კინოხელოვნება

“მანდარინები” მანჰაიმ-ჰაიდელბერგის კინოფესტივალზე სამი პრიზით დაჯილდოვდა

11 ნოემბერი, 2013 • • 1701
“მანდარინები” მანჰაიმ-ჰაიდელბერგის კინოფესტივალზე სამი პრიზით დაჯილდოვდა

“მანდარინებს” მანჰაიმ-ჰაიდელბერგის სპეციალური ჯილდო- იგივე “ფასბინდერის სახელობის პრიზი,” მაყურებლის პრიზი და პრიზი კინოთეატრების წარმომადგენლებისთვის ერგო.

 

კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფილმმა მანჰაიმ-ჰაიდელბერგის სპეციალური პრიზი დაიმსახურა იმისთვის, “თუ როგორ გადმოსცა ერთმანეთის გაგების, ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულობის, ერთმანეთის ცხოვრების გაცნობის შესახებ ამბავი.”

 

მანჰაიმ-ჰაიდელბერგის პრიზი. მხატვრული ფილმი მანდარინები
მანჰაიმ-ჰაიდელბერგის პრიზი. მხატვრული ფილმი მანდარინები

ჟიურიმ ასევე აღნიშნა ფილმში მონაწილე სამი მთავარი მსახიობის ოსტატობაც. 

 

“რაინერ ვერნერ ფასბინდერის სახელობის სპეციალური პრიზი” 1993 წლიდან გაიცემოდა. ის ფასბინდერის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით იყო დაწესებული, რომელსაც აქვს სამართლებრივი უფლება ფასბინდერის სახელის გამოყენებისა. 2013 წელს ამ შეთანხმების ვადა ამოიწურა, ფონდმა კი არ ისურვა ამ ხელშეკრულების გაგრძელება. ფასბინდერის სახელობის პრიზი ნამჰაიმ-ჰაიდელბერგის პრიზმა შეცვალა. 

 

“პრიზი კინოთეატრების წამორმადგენლებისთვის” გულისხმობს ჟიურის წევრების რეკომენდაციას, რომ კინოთეატრებმა გაქირავებაში მიიღონ დაჯილდოებული ფილმი. 

 

“მანდარინები”, ზაზა ურუშაძის რეჟისორობით, საქართველო-ესტონეთის ერთობლივი ნამუშევარია. ის 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და “ევრიმაჟის”- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. 

 

მანჰაიმ-ჰაიდელბერგის 62-ე კინოფესტივალი 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებულები გუშინ, 10 ნოემბერს, გამოვლინდნენ. 

მანდარინები
მანდარინები

მასალების გადაბეჭდვის წესი