ხელოვნება

“50 ფემინისტის მანიფესტი” [ფოტო/ვიდეო]

2 ოქტომბერი, 2013 • 2870
“50 ფემინისტის მანიფესტი” [ფოტო/ვიდეო]

ნინო ლეჟავას, „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ დირექტორის თქმით, „50 ფემინისტის მანიფესტი“ მცირე ილუსტრაციაა დიდი პროექტისა, „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში“, რომელსაც ორგანიზაცია ოზურგეთსა და ქუთაისში ახორციელებს. ლეჟავა ამბობს, რომ ამ პროექტის ფარგლებში გაერთიანებული 50 ქალის ფემინისტად მიჩნევა პროვოკაციული და შთამაგონებელი სვლაა სტერეოტიპების დასანგრევად.

ლეჟავამ გაიხსენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, სადაც ისინი 50 ქალის საფოსტო ბარათებს სათითაოდ არიგებდნენ, ყველა უპირატესობას ანიჭებდა ბარათს ნატო ვაჩნაძის ფოტოთი და საყვედურობდნენ, რატომ არ იყო ამ 50 ქალში მედეა ჯაფარიძე.

„ეს კრებული, რომლის პრეზენტაცია დღეს ხდება აქ, არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი ადამიანები ქმნიდნენ ქართულ კულტურას. როდესაც ამ ღონისძიებას სახელს ვუგონებდით, დავფიქრდი იმაზე, ხომ არ იქნებოდა კადნიერება, ჩვენი მოსაზრება გარკვეულწილად მოგვეხვია ამ ქალების ბიოგრაფიაზე. შეიძლება ამ ქალებს არც მიაჩნდათ თავი ფემინისტებად, შეიძლება ზოგიერთ მათგანს ფემინიზმის თეორიული საფუძვლების შესახებ არც არაფერი ჰქონოდა გაგებული, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ შთაგონებისთვის და პროვოკაციისთვის ძალიან კარგი აქცენტი იქნებოდა. იმიტომ, რომ ჩვენ მათ ვაფასებთ არა თეორიული საფუძვლების ცოდნისა და მიმდევრობის მიხედვით, არამედ იმ წვლილის მიხედვით, რომელიც მათ შეიტანეს ქართული კულტურისა და მრავალი სხვა დარგის განვითარებაში,“- განაცხადა ნინო ლეჟავამ თბილისის მწერალთა სახლში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე .

ბარბარე ჯორჯაძის წერილი „ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ“ დათო გაბუნიამ, მწერალთა სახლის პროექტის კოორდინატორმა წაიკითხა; ეკატერინე გაბაშვილის წერილი ქალთა განათლებისადმი მიძღვნილი – ლელა გაფრინდაშვილმა, ხოლო ეკატერინე მიქელაძის წერილი ეკატერინე გაბაშვილისადმი – ეკა აღდგომელაშვილმა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა. ღონისძიების მეორე ნაწილში ხუთმა ქართველმა ავტორმა შემთხვევით შერჩეული ლექსები წაიკითხა, რომლებიც ქართველ ქალ ავტორებს, მარიჯანს, ელენე ბაქრაძეს ეკუთვნოდათ, ისინიც ასევე შედიან პროექტში „50 ქართველი ქალი საქართველოდან.“

„ბარბარე  ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი და ეკატერინე მიქელაძე, არიან სამი საეტაპო ქალი ქართული კულტურის განვითარებაში. თუ ჩვენ მოვახერხებთ და დავწერთ ამ სამი ქალის სრულფასოვან ისტორიას, მივიღებთ საქართველოს ისტორიას მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე, მთელი თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ფაქტებით. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დრამატული ბედის მქონე სამი ქალის ისტორია და პრინციპში ეს არის საქართველოს ისტორია. ცირა ყურაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქალებზე ცოტაა დაწერილი და ქალებზე ტყუილებია დაწერილი“, ამ სამ ქალზე ნამდვილად ვრცელდება ეს ფრაზა და იმ ქალებზეც, ვინც ამ 50 ქალში შევიდა. ისტორიის ხელახალი გადააზრება და ხელახალი დაწერა არის სავალდებულო საქმე ყველა ეპოქაში,“- განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა, როდესაც მან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აარჩიეს ეს სამი ქალი ლიტერატურული საღამოსთვის.

ტექსტების კითხვა დათო გაბუნიამ დაიწყო ბარბარე ჯორჯაძის წერილით,  „ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ.“

„რომ გვინდოდა ამორჩევა, თუ რომელ ტექსტს წავიკითხავდით, ვთქვით, რომ ჩვენი ფემინისტების წრეში ეს ტექსტი ცნობილ ტექსტად ითვლება. აღმოვაჩინეთ, რომ ეს ძალიან ვიწრო წრეში ფართოდ პოპულარული ტექსტია და კარგად ფართო საზოგადოება არ იცნობს. ერთ-ერთი ფუძემდებლური ტექსტია ქართული ფემინისტური აზროვნებისთვის,“-განაცხადა დათო გაბუნიამ.

ლელა გაფრინდაშვილის სიტყვებით, ბარბარე ჯორჯაძე იყო პირველი ქალი პოლემისტი, პოეტი და დრამატურგი, რომელმაც ქალური თემები შეიტანა დრამატურგიაში. მან დაწერა პიესა, სადაც პირველად გამოჩნდა ხანუმა, როგორც მაჭანკალი. გაფრინდაშვილის თქმით, ჯორჯაძის დაწერილი სამზარეულოს წიგნიც, რომელსაც კულტურის მკვლევარები ქილიკით იხსენიებენ, არის საინტერესო: „სამზარეულოს წიგნიც, როგორც არტეფაქტი, არის საინტერესო, რომელსაც აინტერესებს ქართული კულტურა,“- განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა. მისი თანამონაწილეობთ შეიქმნა პროექტი „50 ქალი საქართველოდან.“

ეკატერინე გაბაშვილი არის ადამიანი, რომელმაც პირველმა აღძრა საზოგადოებაში საკითხი ქალებისთვის განათლების მინიჭებისა. გაფრინდაშვილის თქმით, 9 შვილის პირობებში ჯორჯაძე ახერხებდა იმ პერიოდის საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას. ბარბარე ჯორჯაძე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, რომელმაც საქართველოში ქალების განათლებას განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო.

სწორედ ქალთა განათლების თემაზე 1897 წელს დაწერილი გამოუქვეყნებელი წერილი წაიკითხეს, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში ხელნაწერის სახით ინახება.  მაშინ, თბილისისა და თელავის ბანკებს უნდა გაენაწილებინათ ფული ახალგაზრდების განათლებაზე. ფულის განაწილებას მიეძღვნა ეკატერინე გაბაშვილის წერილი, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ ქალებისა და ვაჟების განათლებისთვის ფული თანაბრად უნდა გაყოფილიყო.

ეკატერინე მიქელაძე, ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც განათლება ევროპაში მიიღო, იყო ბევრად უფრო კონტრკულტურული, ვიდრე ბარბარე ჯორჯაძე და ეკატერინე გაბაშვილი. ევროპაში მიღებული განათლების წყალობით, ეკატერინე მიქელაძემ ფრანგი ფემინისტები და მოაზროვნეები გაიცნო და ბევრად უფრო არაპოლიტკორექტული და კონტრკულტურული იყო, ვიდრე  ბარბარე ჯორჯაძე და ეკატერინე გაბაშვილი.

ლიტერატურულ საღამოზე ეკა აღდომელაშვილმა წაიკითხა ეკატერინე მიქელაძის წერილი ეკატერინე გაბაშვილისადმი, რომელიც 1918 წლით თარიღდება.

ლიტერატული საღამოს მეორე ნაწილში ქართველმა ავტორებმა- შოთა იათაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, გიორგი ლობჟანიძემ, პაატა შამუგიამ, ირაკლი კაკაბაძემ ქართველი ქალი პოეტების, მარიჯანის, ელენე დარიანის, საფო მგელაძის ლექსები წაიკითხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი