კინოხელოვნება

“პრომეთესათვის” 10 ფილმი იბრძოლებს

14 ნოემბერი, 2013 • • 1721
“პრომეთესათვის” 10 ფილმი იბრძოლებს

თბილისის კინოფესტივალს ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები” გახსნის. საერთაშორისო კონკურისის სექციაში საუკეთესო ფილმის წოდებისათვის საკონკურსო ფილმები საბერძნეთიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, იტალიიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდანაა წარდგენილი.  

 

არასაკონკურსო სექცია „ევროპული ფორუმის” პროგრამა ევროპული აკადემიის რჩეული და საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებული ნამუშევრებისაგან შედგება, რომელთაგან აღსანიშნავია წლევანდელი ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელი რუმინული ფილმი, კალინ პეტერ ნეტცერის „ბავშვის პოზა.” ნაჩვენები იქნება ფელიქს ვან გროენინგენის „გაწყვეტილი წრე”და პოლონელი რეჟისორის აგნიეშკა ჰოლანდის ახალი ფილმი „შეუწველი მაყვალი,” რომელიც კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ სტუდენტის გალაშქრებაზე მოგვითხრობს.

 

მარჯანე სატრაპის მხატვრულად მდიდარი „ქათამი ქლიავით” 50-იანი წლების თეირანში მცხოვრებ მეოცნებე მევიოლენზე მოგვიყვება, პაოლო სორენტინოს ახალი ფილმი, რომელიც ოქროს პალმის ერთ-ერთი ნომინანტი „დიდებული სილამაზე” ფილმი. 

 

დანიელი რეჟისორის ნიკოლაი არკელის ისტორიული დრამა „სამეფო რომანი”, ორი „ვერცხლის დათვის” მფლობელია საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის. სკანდინავიური კინოს განსაკუთრებულ სტილისტიკას ბალთაზარ კორმაკურის „სიღრმე” შეაჯამებს.

 

თბილისის კინოფესტივალზე ახალგაზრდა პოლონელი რეჟისორის, მალგოჟატა შუმოვსკას ფილმი „Elles”ამავე სახელწოდების გლამურული ჟურნალის კონცეფციასა და ქალთა უფლებებს შორის კონფრონტაციას გვიჩვენებს. ნაჩვენები იქნება ბრიტანეთში მოღვაწე პოლონელი პაველ პავლიკოვსკის ფილმი „იდა” და თბილისის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსის გამარჯვებულის, ანდრეი იაკიმოვსკის ბოლო ნამუშევარი „წარმოიდგინე.”

 

ფესტივალს პოლონური დელეგაცია ესტუმრება, რომელიც დოკუმენტალისტების მაცეი დრიგასისა და მიროსლავ დემბინსკის სპეც-პროექტს წარადგენს. ციკლი „მსოფლიო გათენებიდან დაღამებამდე” სხვადასხვა კინოსკოლებში   ცნობილი პოლონელი კინოპროფესიონალების ინსტრუქტაჟით ჩატარებული ვორქშოფების საერთო პროდუქციაა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების პორტრეტებს წარმოადგენს. საპეზენტაციო ჩვენება ფილმისა „თბილისი გათენებიდან დაღამებამდე” ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. 

 

ბოლო ორი წლის საუკეთესო ფილმები აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ამერიკიდან სექციაში „ჰორიზონტები” ერთიანდება: ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის ახალი ფილმი „დახურული ფარდა”, მექსიკელი ამატ ესკალანტეს „ელი,” იაპონელი ჰიროკაზუ კორეედას დრამაც, სახელად „მე ვიქნები მისი მამა”.  

 

დოკუმენტურ კინოს, სექციაში „დოკუმენტური მსოფლიო” ნაჩვენები იქნება ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის სოფი ფაინსისა და ფილოსოფოს სლავოი ჟიჟეკის ერთობლივი ნამუშევარი „გარყვნილის გზამკვლევი იდოლოგიაში.”

 

“ესაა კინო-ესსე, რომელიც კოლექტიურ ფანტაზიებსა და რწმენის ფორმირების პროცესს კინო-მეტაფორებით აღგვიწერს,”- ამბობენ კინოფესტივალის ორგანიზატორები. 

 

ჟიჟეკი ჰერმან ვასკეს „ბალკანური სულის” მთხრობელიცაა, სადაც ის ბალკანეთის რეგიონის შემოქმედთა კრეატიულობის სხვადასხვა ასპექტებს იკვლევს: კულტურულს, ფილოსოფიურს, პოლიტიკურსა თუ არტისტულს, მარინა აბრამოვიჩიდან ანჯელინა ჯოლიმდე. ფილმს თბილისში თავად რეჟისორი, ჰერმან ვასკე წარადგენს.

 

მაიკლ ჰოფმანი
მაიკლ ჰოფმანი

„სრული სვლით დასავლეთისკენ” საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებს ეხება და მისი მთავარი რესპოდენტები საქართველოს პოლიტაქტიური ფიგურები არიან. ამერიკელი რეჟისორი ტომ უოლტერსი საქართველოდან წასული და აშშ-ში ცნობილი მუსიკის პედაგოგის, ზედმეტსახელად „ბოცოს” ამბავს ჩამოიტანს, მარინა ზენოვიჩის ამერიკული პროდუქცია მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორის, რომან პოლანსკის დაპატიმრებისა და სასამართლო პროცესის შესახებ.

 

რეჟისორი ფოკუსში  ავსტრიული საავტორო კინოს გამორჩეული წარმომადგენელი ულრიხ ზაიდლი  იქნება. სექციის ფარგლებში ნაჩვენები იქნება მისი ტრილოგია „სამოთხე” („სამოთხე: სიყვარული”, „სამოთხე: რწმენა” და „სამოთხე: იმედი”).

 

ფესტივალი ყოველ წელს ირჩევს ქვეყანას ფოკუსში და კულტურული ილუსტრაციისათვის საკვანძო ნამუშევრებს აჩვენებს. წელს ეს ქვეყანა ფინეთი იქნება. სექციაში 5 ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორისაა გიოტებორგის, მოსკოვისა და კარლოვი-ვარის კინოფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული აკუ ლოუჰიმიესის ფილმი და ცნობილი „შავი ყინულის”რეჟისორის, პეტრი კოტვიცას სურათი, რომელსაც რეჟისორი და პროდიუსერი ერთად წარადგენენ.

 

თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ფესტივალის ერთ-ერთ ტრადიციულ ნაწილად იქცა სექცია „დამზადებულია გერმანიაში,” სადაც უახლესი გერმანული კინოპროდუქციის დემონსტრაცია ხდება. სექციის მთავარი ფილმი სახელგანთქმული კინორეჟისორისა და გერმანული ახალი ტალღის წარმომადგენელის მარგარეტ ფონ ტროტას ახალი ბიოგრაფიული ფილმი „ჰანა არენდტია”.  

 

ნაჩვენები იქნება გერმანიაში პოპულარობის პიკზე იმყოფება იან-ოლერ გერსტერის ფილმი „Oh Boy!” – ახალგაზრდა ნიკოს ისტორია, რომელიც ცდილობს, საკუთარი თავი იპოვოს აჩქარებულ და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში. აღსანიშნავია გეორგ მაასის ფილმიც „ორი ცხოვრება”, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ულმანი და იულიანე ქოელერი ასრულებენ.

 

თბილისის კინოფესტივალზე გერმანული კინოორგანიზაცია, კინოსა და ვიდეო-ხელოვნების დამოუკიდებელი ინსტიტუტის „არსენალი” 50 წლის იუბილე ორი უხმო ფილმის ჩვენებით აღინიშნება. ერთი-ერთი მათგანი არის მსოფლიო კინოს შედევრი – ვალტერ რუტმანის „დიდი ქალაქის სიმფონია” (1927).

 

კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ მასტერკლასებს შორისაა ახალგაზრდა პროდიუსერებისათვის განკუთვნილი „იდეიდან პოსტერამდე”, რომელსაც ოსკარის ნომინანტი და ისრაელის კინოფონდის დირექტორი კატრიელ შორი გაუძღვება.  

 

ცნობილი უნგრელი არქიტექტორი, დიზაინერი, კინომხატვარი და სამოქალაქო აქტივისტი,ლასლო რაიკი კინომხატვრებისათვის მასტერ-კლასს ჩაატარებს სათაურით „ქალაქი, როგორც მანკიერი წრე – მხატვრული ფორმა და დიზაინი ბელა ტარის  ფილმში „კაცი ლონდონიდან.” 

თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი
თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი

 

დოკუმენტურ კინოს მიეძღვნება ბრიტანელი დოკუმენტალისტის, ნიკ ბრუმფილდის, მასტეკლასი, რომელზეც ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „სექსი, ჩემი ბრიტანული სამსახური”. ფესტივალის საპატიო სტუმარი მაიკლ ჰოფმანი სცენარისტებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს. ხოლო ავსტრიელი რეჟისორის ულრიხ ზაიდლის მასტერ-კლასი რეჟისრორებისთვისაა განკუთვნილი.

 

მასტერკლასს ჩაატარებს ასევე ლორან კანტეს ფილმების ცნობილი მემონტაჟე რობინ კამპილო, რომელსაც პროგრამაში საკუთარი სარეჟისორო ნამუშევარიც აქვს – „ბიჭები აღმოსავლეთიდან”.

 

დაჯილდოების ცერემონიალი 7 დეკემბერს გაიმართება, რომელიც შემდეგ ნაჩვენები იქნება მაიკლ ჰოფმანის „უკანასკნელი სადგური”. ფესტივალის ბოლო დღე, 8 დეკემბერი,  მთლიანად დაეთმობა კინოჩვენებებს. ბოლო სეანსზე წარმოდგენილი იქნება წლევანდელი კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი სამსაათიანი ფილმი „ადელის ცხოვრება” (იგივე„ლურჯი ყველაზე თბილი ფერია”).

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. მისი ორგანიზატორი ხელოვნების ცენტრი “პრომეთეა.” საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთათვის დაწესებულია ორი ოფიციალური პრიზი: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის და ვერხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი