ხელოვნება

“ჩავაყენოთ საქმის კურსში გურამი” – “მწვანე მუშტის” კიდევ ერთი აქცია

15 აპრილი, 2014 • • 1176
“ჩავაყენოთ საქმის კურსში გურამი” – “მწვანე მუშტის” კიდევ ერთი აქცია

სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი” აცხადებს, რომ აქციაზე კიდევ ერთხელ წამოაყენებენ ძველ მოთხოვნას საყდრისში სპეციალისტების დაშვების შესახებ, და დაემატება ახალი მოთხოვნა – გაიფიცონ კულტურის სამინისტროს თანამშრომლები. 

 

“პროტესტის ადრესატი იქნება არა მარტო მინისტრი და მისი მოადგილეები, არამედ სამინისტროს ყველა თამანშრომელი, რომლებიც თავისი უმოქმედობით ხელს უწყობენ საყდრისის განადგურებას. დღესდღეობით სამინისტრო და სააგენტო თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ, არამედ სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ახორციელებენ”,- აცხადებს “მწვანე მუშტი”.

 

აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში წარმოებულმა საქმიანობამ – მემორანდუმის გაფორმებამ “ძეგლების მნგრეველ და ბუნების გამანადგურებელ რუსულ კომპანიასთან” და ფინანსისტების, იურისტებისა და სხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართვამ გადაწყევტილების მიღების პროცესში, კულტურის სპეციალისტების მუშაობას მხოლოდ ფორმალური სახე მისცა.

 

“მწვანე მუშტის” წევრის, მარიამ გურგენიძის თქმით, საყდრისის ტერიტორიაზე მიმდინარეობს კარვების აქცია. კაზრეთის გადასახვევთან ახლოს აქტივისტების ჯგუფი, რომელიც საყდრისის აღების წინააღმდეგია, საყდრისის გორას მეთვალყურეობს, რათა ხელი შეუშალონ RMG-ს საყდრისის გორაზე მიწის სამუშაოების ჩატარებაში.

 

“მიზანი ისაა, რომ თუ რამე მოხდა და პირდაპირ იმ გორას მიადგნენ, რაღაც ზომები მივიღოთ, გადავუდგებით ტრაქტორებს”,- ამბობს მარიამ გურგენიძე. 

 

გურგენიძის თქმით, საყდრისში კარვების აქცია გუშინ დაიწყო და იქ 30-მდე ადამიანი იმყოფება, მათ ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი შეუერთდა. 

 

“ბევრი ტექნიკა მუშაობს. რაღაც პერიოდში ძალიან ბევრი დაცვა და მანქანები იყო. ტექნიკა საყდრისის გორაზე არ მუშაობს. გორის გვერდზე, დაბლა რაღაც გზები გაჰყავთ და თვითონ იმ გორას არ ეხებიან ჯერჯერობით. მემორანდუმი რომ გააფორმეს, სანამ ამერიკელი ექსპერტები არ ჩამოვლენ, მანამდე… იმათი დაკვირვების ქვეშ უნდა მოხდეს იმ გორაზე მუშაობა”,- უთხრა “ნეტგაზეთს” მარიამ გურგენიძემ. 

 

კომპანია RMG განმარტავს, რომ საყდრისის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, თუმცა არა საყდრისის გორაზე, სადაც მდებარეობს ობიექტი.  შესაბამისად, არც აღნიშნულ ობიექტს ექმნება საფრთხე. 

 

“სამთო გეგმის შესაბამისად და მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც გულისხმობს RMG Gold-ისთვის ლიცენზიის გაგრძელებას, კომპანია საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე ახორციელებს სამთო-სამუშაოებს კანონით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში”, – აცხადებენ კომპანიაში. 

 

საყდრისში, რომელიც წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაში შედის, მდებარეობს საყდრისის ობიექტი, რომელიც მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით არის უძვლესი ოქროს მაღარო. საყდრისის ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისამდე ჰქონდა.  

 

2014 წლის 13 მარტს კულტურის სამინისტრომ RMG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. სამინისტროს გადაწყვეტილებას მოქალაქეების ნაწილი ეწინაააღმდეგება და პერმანენტულად აქციებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი