ხელოვნება

“ქარვასლას” 100 წლის ისტორია ერთ წიგნად

26 დეკემბერი, 2013 • • 1917
“ქარვასლას” 100 წლის ისტორია ერთ წიგნად

“ქარვასლა”, იგივე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, 100 წლის არსებობის მანძილზე თბილისის ისტორიას თითქმის სრულად ასახავს. მის ფონდებში თბილისის ისტორიისა და კულტურის ამსახველი 50 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, ენეოლითიდან დღევანდელ დღემდე.

 

წარსულის ამსახველ თემატიკასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმში არის სივრცე თანამედროვე ხელოვნების წარმოსაჩენად. შენობის მესამე სართულზე ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცე, რომლის დარბაზებშიც სისტემატურად ეწყობა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.

 

თბილისის ისტორიის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “ქარვასლას” უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი თბილისის განვითარებაში.  

 

‘’ჩვენ უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ ისტორიის მუზეუმის ფუნქცია. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, ეს არის მეცნიერული ინფრასტრუქტურა და სწორედ ის ფუნდამენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კვლევის განვითარებას. სამუზეუმო ექსპონატი მხოლოდ ესთეტიკა და ზედაპირული ცოდნა არ არის, არამედ ეს არის ზოგადად კვლევის ობიექტი. ხოლო თვითონ მუზეუმი უნდა იყოს შეკრებების ადგილი, ხიდი წარსულსა და მომავალს შორის და მას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი როგორც ქალაქის ცხოვრებაში, ასევე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში”,- ამბობს დავით ლორთქიფანიძე. 

 

კატალოგის პრეზენტაციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის მიერ კრიტიკული მოსაზრებაც გამოითქვა.

 

’’მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ისტორიის მუზეუმში განხორციელდა მთელი რიგი სამუშაოებისა, რომელმაც ამ დიდებულ ინტერიერს შეუცვალა სახე, რომელთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მას დაუბრუნდეს ისეთი სახე, როგორიც ეკადრება”,- განაცხადა მიზანდარმა. 

 

თბილისის ისტორიის მუზეუმი 1910 წელს დაარსდა. მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები: არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის დაფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი