჭერი
ყაჯარული სტილის დარბაზის ჭერი

ორი წლის წინ აკადემიის საძირკველი გამაგრდა და სარდაფის დონეზე კონსტრუქციის სამუშაოები მოგვარებულია. ახლა საჭიროა ორსართულიანი შენობის ზედა სართულების აღდგენა. 

კონსტრუქციის პრობლემები შენობას აშენებიდანვე აქვს, რადგან იგი საძირკვლის გარეშეა აშენებული, რაც იმდროინდელ თბილისში გავრცელებული პრაქტიკა იყო.

“როცა დავიწყეთ საძირკველზე მუშაობა, აღმოჩნდა, რომ თავის დროზე საძირკვლის გარეშე იქნა აშენებული. ანუ ის კედლები, რომლებიც ძირითად კონსტრუქციულ დატვირთვას ატარებენ, პირდაპირ მიწაზე იყო დადებული. ასეთი პრაქტიკა ძველ თბილისში გვხვდებოდა”,- გვითხრა კახა ტრაპაიძემ.

ყაჯარული სტილის დარბაზის კედელი
ყაჯარული სტილის დარბაზის კედელი

სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაციის 4-წლიანი პროექტი ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეიქმნა და რადგან დროთა განმავლობაში შენობის მდგომარეობა უარესდება, გეგმამ ცვლილებები განიცადა, გვითხრა კახა ტრაპაიძემ:

“10 წლის წინ შეიქმნა რეაბილიტაციის პროექტი და მას შემდეგ მრავალჯერ შეიცვალა ეს პროექტი. ორმა ფაკულტეტმა: რესტავრაციისა და არქიტექტურის ფაკულტეტმა ჩაატარა ამ პროექტის ცვლილება”.

სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციას შენობის აღდგენის თხოვნით განაცხადი ბიძინა ივანიშვილის ფონდში “ქართუ” ჰქონდა შეტანილი. აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობისა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თანხების გაყინვის გამო ფონდის დაფინანსება ვერ მიიღო.

სამხატვრო აკადემია ფინანსურ მხარდაჭერას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ელის. აკადემია კულტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. კახა ტრაპაიძე ამბობს, რომ შენობის სრულ გამაგრებას, გადახურვასა და ირანული დარბაზების რეაბილიტაციას სულ 8 მილიონი ლარი სჭირდება, ხოლო პირველ ეტაპზე -2 მილიონი ლარი:

“მთლიანი პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 8 მილიონ ლარს. ეს თანხა არის 4 წელზე გაწერილი. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ თვითონ ვართ უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია რესტავრაციის ფაკულტეტი და ამ დარბაზების რეაბილიტაციაზე შევიძლია ჩვენივე ძალებით ვიმუშაოთ.”

 

ყაჯარული სტილის დარბაზის ფანჯარა
ყაჯარული სტილის დარბაზის ფანჯარა

გიორგი გეგეჭკორი, კულტურის მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა იმისთვის, რომ სამხატვრო აკადემიიის შენობის რეაბილიტაცია გაგრძელდეს. მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ მიმართა ფინანსთა მინისტრს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გარკვეული რაოდენობის თანხა გაითვალისწინონ.

გიორგი გეგეჭკორი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ 150 ათასი ლარი გამოიყოს, რათა ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის, გაარემონტონ, რათა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ხელი არ შეეშალოს.

სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი ამბობს, რომ აკადემიის შენობის დასახმარებლად “სამხატვრო აკადემიის დაცვისა და აღორძინების ფონდი” შეიქმნა, თუმცა ახლად შექმნილ ფონდში ჯერ თანხა მობილიზებული არ არის. ისინი იმედოვნებენ, რომ შენობის რეაბილიტაციით კერძო ბიზნესი დაინტერესდება.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი