ხელოვნება

ულრიხ ზაიდლის ტრილოგია და მასტერკლასი თბილისში [VIDEO]

6 დეკემბერი, 2013 • • 2433
ულრიხ ზაიდლის ტრილოგია და მასტერკლასი თბილისში [VIDEO]

კაცობრიობას დაბერებასთან ერთად სულ უფრო გაუცხოველდა მისი დაბრუნების ჟინი. ის ოდესღაც აქ არსებობდა, ადამიანებს შორის. თუმცა მაშინ ეს უკანასკნელნი მხოლოდ ადამი და ევა იყვნენ. მას შემდეგ ყოველ ქმნილს, ყოველ ცოცხალს, მემკვიდრეობით გადაეცემა ოცნება დედამიწაზე არსებული სამოთხის გამო. და თუკი დედამიწა წრეში ჩაკეტილი სამყაროა, ოდესმე აუცილებლად იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. არცთუ ისე შორს, არცთუ ისე ახლოს. მაშინ, როცა მის შემობრუნებას დღეც ჭირდება და ღამეც, საწყისისკენ სვლაში კაცობრიობა კი არ დაბერდა, არამედ ოცნებას ღირებულებები შემოაცვდა. და ამ გადაფასებაში სიყვარულს, რწმენასა და იმედს მხოლოდ პირობითად შემორჩათ სახელები.


 

ის ყველას ჭირდება. ულრიხ ზაიდლის გმირებსაც. ტერეზა, ანა მარია, მელანი – ეს ერთი ოჯახი ტრილოგიის ცალკეული ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან. თითქმის ნახევარ საუკუნეს მიტანებული ქალები, დებ-, ტერეზა და ანა მარია მთელ შვებულებას დაკარგული ღირებულებების ძებნაში ატარებენ. უმცროსი თაობის წარმომადგენელი მელანი, ტერეზას შვილი და იმედი, მთელი საზაფხულო არდადეგები  ჭარბწონიანთა ბანაკში ცხოვრობს.

 

სიყვარული იყიდება, კენიაში, ლანდშაფტური სილამაზით სამოთხეს რომ გავს. მას აფრიკელი ბიჭები ჰყიდიან, სპეციალურად თეთრკანიანი „ტკბილი დედიკოებისთვის“ დახვეწილ სხეულებში, ერთი ღამის „სიყვარულში“ ქალები ფულს იხდიან. მათ შორის ტერეზაც. თანამედროვე სამყროში მხოლოდ ისღა არის, რაც სიყვარულისგან დარჩა. და ეკრანზე გამოსახული სამაყარო სხვა არაფერია, თუ არა ის ღირებულებაშემოცვეთილი ოცნება სამოთხეზე, სადაც ოდესღაც ადამიანები იყვნენ ადამი და ევა.

 

ზაიდლმა მასტერკლასზე განაცხადა, რომ ის თემები, რომლებზეც იგი ფილმებს აკეთებს, მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოებისთვის. და ის გზა, რომლიც რეალობიდან ზაიდლის რეალობამდე მიდის, ისეთ სურათს ხატავს, ისეთ შეგრძნებებს აღვიძებს მაყურებელში, ზიზღსა და საცოდაობას შორის საზღვრებს საერთოდ აქრობს. შეგიძლია თანაუგრძნო ტერეზას, ქალს, რომელმაც ნახევარი საუკუნე იცხოვრა და სიყვარულში ახლა ფულს იხდის მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოობა მეტისმეტად შემზარავია. ეს ყველამ ვიცით. ამიტომ შეგვიძლია გვეცოდებოდეს ქალი, მრგვალი ფორმებით და შიშველი სხეულით, მხოლოდ არა ისეთი, როგორიც ჩვენს წარმოდგენაშია ევა, და გვეცოდებოდეს კაცი, რომელსაც შეუძლია იდგეს ამ ქალის გვერდით მხოლოდ მატერიალური ინტერესის გამო. თითქმის გაურკვეველია, რომელი უფრო დიდი დოზით არის წარმოდგენილი ეკრანზე, სხეულის თუ სულის სიშიშვლე. იქ, სადაც ბუნების სილამაზე სამოთხესთან ასოცირდება და იქ, სადაც სხეულებსა და სულებს თავისი სიმართლე აქვს სიშიშვლისა.

 

და მაინც ის ყველას სჭირდება.

 

 

მაგრამ ზოგს შეიძლება ამისთვის არ დასჭირდეს აფრიკაში წასვლა და სამოთხის მინი და დედამიწისეული მოდელი სახლშივე შექმნას- ჯვრებით, ხატებით ყველა ოთახში, ყველა კედელზე. და მხოლოდ შენთან არა. სხვასთანაც იარო და დააჯერო, რომ მას „ღვთისმშობელი“ ესტუმრა. და ამ ყოველდღიურ, ჩვეულებრივობად ქცეულ მისიონერობაში მარტოხელა ქალ ანა მარიას უყვარდება იესო, როგორც კაცი. თაყვანისცემაში გადაზრდილი რწმენა ავიწყებს, რომ ღმერთი აქ არის, აქ არსებობს, ადამიანებს შორის. რომ იგი სწორედ იმ ურთიერთობებშია, რომლებსაც თავადვე უარყოფს. და მაშინ, როცა პარალიზებულ ქმარს ექცევა როგორც ცხოველს, და შეიძლება ცხოველზე უფრო უარესადაც, პარალელურად   კი ღვთისმშობელს უმღერის, გრძნობ, რომ ღმერთი არა კედლებზე ჩამოკიდებულ ჯვრებსა და ხატებში, არამედ სწორედ ადამიანთა საქციელებში ცოცხლობს. და მერე უფრო იჯერებ  ყოველი კადრით, სადაც კომპოზიციური წყობით ყოველთვის ცენტრშია ჯვარი, რომ მისი ყოფნა- არყოფნა არსებითად არაფერს ცვლის ადამიანთა გარეშე…  რომ ლოცვა ცარიელი სიტყვებია საქციელებით გამოხატული საქმის გარეშე.

 

 

და სად არის ხსნა, იმედი. იქნებ მომავალ თაობაში, რომელიც ჯერჯერობით ჭარბ წონას ებრძვის. სხეულის სილამაზე თავისთავად არ ნიშნავს სულის სილამაზეს, მაგრამ ეს ამთავითვე არ ეხება მელანს. ჯერ მხოლოდ 13 წლის გოგონას, რომელსაც ბანაკში პირველად უყვარდება მასზე 40 წლით უფროსი კაცი. და სად მიდის ცხოვრების შეცნობის გზა. იმ ნისლიან და უკაცრიელ ტყეში ხომ არა, რომელიც შეიძლება სულაც არ ჰგავდეს სამოთხეს. რამეთუ ჩვენ კი არ დავივწყეთ, საერთოდაც არ გვცოდნია მისკენ მიმავალი გზა. რადგან მემკვიდრეობით მიღებული ოცნება ისეთივე გაუბრალოებულია, როგორც ღირებულებადაკარგული ფასეულობები – სიყვარული, რწმენა და იმედი, რომლებისგანაც მხოლოდ სახელებიღა დარჩა.

 

„მე არ ვიცი, წინასწარ როგორ დამთავრდება ფილმი“ _ განაცხადა მასტერკლასზე ულრიხ ზაიდლმა. ფილმებზე არანაკლედ საინტერესო მისი მუშაობის სტილი აღმოჩნდა, გთავაზობთ მის არასრულ ვერსიას:


მასალების გადაბეჭდვის წესი