ხელოვნება

კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოსა და RMG-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტი, 2014 • • 1239
კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოსა და RMG-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მემორანდუმს სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და Rich Metal Group-ის კომერციულმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ მოაწერეს ხელი.

 

ნიკა ანთიძის თქმით, მემორანდუმი სახელმწიფოსა და ბიზნესის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის პირველი მცდელობაა.

 

“ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც სახელმწიფო უწყება, კერძო სექტორი თუ საზოგადოება, რომ ვიზრუნოთ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ბევრი გვაქვს საქართველოში საბედნიეროდ. დღევანდელი დღე არის წარმატების დასაწყისი კულტურული მემკვიდროების სფეროში კერძო ინვესტიციების და კერძო ბიზნესის მონაწილეობის”,- თქვა ნიკა ანთიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ანთიძის თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს ზოგადად თანამშრომლობას და მასში ჩადებულია არხოტის ხეობაში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა-დაცვა, ხოლო საყდრისის ტერიტორიაზე ჩატარებულ მიწის სამუშაოებზე RMG-ის ინიციატივით მოხდება საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის მონიტორინგი.

RMG-ის კომერციული დირექტორის, სოსო ცაბაძის თქმით, კომპანიას სურს, რომ მიიღოს მონაწლეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, ხოლო საყდრისის მონიტრინგი მისი ინიციატივით შეიტანეს.

 

“საქართველოში არის ბევრი ჭეშმარიტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, რომელიც საჭიროებს მიხედვას, რომელზედაც ყველაზე ვერ მიუწვდება დღესდღეობით სახელმწიფოს ხელი”, – ამბობს ცაბაძე.

RMG-ის კომერციული დირექტორის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არ რჩება კითხვები საყდრისთან დაკავშირებით, თუმცა, რადგანაც არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ამიტომ მხარი დაუჭირეს მონიტორინგის კომისიის შექმნას.

 

ანთიძის განმარტებით, სააგენტო მუშაობს იმაზე, თუ რომელი ექსპერტები ჩარეთვებიან საყდრისის მონიტორინგში.

რაც შეეხება არხოტს, ცაბაძის თქმით, კომპანია საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფს არხოტის შესწავლასა და არქეოლოგიური ექსპედიციის მოწყობას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც არხოტამდე მისასვლელი სამანქანო გზა იქნება.

“კომპანიამ კარგად გააცნობიერა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი არის მისი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ზოგადად, ბიზნესსფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომ ეს არის ის, რაც შეიძლება დავუტოვოთ მომავალ თაობებს“, – მიაჩნია სოსო ცაბაძეს.

ნიკა ანთიძის განმარტებით, მემორანდუმი არის თანამშრომლობის ზოგადი მონახაზი, ხოლო დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება, თუ რა პერიოდზე იქნება გაწერილი სამუშოები ჩასატარებელი და რა თანხებზეა საუბარი.

ცაბაძის თქმით, არხოტის შესწავლა მისი ფოტოფიქსაციით დაიწყება, ამის შემდეგ შეიქმნება ბაზა, სადაც არქეოლოგები იმუშავებენ და ამის შემდეგ დააფინანსებენ ექსპედიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი