ხელოვნება

საუბრები Pink Floyd-ზე

24 სექტემბერი, 2013 • 2706
საუბრები Pink Floyd-ზე

ბოიდმა ეს იმით ახსნა, რომ 1960-იანი წლების როკ-მუსიკასა და ლონდონის ცხოვრებაზე სიდ ბარეტმა დიდი გავლენა მოახდინა. მისი თქმით, ბარეტმა დაწერა „Pink Floyd”-ის პირველი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები „Arnold Layne”, რომელშიც მისი, როგორც მუსიკოსის თვითმყოფადობა იგრძნობოდა. ამ სინგლმა ჯგუფს პირველი აღიარება მოუტანა.

ჯო ბოიდი
ჯო ბოიდი

„სიდ ბარეტი მღეროდა ისე, როგორც ლაპარაკობდა. ის არ ცდილობდა, მისი ბგერები ყოფილიყო ამერიკული, არც აფრიკული ჟღერადობის მქონე, არც მაგარ ტიპობას ცდილობდა. სიდი მღეროდა ისე, როგორც დისი იმღერებდა,” – განმარტა ჯო ბოიდმა და დასძინა, რომ დევიდ გილმორის ლონდონში გამართულ კონცერტზე, რომელშიც დევიდ ბოუიც მონაწილეობდა, ბოუიმ ისურვა, რომ „Arnold Layne” შეესრულებინა, რადგან მისი მუსიკალური გემოვნება სიდის სიმღერამ შეცვალა.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ლონდონის ანდერგრაუნდის ფსიქოდელიურ სიმღერაზე, შეშლილ ხალხზე, ბევრ ნარკოტიკსა და უსაზღვრო თავისუფლებაზე, მაგრამ ლონდონის ანდერგრაუნდის მუსიკა სიდ ბარეტის გარშემო ტრიალებდა. სიდ ბარეტი რომ არ ყოფილიყო და მისი ადგილი სხვა სოციალურ და კულტურული ფაქტორებს დაეკავებინა, ეს ფსიქოდელიური მუსიკა მუსიკალურ სამყაროში ძალიან მცირე ადგილს დაიჭერდა. ის იყო გენიოსი, ბუნებრივი, და ხალხზე ახდენდა გავლენას,“ – თქვა ჯო ბოიდმა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც 1965 წელს ჩამოაყალიბეს ჯგუფი „Tea Set”, რომელიც შემდგომში „Pink Floyd“-ის სახელით გაიცნო მსოფლიომ, ჯო ბოიდი 1966 წლის ზაფხულში შეხვდა. ჯგუფის წევრები ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის, „London Free School”-ის მიერ გამართულ კონცერტზე გამოვიდნენ, რომლის პროდიუსერიც ჯო ბოიდი იყო.

 

“London Free School” ფულის მოსაზიდად მუდმივად მართავდა კონცერტებს. ამ ორგანიზაციის წევრი კი იცნობდა სტუდენტებს, რომლებსაც სცენაზე დადგომა სურდათ. „Pink Floyd”-ს მაშინ ოთხი წევრი ჰყავდა: სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი. ბოიდის თქმით, როცა ის ბიჭებს შეხვდა, სიდ ბარეტს „Arnold Layne” უკვე შექმნილი ჰქონდა.

 

ბოიდი იხსენებს, რომ სიმღერის ტექსტი ბარეტის ბავშვობისდროინდელ ისტორიაზეა შექნილი: კემბრიჯში მცხოვრებ ბარეტის ოჯახს რამდენიმე ოთახი სტუდენტ გოგონებზე ჰქონდა მიქირავებული, რომლებიც ყოველ ღამე კარგავდნენ გაფენილ საცვლებს. საბოლოოდ პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც მათ საცვლებს იპარავდა. სიდის სიმღერაც სწორედ იმ მამაკაცზეა, რომელიც ქალების საცვლებს იპარავს. ბოიდის თქმით, სიდს შეეძლო ბავშვობაში განცდილი მცირე დეტალიდან განზოგადებული რამ შეექმნა.

ბოიდის თქმით, Floyd-ის წევრებმა, როცა ჯგუფი შექმნეს, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ბლუზ- ბენდი შეექმნათ. სიდ ბარეტს ჰქონდა ჩანაწერი Blind Boy Fuller, რომელშიც ორი ბლუზ- მომღერალი, Pink Anderson და Floyd Councel წავიდოდნენ სამხრეთ კაროლინაში. სწორედ ამ გმირების სახელის მიხედვით უწოდეს ჯგუფს Pink Floyd.

 

ბოიდის თქმით, მან ჯგუფთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავა. პირველი იყო ის, რომ 1966 წელს ლონდონში მის მიერ დაარსებულ UFO Club-ში მიიყვანა ჯგუფის წევრები, სადაც ისინი უკრავდნენ. კლუბმა 9 თვე იარსება, რადგან ცუდი რეპუტაცია შეიძინა და პოლიციისა და სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა. Pink Floyd-მა UFO Club-ში რამდენიმე კონცერტი გამართა. მეორე თანამშრომლობა კი სინგლის, Arnold Layne ჩაწერა იყო, რომელიც ჯო ბოიდის პროდიუსერობით ერთ ღამეში ჩაწერა ჯგუფმა. 

 

“შევთანხმდით, რომ Arnold Layne პირველი სინგლი იქნებოდა და ამ დისკის ორივე მხარე ერთ ღამეში ჩავწერეთ. შემდეგ საღამოს მიქსი გავაკეთეთ,“- განაცხადა ჯო ბოიდმა.

 

ბოიდმა ისიც თქვა, რომ სიდ ბარეტის მიერ დაწერილი ხუთი სიმღერა დაიკარგა, რომელიც მას არ უნდოდა თავის ალბომში შეეტანა. იმ პერიოდისთვის ბოიდი თანამშრომლობდა ერთ-ერთ ბენდთან, რომელიც ეძებდა სიმღერებს ჩასაწერად. ბოიდს უკითხავს ბარეტისთვის, ხომ არ ჰქონდა მას ზედმეტი სიმღერა, რომლის გამოყენებას არ აპირებდა. ბარეტმა მას კასეტა მისცა, რომელზეც მისი ხუთი სიმღერა იყო ჩაწერილი. ბოიდის თქმით, ბენდს სიმღერები არ გამოუყენებია, თუმცა კასეტა დაეკარგა.

ბოიდის ამბობს, რომ 1966 წლის შემდეგ Floyd-თან არ უთანამშრომლია, რადგან მათ ახალი წარმატებები ელოდათ. ჯგუფთან კონტრაქტი ხმის ჩამწერმა სტუდიამ EMI-მ დადო.

 

ჯო ბოიდი
ჯო ბოიდი

„EMI შეპირდა მათ, რომ მისცემდა სავარჯიშო სივრცეს, მაგრამ მოთხოვნა ჰქონდათ, რომ ყველგან EMI-ს პროდიუსერებსა და პერსონალს გამოიყენებდნენ შემდგომი სინგლების ჩასაწერად. ჩემი მათთან ურთიერთობა საკმაოდ მოკლევადიანი იყო. ძალიან კარგად ვმუშაობდი მათთან. სიდი ძალიან შემოქმედებითი იყო, როჯერი სულ ლაპარაკობდა. ძალიან მრცხვენია, რომ მეტად ვერ ვითანამშრომლე.”

 

ბოიდის თქმით, „Pink Floyd“-ს მეხუთე წევრი დევიდ გილმორი სწორედ ამ პერიოდში დაემატა. სიდი ჯერ კიდევ „UFO Club”-ში გამოსვლის დროს იღებდა “ელესდეს”, რამაც მისი ჯანმრთელობა დაანგრია და ბარეტი უკვე სანდო აღარ იყო ჯგუფის წევრებისთვის. სცენაზე გამოსვლისას დაკვრა ავიწყდებოდა, რის გამოც დევიდ გილმორი დაზღვევისთვის მის უკან იდგა ხოლმე. მას შემდეგაც კი, რაც ბარეტმა Pink Floyd დატოვა, მისი გავლენა ჯგუფის წევრებზე მაინც დიდი იყო.

„ყველა ცნობილი ალბომი სიდ ბარეტის შემდეგ დაიწერა, მაგრამ ისინი ცდილობდნენ, რომ ჟღერადობით სიდ ბარეტს დამსგავსებოდნენ,”- ამბობს ჯო ბოიდი.

 

მისი თქმით, Pink Floyd-ის წევრებთან 1966 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლა, როცა 2006 წელს, სიდ ბარეტის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მის საპატივცემულოდ კონცერტი მოაწყვეს. შოუს, რომელზეც სიდ ბარეტის მეგობრები გამოდიოდნენ, ჯო ბოუდი უწევდა პროდიუსერობას.

 

Pink Floyd-ის ყოფილი წევრი როჯერ უოტერსი ერთადერთი მომღერალი იყო კონცერტზე, რომელმაც ბარეტის სიმღერა არ იმღერა, ხოლო ნიკ მეისონმა და დევიდ გილმორმა კონცერტის ბოლოს Arnold Layne შეასრულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი