ხელოვნება

შეხვედრა ორჰან ფამუქთან

20 მარტი, 2014 • 1940
შეხვედრა ორჰან ფამუქთან

 

 

ანა ჭაბაშვილი
ანა ჭაბაშვილი

ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო რეშად ნური გიუნთექინის რომანი „ნარჩიტა“, რომელსაც უფროსი თაობის ქართველი მკითხველი იცნობს ნანა გვარიშვილის თარგმანით. ეს წიგნი 1961 წელს გამოსცა ბათუმის „სახელგამმა“. ჩემდა სამარცხვინოდ, ბოლო დრომდე ეს იყო ერთადერთი ნაწარმოები, საიდანაც რამე ვიცოდი თურქეთისა და იქაური ცხოვრების წესის შესახებ. არადა, აქ XX საუკუნის დასაწყისში ხდება მოქმედება. უკვე შემდეგ, 70-80-იან წლებში ითარგმნა და დაიბეჭდა ცნობილი თურქი მწერლების, ჰალდუნ თანერისა და აზიზ ნესინის მოთხრობები.

 

 

მას შემდეგ თითქმის მთელი ცხოვრება გავიდა, საზღვარიც გაიხსნა და ვისაც გაუხარდება, თუ ცოტა მატერიალური შესაძლებლობა აქვს, შეუძლია წავიდეს და ნახოს თურქეთი, მაგრამ ერთია ტურისტის თვალით დათვალიერებული ქალაქი და მეორეა ამ ქალაქის სუნთქვის, რიტმის შეგრძნება. ჰოდა, აი, გავიცანი სტამბოლი „შიგნიდან“, ისე რომ თბილისიდან ფეხი არ გამიდგამს –  ორჰან ფამუქმა გამაცნო თავისი რომანებით, რომელთა „მთავარი გმირია“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი სტამბოლი. ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ წავიკითხე, როგორც გამომცემლობა „დიოგენეს“ რედაქტორმა, ოთხჯერ თუ ხუთჯერ.  ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სასიყვარულო რომანია, სადაც აღწერილია ახალგაზრდა მდიდარი კაცის ყოვლის წამლეკავი სიყვარული, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, უფრო საინტერესო იყო ის გარემო,  რომლის ფონზეც ვითარდება მოქმედება: ყოველდღიური ცხოვრება, ურთიერთობები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის, ნიშნობა, დაკრძალვა, კორუფცია სახელმწიფო დაწესებულებებში, ნივთები… მოკლედ, ყველაფერი. და ეს ყოველივე ძალიან ჰგავს ჩვენს, ქართულ ყოფას, ცხადია, რელიგიის გამოკლებით.  და… სტამბოლი შემაყვარა მწერალმა.  

 

 

ჰოდა, 2014 წლის 12-14 მარტს თბილისში სტუმრად იყო ორჰან ფამუქი, გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის“ მოწვევით. დიდი ხანი არ არის, რაც ამ გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა და მალევე მოვლენათა ცენტრში აღმოვჩნდი. იყო დიდი ფაციფუცი, სტუმრის დასახვედრად მომზადება. ვიზიტი სამ დღეს გრძელდებოდა და პროგრამა ძალიან დატვირთული იყო. არ წყდებოდა მოსაწვევების მსურველთა ზარები, ყველას უნდოდა რუსთაველის თეატრში მწერალთან შეხვედრაზე დასწრება. გამომცემლობის საიტზე იყო განცხადება, მსურველებს შეუძლიათ, თითო მოსაწვევი მიიღონო.

 

 

დანიშნულ დროს გამომცემლობას აუარებელი მსურველი მოაწყდა. აღმოჩნდა, რომ მწერალი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, და, მასთან შეხვედრის მსურველები მოთმინებით (თქვენ წარმოიდგინეთ) იდგნენ რიგში და სამ საათში ერთი  მოსაწვევიც აღარ დარჩა წამლად. ბევრი, ვისაც აღარ ერგო, გულდაწყვეტილი წავიდა, ერთმა ქალმა იტირა კიდეც, მე ყველა წიგნი წაკითხული მაქვს, ყველაფერი ზეპირად ვიცი და როგორ ვერ უნდა ვნახო და მოვისმინო, რას იტყვისო. ამასობაში სოციალურ ქსელებში (ფეისბუქზე, ფორუმ.გე-ზე) იყო დიდი აზრთა გაცვლა-გამოცვლა: ერთნი მიესალმებოდნენ მის ჩამოსვლას, მეორენი ღიზიანდებოდნენ ამ აჟიოტაჟზე. ყოველ შემთხვევაში, გულგრილი არავინ დარჩენილა.

 

 

ფამუქი ჩამოვიდა. აეროპორტში, პირველივე შემხვედრმა ქართველმა, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გოგონამ, ჯერ პასპორტს ჩახედა, შემდეგ თავი ასწია, შეხედა და შესძახა: ეს თქვენა ხართ? მე თქვენი წიგნები წაკითხული მაქვს! ძალიან ნასიამოვნები დარჩა ასეთი შეხვედრით და აღნიშნა, რა კარგი იქნებოდა, ამერიკის აეროპორტებშიც რომ ასეთი ნაკითხი თანამშრომლები ჰყავდეთო… მანამდე კი თურმე თვითმფრინავში, გვერდითა სავარძელზე მგზავრი მის წიგნს კითხულობდა – ფოტოებით მივხვდიო (ალბათ „სტამბოლი“ იყო, იქ არის ფოტოები) –  გავუღიმე და გამოველაპარაკე კიდეც, მაგრამ ვერ მიცნოო.

 

 

შემდეგ იყო შეხვედრა თავისუფალ უნივერსიტეტში. როგორც სტუდენტებს სჩვევიათ, ზოგმა ჭკვიანური შეკითხვა დაუსვა, ზოგმა – სულელური. ყველაფერზე მახვილგონივრული პასუხი გასცა – მიჩვეულია ასეთ აუდიტორიებს, მოგეხსენებათ ამერიკისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი და პროფესორია. 

 

 

ქალაქშიც გაასეირნეს. ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების დროს მოისურვა ჩასვლა კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის სავაჭრო ცენტრში, მშრალი ხიდის ძველმანების ბაზრობაზე და გული დასწყდა, რომ დრო არ ჰქონდა საკმარისი. შემდეგ მთაწმინდაზე იყო და იქიდან გადმოხედა თბილისს. შორს მოჩანდა ვარკეთილის მასივი და მტკიცედ მოითხოვა, იქ წამიყვანეთ, მაინტერესებს საბჭოთა დროინდელი უბნებიო. დრო ისე ცოტა იყო, მასპინძლებმა იფიქრეს, როცა გავაცილებთ აეროპორტში, იქნებ გზად შევიაროთო. აღარ ვიცი, მოასწრეს თუ ვერა.  მანამდე გაიცნო თავისი მთარგმნელები და შეხვდა ქართველ მწერლებს, მკითხველებს.

 

 

დილით გამომცემლობაშიც მოვიდა სტუმრად, დაათვალიერა იქაურობა, სათითაოდ ყველა გაგვიცნო. ადრე, ფოტოებითაც ძალიან მომწონდა გარეგნობით და „ცოცხლადაც“ კარგია, ოღონდ ახლოდან ასაკი უკვე ეტყობა. ფამუქს თან ახლდა მორიგი მეგობარი ქალი, სწორედ მისი რჩევით დათანხმებულა საქართველოში ჩამოსვლაზე და არც წავაგეო, გვითხრა. ძალიან მხიარული, ადვილად საურთიერთო და ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენი გოგონები გამოპრანჭულები და სასიამოვნოდ აჟიტირებულები იყვნენ. ყველას ხუთ-ხუთი წიგნი ჰქონდა მომარაგებული ავტოგრაფებისათვის.

 

 

წინა დღეს ჩემთვის ვფიქრობდი, რა მეთქვა, თუკი მასთან გასაუბრების საშუალება მომეცემოდა. მინდოდა მეთქვა, რა ნაცნობია ჩვენთვის, ქართველებისთვის ყველაფერი, რაზეც ის წერს. და ჰოი საოცრებავ, უცებ მომიტრიალდა და მკითხა, აი, რაც ჩამოვედი, სულ მეუბნებიან, ბევრი გვაქვს საერთო და რა არის ეს საერთოო. მეც გამიხარდა და მაშინვე ვუამბე, როგორ ვუყურებდით შაბათობით ტელევიზორს 60-იან წლებში დეიდაჩემთან სახლში (მამაჩემი პრინციპულად არ ყიდულობდა ტელევიზორს – კითხვას მოცდებითო), როგორ ადგებოდა ხოლმე ბიძაჩემი და ჩამოსწევდა ჯაჭვებს გუგულიან საათზე (ვისაც „უმანკოების მუზეუმი“ წაკითხული აქვს, აუცილებლად მიმიხვდება) და სხვა.

 

 

შემდეგ დიდი დრო მოვანდომეთ მასთან ერთად სურათების გადაღებას. ხუმრობაა? ყოველდღე კი არ ვიღებთ სურათებს ნობელიანტი მწერლების გვერდით!

რუსთაველის თეატრში შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. დარბაზი სავსე იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა. აქაც ინგლისურად ლაპარაკობდა და თარჯიმანიც თარგმნიდა (მსურველებს შეუძლიათ, ჩანაწერი იხილონ ინტერნეტით). დარბაზში მსხდომთაგან ბევრმა იცოდა ინგლისური და აუდიტორიას მის ნათქვამზე ცოცხალი რეაქცია ჰქონდა. ასე რომ, შეხვედრა წარმატებით შედგა. შემდეგ თეატრის ფოიეში წიგნებზე ავტოგრაფების გაკეთება დაიწყო და აქ უკვე ქართულმა უწესობამ იჩინა თავი –  კინაღამ გასრისეს, ამიტომ იქაურობა დატოვა. ბევრი ამბობდა, როგორ შევირცხვინეთ თავიო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თურქებიც ასე იქცევიან ხოლმე ამგვარ სიტუაციებში და არაფერი გაუკვირდებოდა. უთქვამს კიდეც ეს. თავის მხრივ, ესეც ხომ მისი, როგორც მწერლის, დაფასებაა.

 

 

მგონია, რომ საქართველოში ასეთი დონის მწერლის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. იმედია, ყინული დაიძრა და კიდევ გვექნება საშუალება, რომ შევხვდეთ სხვა მწერლებსაც და ჩავერთოთ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი