ხელოვნება

ხელოვნების ფესტივალი ფეხსაცმლის საამქროში [ფოტო]

6 ოქტომბერი, 2013 • 3397
ხელოვნების ფესტივალი ფეხსაცმლის საამქროში [ფოტო]

5 ოქტომბრის ღონისძიებაში  ტარიელ დათიაშვილი ( მოხსენება – ძველისა და ახლის მიმართება დროის მიღმა დარჩენილ ტექსტებში), ლია უკლება (გამოფენა), აკაკი ჩიქობავა (პოეზია), გიორგი გაგოშიძე (პოეზია) და ბაჩო ჯიქიძე (მუსიკა) მონაწილეობდნენ.

„მე ვფიქრობ, რომ აკაკი ჩიქობავას და გიორგი გაგოშიძის პოეზიამ შექმნა ძალიან საინტერესო კონტრასტი. პირველი ცდილობს მოიხელთოს რევოლუციური პოეტიკა, ხოლო გაგოშიძის, როგორც პოეტის კვლევის სფერო უფრო არის ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის გადადგილება სივრცეში, რომლის დროსაც ის დაკავებულია ფოტოგრაფირებით, დამახსოვრებით,“ – ამბობს გიორგი ხასაია, ფესტივალის ორგანიზატორი.

მისივე თქმით, ძალიან საინტერესო იყო ივენთის მუსიკალური ნაწილი, რადგან ეს არის სიმღერა, რომელსაც თან უსმენ და გეღიმება მისი პოლიტიკური იუმორის გამო:

„ჩვენ ვიცით ბარდების ტრადიცია და ბაჩო ჯიქიძე თითქოს, ერთი მხრივ, აგრძელებს ამ ტრადიციას, მაგრამ ის ამას აკეთებს პაროდიით. ამას შეიძლება ვუწოდოთ ღიად გამოხატული პოლიტიკური ბარდი. ჩვენ ვიცით, რომ ბარდების პოეზია რჩებოდა ეზოპეს ენის ფარგლებში და სხვა და სხვა. ბაჩოს შემთხვევაში ეს არის მძაფრი პოლიტიკური ბარდული მუსიკა, რომელიც ძალიან ადეკვატურად მიიღო აუდიტორიამ. ეს არის სიმღერა, რომელსაც თან უსმენ და გეღიმება მისი პოლიტიკური იუმორის გამო”.

ლია უკლება აღნიშნავს, რომ მისი ტილოები არის წინააღმდეგობა იმ ყველაფრის მიმართ, რაც არ მოსწონს. იგივე “პოლიციელის და მღვდლის ცეკვა“, ეს ტილო ინსპირირებულია ქვეყანაში არსებული ვითარებიდან, იმაზეა, თუ როგორ შეთანხმებულად და შეხმატკბილებულად მუშაობს სახელმწიფო და ეკლესია ხალხის წინააღმდეგ, როგორ კარგად ცეკვავენ ერთად.

 

“ასევე გამოვფინე „ქორწილი“, სადაც დედოფალს თავის ნაცვლად აქვს ვაგინა. ჩვენთან ქალი ქალად არ აღიქმება, არამედ მას ვაგინად განიხილავენ და ამას, ცხადია, წინააღმდეგობას ვუწევ. ასევე წარმოვადგინე „მარიამი სათამაშო პისტოლეტით“. მარიამი ალბათ დაგვტოვებდა უღმერთოდ და თავსაც მოიკლავდა, თუკი მიხვდებოდა, რომ ასეთი მდგომარეობა იქნებოდა ქრისტესშობის შემდეგ.“

 

კაკო ჩიქობავას აზრით, რომლის ლექსები ძირითადად კლასობრივ ჩაგვრას ეხება, ჩვენ ყველანი ცოტათი ვინტილატორები ვართ. მისი ლექაები სწორედ იმ სივრცის განიავებას ემსახურება, იმ სივრცეზე ახდენს წერტილოვან დარტყმებს, რომელსაც ელიტა ან ფსევდოელიტა ამაგრებს:

 

„დამკვიდრებულია აზრი, თითქოს მუშათა კლასი არ არსებობს , მუშა არ არსებობს, ის მხოლოდ პერსონაჟებად შემოგვრჩა, მაიაკოვსკისთან და კარლო კაჭარავასთან და სხვებთან. ისინი ნამდვილად არსებობენ ჭიათურაში, ქუთაისში, ზუგდიდში და სანტიაგოშიც. ამის დადასტურება იყო ის სივრცე, სადაც ივენთი მოეწყო, სადაც მშრომელები დაზგებთან იდგნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი არსებობენ, ჩვენი მამები, დედები, ძმები და დები არიან, სულაც მეზობლები. მათ ენა წაართვეეს, ისევე, როგორც ჩვენ.

მინდოდა მეჩვენებინა, რომ ისინი არა მხოლოდ ლიტერატურაში და სხვადსხვა სახის დოკუმენტებში არსებობენ, დოკუმენტებში, რომლებშიც ისინი იჩაგრებიან. თუნდაც შრომის კოდექსი, თითქოს მათვის უნდა იწერებოდეს, პირიქით კი ხდება. სიმართლე გითხრა, განიავების ნაცვლად, მოჯმა იქნებოდა უპრიანი იმ ხალხის კარებთან, საძინებლებში, კაბინეტებში, ვინც ენა წაგვართვა, ვინც ჩვენი ტერიტორიები მიითვისა და კუნძულებად უნდათ გადაქცევა იმ სივრცის, სადაც ჩვენ ვართ, ან სულაც გაქრობა,“ – აღნიშნა ჩიქობავამ.

„ვენტილაცია“ წარმოადგენს ხელოვნების მცირე ფესტივალს, რომელიც თავს მოუყრის საქართველოში, სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე ხელოვანებს. ფესტივალის ფარგლებში 21 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, ქუთაისში 5 ივენთი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მუსიკოსები, ასევე, პოეტები, ვიზუალური არტისტები და თეორეტიკოსები. პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო “ძველი ქალაქი”.

ავტორი: ლია უკლება

ავტორი: ლია უკლება

ავტორი: ლია უკლება

ავტორი: ლია უკლება

ავტორი: ლია უკლება

ავტორი: ლია უკლება

მასალების გადაბეჭდვის წესი